პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები – 300 მანდატს 8 პარტია გადაინაწილებს

„ნეა დიმოკრატიამ“ მთავრობის ფორმირებისთვის მანდატების საკმარისი რაოდენობა მოაგროვა, პრემიერ-მინისტრი ისევ მიცოტაკისი იქნება

საბერძნეთში 25 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სახელისუფლებო პარტია „ნეა დიმოკრატიამ“ გაიმარჯვა, რაც მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

ბიულეტენების 97%-ის დათვლის შემდეგ კონსერვატორებს 40,5 პროცენტი აქვთ.

„ნეა დიმოკრატიას“ ლიდერმა, მოქმედმა (და უკვე მომავალმაც) პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა თავის თანაპარტიელებს გამარჯვება და „ძლიერი მანდატის“ მიღება მიულოცა ქვეყანაში „გარდაქმნებისთვის“. გამარჯვებისთვის მიძღვნილ თავის სიტყვაში იგი ბერძნებს „დიდ ცვლილებებს“ დაჰპირდა: „ხელფასის მომატებას“, „ეკონომიკის სწრაფი ზრდის უზრუნველყოფას“, აგრეთვე, პირობა დადო, რომ საბერძნეთი „ეფექტიანად ფუნქციონირებადი სახელმწიფო“ და „ევროპის საიმედო პარტნიორი“ გახდება.

კონსერვატიული „ნეა დიმოკრატიას“ მთავარმა კონკურენტმა, ოპოზიციურმა მემარცხენე პარტია „სირიზამ“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის ხელმძღვანელობით მეორე ადგილი დაიკავა 17.8%-ით (მაისის არჩევნებში „სირიზამ“ 20% მიიღო).

ციპრასმა განაცხადა, რომ „არჩევნების შედეგები შეიძლება დავახასიათოთ, როგორც უარყოფითი საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის“. მან საკუთარ პარტიაში „საკადრო წმენდა“ იწინასწარმეტყველა და დასძინა, რომ მზად არის „პარტიული სასამართლოს“ წინაშე წარდგეს. შესაძლოა ამ დამარცხების შემდეგ ციპრასი ლიდერობას დაემშვიდობოს.

სოციალისტურმა გაერთიანება „პასოკმა“ ამომრჩეველთა ხმების 11,8% მიიღო.

საბერძნეთის პარლამენტში კომუნისტებიც შედიან 7,67%-ით.

3%-იანი ზღვარი ამჯერად 8 პარტიამ გადალახა, შესაბამისად, საბერძნეთის ახალი მოწვევის პარლამენტში 8 პარტია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის არის ახალი პარტია „სპარტელები“ (4,68%). ბერძენი ულტრამემარჯვენეებისთვის ეს ისტორიული შედეგია.

მაისში გამართულ არჩევნებზე მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმები ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოაგროვა. მიზანთან ყველაზე ახლოს „ნეა დიმოკრატია“ იყო 40,79%-ით (146 ადგილი 300-მანდატიან პარლამენტში), თუმცა მიცოტაკისმა უარი თქვა კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე. მაშინ ყველაზე უკეთესი შედეგის მქონე პარტიისთვის ავტომატურად 20 ადგილის დამატების წესი არ მოქმედებდა.

ახალი კანონით, გამარჯვებული პარტია ავტომატურად იღებს დამატებით 20 ადგილს, შესაბამისად, „ნეა დიმოკრატიას“ 158 მანდატი ექნება და მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად შეძლებს, კოალიციის გარეშე. „სირიზა“ 47 მანდატს იღებს, ΠΑΣΟΚ-ი – 34 მანდატს, ხოლო კომუნისტურ პარტიას (ΚΚΕ ) უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 20 დეპუტატი ეყოლება.

სენსაციური შედეგია ულტრამემარჯვენე „სპარტელების“ შედეგი, რომელსაც „ხრისი ავღის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ილიას კასიდარისი უჭერს მხარს – პარტიამ 4,68%-თ პარლამენტში 13 ადგილი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ კასიდარისი ულტრამემარჯვენე, ნეოფაშისტური „ხრისი ავღის“/„ოქროს განთიადის“ რანგით მეორე წევრი იყო, მას სასამართლომ 2020 წელს 13 წელი მიუსაჯა პავლოს ფისასის მკვლელობისთვის 2013 წ.; „ხრისი ავღი“ საბერძნეთში დანაშაულებრივ ორგანიზაციადაა აღიარებული).

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close