მიცოტაკისმა პრემიერ-მინისტრის რანგში ფიცი დადო, საბერძნეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა გამოცხადდა (ვიდეო)
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის, „ნეა დიმოკრატიას“ ლიდერმა კირიაკოს მიცოტაკისმა 26 ივნისს ფიცი დადო, როგორც ახალი მთავრობის მეთაურმა, რომ დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციას და კანონებს და ბერძენი ხალხის სამსახურში იქნება.
ცერემონია ERT1-ზე გადაიცემოდა.
ფიცის დადების დროს მიცოტაკისმა ხელი სახარებას დაადო და თქვა: „ვფიცავ წმინდა, ერთარს და განუყოფელ სამებას, რომ დავიცავ ქვეყნის კონსტიტუციას და კანონებს და ბერძენი ხალხის ინტერესებს მოვემსახურები“.
ცერემონია ათენში, საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა და მას საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუც ესწრებოდა. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს მეთაურის აქტების წიგნში ხელმოწერა გააკეთა.
ფიცის დადებამდე პრეზიდენტმა მიცოტაკისს ახალი მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა. ორშაბათს გვიან საღამოს ახალი მთავრობის შემადგენლობა გამოცხადდა.
მინისტრების და მათი მოადგილეების ვინაობა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: cnn.gr/politiki/story
ახალი მთავრობა ფიცს ხვალ, სამშაბათს დადებს, ხოლო ოთხშაბათს პირველ სხდომას გამართავს. ხუთშაბათს მიცოტაკისი ევროკავშირის სამიტზე გაემართება.
„ნეა დიმოკრატიას“ („ახალი დემოკრატია“) ახალი მოწვევის პარლამენტში 158 წევრი ჰყავს 300-იდან – მან ხმების 40,55% აიღო (ბიულეტენების 99,7 პროცენტის დათვლის შემდეგ) და დამოუკიდებლად შეუძლია მთავრობის ფორმირება.
კომენტარები