მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ევროპულ სანაპიროებზე რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული დაბინძურების წყარო სიგარეტის ფილტრებია. გასულ წელს ჯანმომ გასცა რეკომენდაცია, განხილულიყო ფილტრების, როგორც ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის, აკრძალვა, რადგან ისინი აბინძურებენ გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობაზე კი დამტკიცებული დადებითი ეფექტი არ აქვთ. ინფორმაციას Euronews -ი ავრცელებს.
გარემოში მოხვედრილი თამბაქოს პროდუქტები 7 000-მდე სახეობის ტოქსიკურ ქიმიკატებს გამოყოფს, სიგარეტის ფილტრები კი მიკროპლასტმასის ნაწილაკებს შეიცავს, რის გამოც მათი გადამუშავება ძნელია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის ნიდერლანდები, უკვე განიხილავენ სიგარეტის ფილტრების აკრძალვას. როგორც ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვივიან ჰეინიენმა ადგილობრივ მედიას ჯერ კიდევ აპრილში განუცხადა, ერთჯერადი ფილტრების აკრძალვა ყველაზე ეფექტური საშუალებაა გარემოზე მათი საზიანო გავლენის აღმოსაფხვრელად. მისივე თქმით, არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი კვლევა იმისა, რომ ფილტრიანი სიგარეტი ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანოა.
მიუხედავად ამისა, ნიდერლანდებში მსგავსი ტიპის აკრძალვა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დარღვევაა, ამიტომ, როგორც მინისტრი განმარტავს, უმჯობესია, ევროპის მასშტაბით აკრძალვა იყოს განხილული.
აპრილში ბელგიის ჯანმრთელობის უმაღლესმა საბჭომაც გამოთქვა ინიციატივა, სიგარეტის ფილტრები ევროპის მასშტაბით აკრძალულიყო. გამოქვეყნებულ ანგარიშში მათ განმარტეს, რომ ფილტრი მწეველ ადამიანს „უსაფრთხოების ფუჭ განცდას“ აძლევს.
აკრძალვის მოთხოვნას ბელგიასთან ერთად დანიაც შეუერთდა.
სამაგიეროდ თამბაქოს პროდუქტების მწარმოებელი გიგანტი „ფილიპ მორისი“ ამ აკრძალვას სულელურს უწოდებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა დანიურ მედიას განუცხადა, აკრძალვა მხოლოდ სიმბოლურია და მწეველი ადამიანისთვის ცხოვრების გართულებას ემსახურება.
ზოგიერთი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სიგარეტის ფილტრებზე ახალი გადასახადების დაწესება მათ აკრძალვაზე უკეთესია. ნიდერლანდებში უკვე განიხილეს და უარყვეს სისტემა, რომელიც ჩაბარებულ ფილტრებში ნაღდი ფულის გადახდას ითვალისწინებდა.
ვიდრე პოლიტიკოსები უსიგარეტო მომავალზე ფიქრობენ, ზოგიერთი კომპანია უკვე ემზადება ამისთვის. მაგალითად, Lidl-ი, ევროპის უმსხვილესი საკვები რიტეილერი, 2029 წლისთვის თამბაქოს რეალიზაციას სრულად შეწყვეტს. მომავალი ზაფხულიდან სურსათის მაღაზია სარეალიზაციო სიგარეტის 20%-ს საკუთარი თაროებიდან ჩამოიღებს.
bm.ge
კომენტარები