UFC-ს დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ მე-14 ბრძოლა ბრწყინვალედ მოიგო (ვიდეო)
ქართველ მებრძოლს დარბაზში თავად ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი გულშემატკივრობდა
ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ (13-0) UFC-ში მეექვსე ჩხუბი ჯოშ ემეტის (18-3) წინააღმდეგ გამართა და კარიერაში მე-14 გამარჯვება იზეიმა. თოფურიამ მეტოქეს ხუთივე რაუნდში აჯობა.
26 წლის ქართველი მებრძოლი 38 წლის ჯოშ ემეტს ჯეკსონვილში (ფლორიდის შტატი, აშშ), VyStar -ის მემორიალურ არენაზე შაბათს დაუპირისპირდა (საქართველოს დროით კვირას, 25 ივნისს გამთენიისას). ილია ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-9 პოზიციაზეა, ემეტი – მეხუთეზე.
თოფურიამ თავის კარიერაში მე-14, ხოლო UFC-ში ზედიზედ მეექვსე ბრძოლა მოიგო, ემეტმა კი მე-4 შეხვედრა წააგო და 18 აქვს მოგებული. 14-იდან ილიას 4 ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული. ემეტთან მან მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამ ბრძოლაში ქართველი სპორტსმენის მხარდასაჭერად დარბაზში თავად ლეგენდარული ესპანელი მცველი სერხიო რამოსი იმყოფებოდა თავის მომხიბლავ მეუღლესთან, პილარ რუბიოსთან ერთად. სერხიო რამოსი ილიას დიდი გულშემატკივარია.
მედია წერს, რომ ბევრი კითხულობს, რატომ გულშემატკივრობენ ილია თოფურიას ესპანური ფეხბურთის გრანდები – სერხიო რამოსი და ფერან ტორესი, ხომ არ არის იგი ესპანელი? ილიას ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საქართველოს და ესპანეთის, თუმცა ემეტთან ბრძოლაში საქართველოს დროშით გამოდიოდა. ფსევდონიმი „ელ მატადორი“/ ‘El Matador’ მან სწორედ ესპანური გავლენით აიღო.
ილია თოფურია გერმანიაში, Halle Westfalen-ში დაიბადა ქართულ ოჯახში. 7 წლის ასაკში იგი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, სადაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დაიწყო ვარჯიში და მებრძოლის საბაზო ცოდნა და უნარები მიიღო.
შემდეგ თოფურიების ოჯახი ესპანეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ალიკანტეში გადავიდნენ საცხოვრებლად. მაშინ ილია 15 წლის იყო.
სწორედ ალიკანტეში დაიწყო ილიამ ვარჯიში ММА Climent Club-ის დარბაზში, სადაც დღემდე ვარჯიშობს. ამ ბრძოლისთვის კი თოფურია ბოლოს Kill Cliff FC-ში მოემზადა, ფლორიდაში.
ამიტომ ილიას ქართველები და ესპანელები ერთნაირად გულშემატკივრობენ და მათ შორის არის სერხიო რამოსიც.
სერხიო რამოსი ინსტაგრამზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც იგი ილიას ხვდება. ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთელს ინსტაგრამზე 59.1 მილიონი გამომწერი ჰყავს.
This is cool. https://t.co/Mk8d4vhp2S
— Luke Thomas🏋️♀️ (@lthomasnews) June 24, 2023
ნუცა ყაველაშვილი
p. s. შეგახსენებთ, რომ UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი თავის წონაში რეიტინგის პირველი ნომერია.
კომენტარები