ხელოვნური ინტელექტი ალცჰაიმერის დიაგნოზს კლინიცისტის სიზუსტით სვამს – ახალი კვლევა
ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი ისეთივე სიზუსტით სვამს ალცჰაიმერის დიაგნოზს, როგორც ამას გამოცდილი კლინიცისტები აკეთებენ. ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ახალი სამეცნიერო ნაშრომი 2022 წლის 20 ივნისს გამოქვეყნდა.
ჯანდაცვის დაწინაურების კვალდაკვალ ადამიანთა სიცოცხლე გახანგრძლივდა. შესაბამისად, ხანდაზმულობასთან ასოცირებული დაავადებები აღმავლობის გზაზეა, აღნიშნავენ მეცნიერები. მათი თქმით, მსოფლიოში ყოველწლიურად დემენციის 10 მილიონამდე ახალი შემთხვევა აღირიცხება, რომელთა შორის ალცჰაიმერი ჭარბობს. ეს ყოველივე საზოგადოებრივ ჯანდაცვას დიდ ტვირთად აწვება.
ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ჯგუფის აზრით, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოთვლით სტრატეგიებზე დაფუძნებული დიაგნოზი სიზუსტით კლინიცისტებისას არ ჩამოუვარდება, სავსებით შესაძლებელია, რომ ნევროლოგის ან ნეირო-რადიოლოგის მოუცლელობის შემთხვევაში, დიაგნოზი რობოტმა დასვას და ექიმმა, მასზე დაფუძნებით მკურნალობა დანიშნოს. ეს სპეციალისტების მოსალოდნელი დეფიციტის პირობებში, არცთუ შორეული პერსპექტივაა, აღნიშნავენ ამერიკელი მეცნიერები.
ექსპერიმენტი
საგანგებოდ ამ ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა სხვადასხვა სახის კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომელთაც დიდი მოცულობის მონაცემთა გამოთვლის უნარი აქვთ. ხელოვნური ინტელექტი პაციენტის შესახებ ბევრნაირ მონაცემს აგროვებს. მათ შორისაა: ნეირო-ფსიქოლოგიური და ფუნქციური ტესტების შედეგები, ავადმყოფობის ისტორია, ფიზიკური შემოწმების შედეგები, დემოგრაფიული მონაცემები, კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალიზი და ა.შ.
მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტი პაციენტზე ინფორმაციას სრულად მოუყრის თავს, ის იწყებს მის გადამუშავებას. პროგრამები გაწვრთნილია ისე, რომ მათ შეუძლიათ დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზიდან გამოავლინონ და გამოჰყონ დაავადებისთვის სპეციფიკური ხელწერა, რაც შესაძლოა ალცჰაიმერზე მიუთითებდეს.
ამის შემდეგ, პირველადი დასკვნები გადამოწმდება კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებთან მიმართებაში. თუკი თავის ტვინის გამოსახულებაზე ფიქსირდება დემენციასთან ასოცირებული მიკროსკოპული ცვლილებები, რაც მიუთითებს ქსოვილის დეგენერაციულ სახეცვლაზე, ხელოვნური ინტელექტი სპეციალისტებს საკუთარ დიაგნოზს შესთავაზებს.
კვლევის ბოლო ეტაპზე ბოსტონელმა მეცნიერებმა ექიმთა საერთაშორისო ჯგუფი დაიხმარეს. ექსპერიმენტში მონაწილე პაციენტებისთვის კლინიცისტების მიერ დასმული დიაგნოზი მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებულ დასკვნებს შეადარეს. ორივე მხარის მიერ დასმული დიაგნოზები, როგორც სპეციალისტების, ისე კომპიუტერული პროგრამების, იდენტური აღმოჩნდა.
აღნიშნული კვლევის წამყვანი ავტორია პროფესორი ვაჯაია კოლაჩალამა. ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ნაშრომის გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალის „ნეიჩერ“ ონლაინ ვერსიაში.
სწრაფი და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა
მართალია, ალცჰაიმერის მკურნალობის და მისგან განკურნვის საშუალება ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ დიაგნოზის სწრაფად და დროულად დასმა ბევრი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ადრეულ ეტაპზე დასმული დიაგნოზი პაციენტებს დიდ დახმარებას უწევს, ისინი უფრო ადრე იღებენ დახმარებას და მხარდაჭერას, ასევე დროულად იწყებენ მკურნალობას, დაავადების სიმპტომების უკეთ მართვისთვის. ამას გარდა, პაციენტები ასწრებენ საკუთარი მომავლის სწორად და დროულად დაგეგმვას.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ პაციენტებისთვის დიაგნოზის დროულად დასმა სამეცნიერო კვლევებსაც დიდ დახმარებას უწევს. ის მათ საშუალებას მისცემს უკეთ დააკვირდნენ ადამიანის ტვინში მიმდინარე ცვლილებებს. მეცნიერები უკეთ გაიგებენ, თუ რა უწყობს ხელს დაავადების პროგრესირებას და საბოლოო ჯამში, ეს დაეხმარება მათ ახალი სამკურნალო საშუალებების განვითარებაში.
დღეს ალცჰაიმერის დიაგნოზი დიფერენცირებული მეთოდით ისმება, რაც როგორც წესი, სულ ცოტა, რამდენიმეკვირიანი პროცესია. ის მოიცავს მეხსიერების შემოწმებას, კოგნიტურ ტესტებს, ფიზიკურ შემოწმებას, ასევე კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელიც თავის მხრივ, თავის ტვინში ცილების დეპოზიტს და ჰიპოკამპის ზომის შემცირებას ამოწმებს.
ფაქტები ალცჰაიმერზე
- ალცჰაიმერი დემენციის წამყვან მიზეზად ითვლება. ეს ნერვული სისტემის პროგრესირებადი, ქრონიკული დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ადამიანის მეხსიერებას, აზროვნების უნარს და ქცევას.
- ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების უნარის დაქვეითება, პრობლემების გადაჭრის უუნარობა, მეტყველების დარღვევა.
- ალცჰაიმერი უმეტესად 65 წლის ზევით ასაკის ადამიანებს ახასიათებს, თუმცა ახალგაზრდებსაც ემართებათ. 65 წლის ზევით ასაკში ალცჰაიმერი ყოველ მე-9 ამერიკელს აქვს.
- იმ ამერიკელთა შორის, ვისაც ალცჰაიმერი აქვს, 2/3 ქალია.
- ამ დაავადებით ამერიკაში 6.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 73% ან 75 წლისაა, ან უფრო ასაკოვანი. თუმცა, ზრდის დღევანდელი ტემპების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი 30 წელიწადში გაორმაგდება და 13 მილიონამდე გაიზრდება.
- ალცჰაიმერის ამერიკული ასოციაციის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ყოველი მე-3 მოხუცი კვდება ალცჰაიმერით, ან დემენციის სხვა ფორმით. დაავადება გაცილებით მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე პროსტატის ან ძუძუს კიბო ერთად აღებული.
- 2020 წელს, კოვიდ-19-მა ხელი შეუწყო ალცჰაიმერთან და დემენციასთან დაკავშირებული სიკვდილობის მონაცემის ზრდას. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზრდამ 17% შეადგინა.
- 70 წლის ხანდაზმულ ამერიკელებში 80 წლამდე სიკვდილის შანსი ალცჰაიმერის მქონეთა შორის ორჯერ მეტია, ვიდრე მათ შორის, ვისაც ეს დაავადება არ აქვს.
amerikiskhma.com
კომენტარები