ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მეათედ მოიპოვა და პარიზი-2024-ზე საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს
ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა სპორტსმენმა, ტყვიის სროლაში ოლიმპიური თამაშების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის საგზური მეათედ მოიპოვა.
სალუქვაძემ პარიზი-2024-ის სალიცენზიო ნორმატივი პოლონეთში გამართულ მესამე ევროპულ თამაშებზე შეასრულა, სადაც სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
54 წლის ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა, მომავალ წელს მეათედ იასპარეზებს და საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.
ნინო სალუქვაძე ოლიმპიური ჩემპიონი სეულის ოლიმპიადაზე გახდა 1988 წელს, 19 წლის ასაკში. სეულში იგი ოქროსა (25 მ) და ვერცხლის (10 მ) მედლებს დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი (10 მ) კი პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა 2008 წელს.
აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე და მისი ვაჟი – ცოტნე მაჭავარიანი იყვნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს 2016 წელს (რიო დე ჟანეიროში, ბრაზილია).
კომენტარები