გერმანიაში რძის პროდუქტები გაიაფდა. Discounter Aldi-მ ოთხშაბათს, 7 ივნისს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამცირა ფასები 50-ზე მეტი სახეობის რძის პროდუქტებზე – რა თქმა უნდა, საუბარია არა ერთჯერად აქციაზე, არამედ მუდმივ ფასებზე. რამდენადაც Aldi, როგორც წესი, ტონის მიმცემია გერმანიის სუპერმარკეტების ძალზე კონკურენტულ ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ ფასების გაიაფებას „ალდის“ კვალდაკვალ საცალო ვაჭრობის სხვა გიგანტებიც დაიწყებენ. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
2022 წელს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდული ინფლაციის პირობებში, გერმანიაში სუპერმარკეტები პროდუქციას ფასებს მხოლოდ უმატებდნენ და უმატებდნენ, მაგრამ თუ ახლა რძე, იოგურტი ან ხაჭო ლიდერმა 9„ალდიმ“) 15%-ით გააიაფა, დანარჩენებსაც მოუწევთ ამ პროდუქტების ფასების შემცირება. „ალდიში“ ლიტრი რძე ახლა 1,15 ევროს ნაცვლად 0,99 ევრო ღირს, 20%-იანი ცხიმიანობის ხაჭოს 250-გრამიან კოლოფში არა 0,99 ევრო, არამედ 0,85 ევრო უნდა გადაიხადოთ. Kaufland-ის ქსელმაც (რომელიც „ლიდლს“ ეკუთვნის) განაცხადა, რომ ოთხშაბათიდან 350-ზე მეტი დასახელების რძის პროდუქტს მომხმარებელს უფრო დაბალ ფასებში სთავაზობს.
ეს, რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ გერმანიაში მაღალი ინფლაცია, მით უმეტეს, სასურსათო ინფლაცია დასრულდა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახური (Destatis) იტყობინებოდა, რომ მაისში ფასების ზრდის წლიურმა ტემპმა, წინასწარი შეფასებით, 6,1% შეადგინა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს მთელი 1,1%-ით ნაკლებია აპრილთან შედარებით, როდესაც 7.2% დაფიქსირდა, მაინც საკმაოდ მაღალია იმ 2%-თან შედარებით, რომელიც ინფლაციის ოპტიმალურ დონედ ითვლება.
Destatis-ის ცნობით, ნავთობის და განსაკუთრებით გაზის საბითუმო, საბირჟო ფასების შემცირების წყალობით ენერგომატარებლების ფასებმა ინფლაციის ზრდა შეწყვიტა.
რასაც ვერ ვიტყვით კვების პროდუქტებზე: იმავე სტატისტიკის სამსახურის ცნობით, სასურსათო ინფლაციის ტემპებმა მაისში 14,9% შეადგინა ანუ 2-ჯერ და კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ინფლაციის საერთო მაჩვენებელი. ასე რომ, რძის პროდუქტების ფასების შემცირება საკვები პროდუქტების გაიაფების მაუწყებელი მხოლოდ პირველი მერცხლებია, თუმცა არა ერთადერთი.
მეორე მაგალითია მცენარეული ზეთების გაიაფება: გასულ წელს ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომ მსოფლიო ბაზარი ისეთ მსხვილ მიმწოდებელს დაკარგავდა, როგორიც უკრაინაა, მზესუმზირას და რაპსის ზეთების ფასები მკვეთრად გაზარდა და, ნაწილობრივ, დეფიციტიც კი გამოიწვია. „დისკაუნტერების“ ქსელშიც კი ერთი ლიტრი 4.99 ევრო ღირდა, თუმცა წელს, გაზაფხულზე ფასები 1.89-1.99 ევრომდე ჩამოვიდა, რაც შედარებით ახლოსაა 2 წლის წინანდელ ღირებულებასთან – 1.39 ევროსთან.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საეჭვოა, ინფლაციის აფეთქებამდე არსებული ფასები დაბრუნდეს. ხელფასები და პენსიები გერმანიაში იმ დროიდან ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა. აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საჯარო მოსამსახურეთა ხელფასი მინიმუმ 340 ევროთი მოიმატებს და მათ ინფლაციის ზრდის კომპენსაციასაც გადაუხდიან. შეთანხმების თანახმად, 2024 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოსამსახურეთა ხელფასი ჯერ 200 ევროთი გაიზრდება, მეორე ეტაპზე – 5.5%-ით და მაქსიმალური ზრდა 340 ევროს მიაღწევს. ამას გარდა, საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ მუშაკს მომავალი წლის თებერვალში 3000 ევროს გადაუხდიან ინფლაციის ზრდის კომპენსაციის სახით და ეს თანხა არ დაიბეგრება.
24 აპრილს გერმანიის საცალო ვაჭრობის გიგანტმა, „დისკაუნტერმა“ Lidl-მა (მასვე ეკუთვნის Kaufland-ის ქსელი) გერმანიაში მდებარე თავის 3200 სუპერმარკეტში საკუთარი მარკის ყველი გააიაფა. მაგ., ედამის, გაუდის და ტილზიტურის 400-გრამიანი შეფუთვა 3.49 ევროს ნაცვლად 2.99 ევრო გახდა (14.5%-იანი შემცირება). საუბარია „ლიდლის“ საკუთარი სავაჭრო ნიშნით – Milbona გამოშვებულ ყველზე. Aldi-მ კი Milsani-ს სავაჭრო მარკის რძის პროდუქცია გააიაფა.
სხვა პრესტიჟული ბრენდების პროდუქცია, ჩვეულებრივ, უფრო ძვირი ღირს, მაგრამ დიდად სავარაუდოა, რომ ადრე თუ გვიან ისინიც დაფიქრდებიან ფასების შემცირებაზე. მით უფრო, რომ როგორც გამოკითხვები აჩვენებს, მაღალი ინფლაციის პირობებში გერმანელი მომხმარებლები უფრო ხშირად ირჩევენ „დისკაუნტერების“ სავაჭრო მარკების პროდუქციას, ვიდრე სახელგანთქმული ფირმების ბრენდებს.
ამ ყველაფერმა საკუთარი საფირმო პროდუქციის მაღალ ფასად გაყიდვის მსურველ ცნობილ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებზე საცალო ვაჭრობის სუპერმარკეტების ქსელების პოზიციები გაამყარა, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ საკუთარი მომხმარებლებისთვის პროდუქციის მაღალ ფასად შეთავაზებას, რაც მათი, როგორც დაბალ ფასებში მოვაჭრის, იმიჯს ზიანს აყენებს. ამის გახმაურებული მაგალითია Lidl-ის უარი ტკბილეულის მწარმოებელ საკულტო გერმანულ ფირმა Haribo-სთან თანამშრომლობაზე, სანამ ეს უკანასკნელი საცალო ფასებს „ოპტიმალურ დონემდე“ არ შეამცირებს – სწორედ ასე თქვა კომპანია Lidl Deutschland-ის ხელმძღვანელმა კრისტიან ჰიორტანგელმა. ამჟამად „ლიდლი“ „ჰარიბოს“ ფასებთან შედარებით იაფად ყიდის მსგავს ტკბილეულს, რომელსაც საკუთარი სავაჭრო მარკით უშვებს.
არსებობს სხვა მსგავსი მაგალითები, რომლებსაც აღარ ჩამოვთვლით.
კარგი ამბავი ის არის, რომ სპეციალისტები დარწმუნებულები არიან სასურსათო ინფლაციის ზრდის შემცირებაში და მწარმოებლების მიერ საკვები პროდუქტების ფასების ნორმალიზება გარდაუვალად მიაჩნიათ. მით უმეტეს, რომ საწვავი ნედლეული და ენერგიაც იაფდება.
7 ივნისს ADAC -მა გამოაქვეყნა გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე ფასების დინამიკა, საიდანაც ჩანს, რომ დიზელის ფასი ისევ შემცირდა: თუ გასული წლის შემოდგომაზე, ფასების პიკის დროს ერთი ლიტრი საშუალოდ 2.147 ევრო ღირდა, მიმდინარე წლის იანვარში კი – 1.858 ევრო, ივნისის პირველ კვირაში 1.579 ევროდ ყიდვა იყო შესაძლებელი. საწვავის ასეთი მკვეთრი გაიაფება გერმანიის სასურსათო ვაჭრობის ბაზარზე არსებული მწვავე კონკურენციის ფონზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს კვების პროდუქტების საცალო ფასებზეც.
ნინო ხოშტარია
კომენტარები