თურქეთის ხელისუფლება გეგმავს, სტამბოლში 1,5 მილიონი საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობა გამოასახლოს. ინფორმაციას rusturkey.com ავრცელებს.
საუბარია 17 მილიონ ადამიანზე. განსახლების პროცესი 5 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ, დასკვნის თანახმად, არსებობს საფრთხე, ამ შენობებმა 7,0 მაგნიტუდაზე ძლიერ მიწისძვრას ვერ გაუძლოს და ჩამოინგრეს.
თურქეთის ეკოლოგიისა და ქალაქმშენებლობის მინისტრის, მურატ ქურუმის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიის 70% სეისმურად საშიშ ზონებში მდებარეობს, სტამბოლი კი ერთ-ერთ ასეთ რისკის შემცველ ტერიტორიას წარმოადგენს.
მთავრობის გეგმის თანახმად, ქალაქის ევროპულ და აზიურ ნაწილებში 500 ათასი ახალი სახლი აშენდება, იმდენივე – ძველი ნაგებობების ადგილზე.
ქურუმის განცხადებით, გადასახლების გეგმა ითვალისწინებს არსებულ სატრანსპორტო ლოჯისტიკას. დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისაუბრებს.
თურქი სეისმოლოგების განცხადებით, სტამბოლში შესაძლოა 7.0-7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდეს, რაც 90 ათასი შენობის ჩამონგრევას და 260 ნაგებობის ისეთ დაზიანებას გამოიწვევს, რომლის შემდეგაც მათი ექსპლუატაცია შეუძლებელი იქნება. სტიქიური უბედურების შემთხვევაში დროებითი საცხოვრებელი სტამბოლის 4,5 მილიონზე მეტ მოსახლეს დასჭირდება.
გეგმის ღირებულება ამ ეტაპზე არ სახელდება.
წყარო: business-partner.ge
სტამბოლი ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური დედაქალაქია, სადაც 20 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრს კარგად ახსოვს მეგაპოლისის ისტორიაში ბოლო ძლიერი კატაკლიზმის სამწუხარო შედეგები, რომელიც ქ. იზმითში, სტამბოლიდან სამხრეთით, დაახლ. 90 კმ-ის დაშორებით მოხდა 1999 წლის 17 აგვისტოს. 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრამ 17 ათასზე მეტი (სხვა წყაროებით – 40 ათასამდე) ადამიანი შეიწირა, მათ შორის, ათასი სტამბოლელი. 600 ათასამდე ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
ამ კატაკლიზმიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნამდვილი მიზიდულობის ცენტრი გახდა ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოდან სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის გამო. მათ უმეტესობას არ აინტერესებდა ის ფაქტი, რომ დედამიწის ქერქის რღვევის აქტიური ხაზი მეგაპოლისის სამხრეთ კიდეზე გადის.
სიტუაცია შეიცვალა 2023 წლის 6 თებერვლის უძლიერესი მიწისძვრების შემდეგ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან, რომლებმაც მთელი ქალაქები ნანგრევებად აქცია. სტამბოლელები მიხვდნენ, რომ დაუცველები არიან და უარესისთვის მზადება დაიწყეს.
ექსპერტების პროგნოზებს ქალაქის მომავალთან დაკავშირებით იმედის მომცემს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. კერძოდ, ქვეყნის წამყვანი სეისმოლოგები და გეოლოგები სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვარაუდობენ, რომ მეგაპოლისის პერსპექტივები სანუგეშო არ არის და ღიად ამბობენ, რომ ძალიან გაოცებულები დარჩებიან, თუ უახლოეს 20 წლის განმავლობაში სტამბოლში ან მეგაპოლისის შემოგარენში მძლავრი მიწისძვრა არ მოხდება. კატაკლიზმის ალბათობა, მათი მტკიცებით, უკიდურესად მაღალია.
დედამიწის ქერქის ორ მძლავრ რღვევის (ჩრდილოანატოლიური და აღმოსავლეთ ანატოლიური) ხაზზე მდებარე თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ზონაა, სტამბოლი კი – მიწისძვრის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მეგაპოლისი ჩვენს პლანეტაზე.
ნინო ხოშტარია
კომენტარები