ეკონომიკასაქართველო

საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება

საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, რადგან ავტომობილებს აცლიან კატალიზატორებს და შემდეგ უცხოეთში ყიდიან და ეს პრობლემის მთავარი გამომწვევია.

„უკვე ექვსი წელია, ჩვენ საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება სისტემატურად. ასევე, ჩვენ დავგეგმეთ სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის გაუმართავი ავტომობილები. რიგ შემთხვევაში, ვიცით ამის თაობაზე, რომ ერთგვარ ბიზნესად არის გადაქცეული ე.წ. კატალიზატორების საკითხი. ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ გამოვცემთ ცალკე დადგენილებას და აიკრძალება ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა, რადგან სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორს და შემდეგ ყიდიან უცხოეთში. ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მალე შედეგი გვექნება, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ. პარალელურად, გარემოს ეროვნული სააგენტო სისტემატურად დაიწყებს ხარისხის შემოწმებას, ასევე ავტომობილების. უკვე მიმდინარე წლიდან ჩვენ დავიწყებთ თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს გზებზე, სპეციალური აპარატურის საშუალებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ცნობილია, კატალიზატორებში ცალკეული ძვირფასი და იშვიათი მეტალები გამოიყენება, როგორიცაა: პალადიუმი, პლატინა და როდიუმი, რომელთა ფასი საკმაოდ მაღალია, ამის გამო ავტომობილებიდან კატალზატორებს ხსნიან და ყიდიან. ზოგს ეს საქმიანობა ბიზნესადაც  აქვს ქცეული – კატალიზატორებს შეისყიდიან და, ძირითადად, უცხოეთში გააქვთ გასაყიდად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close