ჯანმრთელობარჩევები

გგონიათ, ბანანს სწორად მიირთმევთ? – ნახეთ, რას გვირჩევენ მეცნიერები

ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა როდესაც ბანანს მიირთმევს, კანთან ერთად ძაფის მსგავს ბოჭკოებსაც აშორებს რბილობს, მაგრამ მეცნიერები გვირჩევენ, მათი მოშორება არ ვიჩქაროთ. ამის შესახებ IFL Science-ი წერს.

საქმე ისაა, რომ მკვლევართა განმარტებით, მეცნიერებაში ფლოემის კონების სახელით ცნობილი ეს ძაფები (ბოჭკოები) ძალიან სასარგებლოა და მნიშვნელოვანი კვებითი თვისებები აქვს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ერთი საშუალო ბანანი სულ რაღაც 100 კალორიას შეიცავს. ნაყოფი მდიდარია ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორიცაა: უჯრედისი, კალიუმი, ვიტამინი B6, ვიტამინი C, მაგნიუმი, მანგანუმი და სხვადასხვა ანტიოქსიდანტი.

ეს უცნაური ძაფები, ანუ ფლოემის კონები, თურმე ნუ იტყვით და, ბანანის შიდა წყალმომარაგების სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ხდება შაქრისა და ფოტოსინთეზის სხვა პროდუქტების გადატანა. ეს ერთგვარი „მილები“ საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რათა თავისი მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულოს, ამიტომ ფლოემის კონები უფრო მაგარია, ვიდრე ბანანის რბილობი.

როგორც BerkleyRD-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლას გილიტი განმარტავს, ფლოემის კონებზე სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბოჭკოები სასარგებლო ფერმენტების გადასატანადაა განკუთვნილი, მას ნამდვილად აქვს ბანანის რბილობისგან განსხვავებული შემადგენლობა.

„სავარაუდოდ, ისინი ბოჭკოს უფრო მრავალფეროვან ტიპებსა და სტრუქტურულ კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც მათი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. ამის გამო მათ, დიდი ალბათობით, განსხვავებული კვებითი პროფილი ექნება ადამიანებისთვის“, – განაცხადა გილიტმა.

როგორც IFL Science წერს, იგივე ითქმის ბანანის კანზეც, რომელიც მართალია, მაგარია და თანაც მწარე, მაგრამ საკვებად ვარგისია და სასარგებლოცაა, რადგან მასში უხვად შედის ადამიანისთვის აუცილებელი რამდენიმე საკვანძო ელემენტი.

ბანანის კანს თუ არ (ვერ) შევჭამთ, ექსპერტები გვირჩევენ, მაინც არ გადავაგდოთ, არამედ ორი-სამი დღით წყალში მოვათავსოთ, რათა მისი სასარგებლო ნივთიერებებით წყალი გამდიდრდეს. ამგვარად მიღებული ხსნარი საუკეთესო იქნება ოთახის ყვავილების მოსარწყავად, რომლებიც საკვებ ნივთიერებებს მიიღებენ.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close