დასაქმებაეკონომიკა

ქვეყნები, სადაც ოთხდღიანი სამუშაო კვირა აამოქმედეს

Covid19-ის პანდემიამ გამო, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულები სამუშაო ადგილის მოქნილობისა და შეღავათიანების მნიშვნელობაზე დააფიქრა, შესაბამისად, ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შესახებ საუბარიც უფრო აქტიური გახდა.

ოთხდღიანი სამუშაო კვირის იდეა შემდეგნაირია: დასაქმებულები კვირაში ოთხი დღე იგივე დატვირთვითა და ანაზღაურებით იმუშავებენ, კომპანიები კი ოპერირებას უფრო ნაკლები ფიზიკური შეხვედრებით გააგრძელებენ. ამ იდეის მომხრეები ფიქრობენ, რომ ოთხი სამუშაო დღე გაზრდის თანამშრომლების პროდუქტიულობასა და კმაყოფილებას. ევროპის პროფკავშირები აქტიურად მოუწოდებენ მთავრობებს, რომ დაამკვიდრონ ოთხდღიანი სამუშაო კვირა, საინტერესოა, რომელმა ქვეყნებმა გაითვალისწინეს აღნიშნული რეკომენდაცია?

გასული წლის თებერვალში ბელგიელმა დასაქმებულებმა მოიპოვეს უფლება, რომ ხუთი დღის მაგივრად ოთხი დღე ემუშავათ ისე, რომ ანაზღაურება არ დაეკარგათ. აღნიშნული უფლების მიმნიჭებელი კანონპროექტი ძალაში 21 ნოემბერს შევიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულები ნაკლებს მუშაობენ, უბრალოდ, ისინი იმავე საქმეს უფრო ნაკლებ საათში ასრულებენ.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მას შემდეგ, რაც კომპანიებმა ოთხდღიანი სამუშაო კვირის ექვსთვიანი ტესტირება ჩაატარეს, გეგმავენ, რომ მოკლე სამუშაო კვირა მუდმივი გახადონ, რადგან ექსპერიმენტი „უკიდურესად წარმატებულად“ შეფასდა. ამ ექსპერიმენტში გაერთიანებული სამეფოს დაახლოებით 61 კომპანია და 3300-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო და მათმა უმრავლესობამ – დაახლოებით 92%-მა გადაწყვიტა, რომ მოკლე სამუშაო კვირა შეენარჩუნებინა, რადგან საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ ეს დადებითად აისახა როგორც ბიზნესის პროდუქტიულობაზე, ისე სამუშაო ძალის კეთილდღეობაზე.

შოტლანდიაში კი აღნიშნულ საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარე წელს გაიმართება, ამასთან ერთად, სასამართლო პროცესის ჩატარებას უელსის სამეფოც გეგმავს. ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ შოტლანდიის მმართველმა პარტიამ მიიღო და გულისხმობს, რომ დასაქმებულებს სამუშაო საათები 20%-ით შეუმცირდებათ, თუმცა ანაზღაურების მხრივ არ დაზარალდებიან. წინასწარ ჩატარდა გამოკითხვაც და აღმოჩნდა, რომ დასაქმებულების 80% ემხრობა სამუშაო კვირის შემცირებას.

გადავიდეთ ესპანეთზე: აქ გასულ წელს, მას შემდეგ, რაც მემარცხენე პარტია Mas Pais-მა გამოაცხადა, რომ მთავრობა დათანხმდა მათ მოთხოვნას ოთხდღიანი სამუშაო კვირის საპილოტე პროგრამის დაწყების შესახებ, ესპანეთმა საპილოტე პროექტი დეკემბერში აამოქმედა. ეს მცირე და საშუალო ბიზნესებს დაეხმარა, რომ სამუშაო კვირა მინიმუმ ნახევარი დღით შეემცირებინათ. ესპანეთის ინდუსტრიის სამინისტრომ განაცხადა, რომ მონაწილე კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, პროექტის განსახორციელებლად 10 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება მიიღონ, თუმცა ამის პარალელურად პროდუქტიულობის გაზრდის გზებიც უნდა შეიმუშაონ. პილოტის პირველი წლის განმავლობაში სახელფასო ხარჯებს და ტრენინგებს მთავრობა ნაწილობრივ დააფინანსებს.

2015-2019 წლებში კი ისლანდიამ მსოფლიოში უმსხვილესი საპილოტე პროგრამა აამოქმედა, სამუშაო საათები 35-მდე შეამცირა. ტესტირების ფაზაში 2500-მდე დასაქმებული ადამიანი მონაწილეობდა. შედეგებს ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი აფასებდა და, საერთო ჯამში, მას წარმატებული უწოდეს, ამიტომ ისლანდიურმა პროფკავშირებმა სამუშაო საათების შემცირებაზე მოლაპარაკებები დაიწყო და საკმაოდ დიდი შედეგიც მიიღეს, ისლანდიაში მოსახლეობის 90%-ს აქვს შემცირებული სამუშაო საათები და როგორც მკვლევრები ირწმუნებიან, ამან დასაქმებულთა სტრესი და დაღლილობა საგრძნობლად შეამცირა.

შვედეთში კი ოთხდღიანი სამუშაო კვირის ტესტირება 2015 წელს ჩატარდა, აქ იყო მცდელობა, რომ რვასაათიანი სამუშაო დღის ნაცვლად, ექვსსაათიან სამუშაო დღეზე გადასულიყვნენ, ამას საკმაოდ დიდი კრიტიკა მოყვა სხვადასხვა ჯგუფებისგან, დადებითი შედეგი დააფიქსირა ერთ-ერთმა სამედიცინო კლინიკამ, სადაც 80 ექთანი ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადაიყვანეს, ასევე, ავტომწარმოებელმა Toyota-მ.

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სამუშაო კვირა არის გერმანიაში და ის 34.2 საათს შეადგენს. მიუხედავად ამისა, გერმანიის პროფკავშირები სამუშაო საათების კიდევ შემცირებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. გამოკითხვის თანახმად, მომუშავე ადამიანების 71%-ს სურს, რომ კვირაში მხოლოდ ოთხი სამუშაო დღე ჰქონდეს, თუმცა განხორციელდება თუ არა ეს იდეა, ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად მოკლე სამუშაო კვირის ექსპერიმენტებს მცირე ზომის დამწყები კომპანიები ატარებენ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, გამოკითხვის თანახმად, აქ მუშაკთა 92% შემცირებული სამუშაო კვირის მომხრეა, თუნდაც ეს დღიურად უფრო მეტ სამუშაო საათს გულისხმობდეს. გამოკითხული თანამშრომლები სარგებლად ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის გაზრდას ასახელებენ.

კანადაში კი დასაქმებულების 41% ჰიბრიდულ სამუშაო სტილს ანიჭებს უპირატესობას. აქ გამოკითხვამ აჩვენა, რომ დიდი კომპანიების 51% ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას გეგმავს.

დაბოლოს, საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, დიდი ხანია ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობს, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ეკომეგობრული USB სატენების მწარმოებელი კომპანია „ტენე“ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. როგორც მისი თანადამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი „საქმიან დილას“ უყვება, ეს მათი თანამშრომლების კეთილდღეობის გაზრდას ემსახურება. ამჟამად მორიგეობის პრინციპით, „ტენეს“ თანამშრომლები ორი დღე მუშაობენ, ორი დღე კი ისვენებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამით მათი პროდუქტიულობა არ მცირდება, არამედ პირიქით – მზარდიც კია.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close