მსოფლიოnews

საფრანგეთში 2002 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა (ვიდეო)

საფრანგეთში „ძალიან ძლიერი“, 5,3-იდან 5,8-მდე (რიხტერის სკალით, სხვადასხვა სეისმური სამსახურის შეფასებით) მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა პარასკევს, 16 ივნისს. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.

მიწისძვრის ეპიცენტრი საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, შარანტ-მარიტიმის პრეფექტურაში მდებარეობდა, მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ბიძგები საფრანგეთის დასავლეთით მდებარე რამდენიმე დეპარტამენტში იგრძნობოდა სხვადასხვა ქალაქში, პარიზამდეც კი.

საფრანგეთის ცენტრალურმა სეისმოლოგიურმა ბიურომ დაადასტურა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდა იყო. ეკოლოგიური გარდაქმნებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის, კრისტოფ ბეშიუს თქმით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ქვეყანაში 2002 წლის შემდეგ მოხდა და „ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც მეტროპოლიის ტერიტორიაზე დაფიქსირდა“, –  ამის შესახებ მინისტრმა ტვიტერში დაწერა.

მისივე თქმით, ერთ მსუბუქად დაშავებულ მოქალაქეს აღმოუჩინა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დახმარება, დაფიქსირდა კლდეებიდან ქვების ჩამოცვენის და ნაპრალების გაჩენის არაერთი შემთხვევა.

დე-სევღის (Deux-Sèvres) პრეფექტურამ დაადასტურა, რომ 18:38 საათზე 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მისივე ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ნიორიდან (Niort) სამხრეთ-დასავლეთით, 28 კილომეტრში მდებარეობდა, ლა როშელსა და ნიორს შორის, თითქმის შუა გზაზე.

„ამ დროისთვის ერთი მსუბუქად დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. უამრავი მატერიალური ზარალი დაფიქსირდა დე-სევღის დეპარტამენტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში”, – ვკითხულობთ პრეფექტურის პრესრელიზში.

შარანტ-მარიტიმში (Charente-Maritime) მიწისძვრის გამო 1100 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
შარანტ-მარიტიმის პრეფექტურამ, თავის მხრივ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეფექტურაში მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ მიწისძვრას „ბევრი მატერიალური ზიანი მოჰყვა, როგორიცაა ბზარები შენობებზე“.

„ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა 1100 სახლი, დაზიანებულია მაღალი ძაბვის ხაზი“, – განაცხადეს პრეფექტურაში.

ზომიერი სეისმურობის ზონა

საფრანგეთის კონტინეტურ ნაწილში იშვიათად ხდება 5 ან 5-ზე მეტი მაგნიტუდის მიწისძვრები.
წინა ძლიერი, 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 2019 წელს დრომში მოხდა, თუმცა მიწა რეგულარულად „ზანზარებს“ ბრეტანიდან ახალ აკვიტანიამდე. ამ რეგიონში 6 დეპარტამენტი „ზომიერი სეისმურობის ზონას“ განეკუთვნება.

დაკვირვების წარმოების პერიოდში საფრანგეთის კონტინენტურ ნაწილში ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 1909 წელს ლამბესკში (ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტი, პროვანსის რეგიონი) მოხდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close