თელ-ავივის ჩრდილოეთ ნაწილში, პინხას როზენის ქუჩაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 9 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ მედია იუწყება.
ერთ-ერთი დაზარალებულის – 46 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა, კიდევ ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს საშუალო სიმძიმის ტრავმებით.
თვითმხილველთა თქმით, მოულოდნელად ავტომობილი პიკაპი მოძრაობის ზოლიდან გადავიდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. თავიდან შემთხვევა საავტომობილო ავარია ეგონათ, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სათვალთვალო კამერების ვიდეოებზე ჩანს, როგორ გადადის მაღალი სიჩქარით მოძრავი პიკაპი ტროტუარზე და ველობილიკზე სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს, სადაც, სულ ცოტა, 2 ადამიანს ეჯახება; შემდეგ პიკაპის ფანჯრიდან გადმოდის მძღოლი, დანით თავს ესხმის ერთ ადამიანს კაფეში, ჭრილობას აყენებს და დანით ხელში სხვა ადამიანებს მისდევს.
თავდამსხმელი ერთ-ერთმა თვითმხილველმა, შეიარაღებულმა სამოქალაქო პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა.
პოლიციის ცნობით, ტერაქტისას, სულ ცოტა, 9 ადამიანი დაშავდა, მათგან ზოგს დანით აქვს მიყენებული ჭრილობები.
თავდამსხმელი, 23 წლის პალესტინელი იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებია. თელ-ავივის პოლიციაში განაცხადეს, რომ იგი ისრაელში სამკურნალოდ იმყოფებოდა – ყოველ შემთხვევაში, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შესვლისთვის მან ეს მიზეზი დაასახელა.
პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ თავდამსხმელი მათი წევრი იყო და მან ისრაელის კომერციულ დედაქალაქში ტერაქტი განახორციელა ქალაქ ჯენინში მიმდინარე ისრაელის სამხედრო რეიდის საპასუხოდ, რომლის დროსაც პალესტინელები დაიღუპნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, სულ ცოტა, 5 ადამიანი დიიღუპა და 27 დაშავდა, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო კი 7 დაღუპულს აცხადებს. „ჰამასის“ განცხადებით, ორშაბათს მომხდარი თავდასხმა პირველი პასუხია ისრაელის მიერ ჯენინში დაწყებული სამხედრო რეიდის გამო.
როგორც მედია წერს, ისრაელისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის, რომ ჯენინში დაწყებულ ოპერაციას პალესტინელების მხრიდან ტერაქტები მოჰყვებოდა.
תל אביב רחוב פנחס רוזן
פיגוע משולב ירי ודריסה pic.twitter.com/DvUDzl3cu1— mikele (@mikele77777777) July 4, 2023
ნინო ხოშტარია
კომენტარები