ისტორიასაზოგადოება

დიდი მწერლის „დიდი სიყვარულის ამბავი“ – კონსტანტინე გამსახურდიას ნაამბობი

ეს ისტორია კონსტანტინე გამსახურდიას დიდი სიყვარულის შესახებ მწერალმა თავად უამბო ქალბატონ იზა ტიგიევას, რომელმაც წლების შემდეგ გამოაქვეყნა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“. მაშინ კონსტანტინე გამსახურდია უკვე გარდაცვლილი იყო.

არავინ იცის, ნამდვილია თუ მწერალმა თავად შეთხზა ეს ლამაზი, მაგრამ ტრაგიკული ამბავი, თუმცა ქალბატონი იზას წერილი, რომელსაც ჩვენს მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ, ნამდვილად ძალზე ამაღელვებელი და საინტერესოა.

დღეს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 130 წელი შესრულდა.

„კონსტანტინე გამსახურდიას ნაამბობი

რამდენი ხანია მინდა, დავწერო მოგონება ბატონ კონსტანტინე გამსახურდიაზე. ეს მოგონება დიდ სიხარულთან და სიამაყის გრძნობასთანაა დაკავშირებული.

დრო მიდის და… ის, რაც ახალგაზრდობაში ჩვეულებრივი, ან ნაკლებად უმნიშვნელო გგონია, დროთა განმავლობაში სულ სხვა მასშტაბის მნიშვნელობას იძენს.

ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში ერთი შემთხვევა ან შეხვედრა ეპოქის ბუმბერაზ პიროვნებასთან ძალიან ბევრს ნიშნავს, თუნდაც, დროთა ცვლილების პერიოდში გეხმარება ადამიანური ყოფის ჭეშმარიტებასთან მიახლოებაში.

ამ მოგონებაში დიდი სიყვარულითა და სიფრთხილით ვცდილობ მწერალს არ მივაწერო ისეთი რამ, რაც მას არ ეკუთვნის, რადგან მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ. ზოგი რამ ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა გამახსენეს. თხრობის დროს რაღაც აუცილებლად იკარგება, მაგრამ თვით იმ ამბავის, იმ ძირითადი მონაყოლის გადმოცემას შევეცდები.

…1964-66 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში მუშაობისას ხშირად იცოდა ჩვენთან შემოვლა ბატონმა კონსტანტინემ, ხშირად მესაუბრებოდა. მახსოვს, პირველად ჩვენს განყოფილებაში როცა შემოვიდა, მომმართა თავისი ჩვეულებრივი და ტრადიციული შეკითხვით:

– ვისი გვარისა ხარ, ლამაზო?!

ჩვეულებად მაქვს დღემდე, ვიდრე გვარს ვიტყოდე, ჩემს ეროვნებას ვასახელებ, ამიტომ ოსის ქალი ვარ-მეთქი, ვუპასუხე. მაშინვე მომმართა უაქცენტო ოსურით. ძალიან გამიკვირდა. გამომკითხა ყველაფერი ჩემზე და ჩემი ოჯახის შესახებ.

– ხომ კითხულობ ჩემს ნაწარმოებებს?!

თავი დავუქნიე.

– ხომ წაიკითხე „ვაზის ყვავილობა“. ჭახილონებზე, ცარაზონებზე?… – ამიხსნა და განმიმარტა ოსური გვარების შესახებ.

ერთ მშვენიერ დღესაც, მორიგი ვიზიტის დროს, ბატონი კონსტანტინე გვერდით მომიჯდა და მითხრა:

– მე შენ უნდა გიამბო ჩემი დიდი სიყვარულის ამბავი.

მოსასმენად გავემზადე.

ახალგაზრდა ვიყავი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ნადირობა მიყვარდა და სად არ დავდიოდი სანადიროდ. ერთ მშვენიერ დღესაც დამაღამდა. დაღლილმა და დაქანცულმა, არ ვიცოდი, სად ვიყავი. როგორც იქნა, მივაღწიე რომელიღაც სოფლამდე. ოსური სოფელი აღმოჩნდა. იქვე, წყაროსთან, შევნიშნე ქალიშვილი სურით ხელში. თვალი მომტაცა მისმა სილამაზემ. ახლაც მახსოვს, შავი, შუაზე გაყოფილი გრძელი ნაწნავებით; გადაკალმული შავი წარბებით, ქვეშ მწვანე დიდი თვალებით მალულად მიყურებდა, იმ თვალებმა, შემდგომში მოსვენება დამაკარგვინა.

შეზღუდული არჩევანი მქონდა. უნდა გავყოლოდი ქალიშვილს ფეხდაფეხ და არ ვიცოდი, ვინ დამხვდებოდა მის ოჯახში, ან თუ მიმიღებდნენ. დავყევი ჩემს ახირებულ სურვილს. მასპინძელს ვთხოვე თავშესაფარი. მიმიღო ოჯახმა. დიდხანს დავყავი, ქალიშვილის მალულ გამოხედვაში მივხვდი, რომ არც ის იყო გულგრილი ჩემს მიმართ. ყოველი სადილობის და ვახშმობის დროს, როდესაც ქალიშვილს ვხვდებოდი, მის თავაზიან და შესამჩნევად თავშეკავებულ კდემამოსილებაში ვლინდებოდა ბავშვივით სუფთა სული, რომელიც ჩემს თანაგრძნობას ითხოვდა. უამინდობის გამო და, რა თქმა უნდა, ჩემი ახირების გამოც, დავრჩი ოჯახში საკმაოზე მეტხანს.

დავბრუნდი შინ, მაგრამ დავკარგე მოსვენება. ჩამივარდა გულში მწვანეთვალება ოსის ასული. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა ზამთარი, რომ გაზაფხულზე კვლავ ავსულიყავი სოფელში და მენახა ჩემი რჩეული.

დადგა ნანატრი გაზაფხული, გალხვა თოვლი, გაიხსნა გზები და გულაჩქროლებული გავუდექი სოფლის გზას ქალიშვილის სანახავად. გადავწყვიტე, გამენდო სიყვარული და უარის შემთხვევაში მომეტაცა. მე ბევრს ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების ასე შეტრიალებაზე, იმაზე, რომ ახალი გადაწყვეტილება მივიღე. თანაც არ ვიცოდი, რას მივაღწევდი ჩემი ახირებული სურვილით.

როცა მივუახლოვდი სოფელს, ბინდდებოდა, ნაძვის ხშირი ტყის ბილიკები პირქუშად და ავისმომასწავებლად მხვდებოდნენ თუ მეჩვენებოდა, არ ვიცი.

მივედი იმ ადგილამდე, სადაც სოფელი იყო. გავშეშდი, ვეღარ ვამჩნევდი ბუნების მშვენიერებას, ვერ ვგრძნობდი გაზაფხულის ჰაერს, ადგილიდან ვეღარ ვიძრვოდი. ჰოი, საშინელებავ! აღარც სოფელი, აღარც ჩემი ოცნების ასული – ზვავმა შთანთქა ყოველივე.

ასე დამთავრდა თხრობა, ერთხანს გაყუჩდა. მეც გაოგნებული ჩუმად ვიჯექი.

არ ვიცი, ის, რაც მიამბო, მართალი იყო, თუ თავად შეთხზა, მაგრამ ჩემი თანაგრძნობა და დღემდე გაუნელებელი ტკივილი გამოიწვია. თუმცა, გამოგონილიც რომ ყოფილიყო ეს ამბავი, მაშასადამე ჩემთვის გამოიგონა და არც ეს მიმაჩნია ნაკლებად ღირებულ ამბად, რადგან ამ რომანტიკული განწყობილების მიღმა, ორივე შემთხვევაში, ოსის ასული იდგა.

იზა ტიგიევა

„ლიტერატურული საქართველო“, 19-26 დეკემბერი, 1997 წელი, 

P. S. ამ წერილმა დიდი ინტერესი გამოიწვია ცხინვალის ინტელიგენციაში. გამოქვეყნების შემდეგ შემხვდნენ წარმომადგენლები: ნაფი ჯუსოითი, ზინაიდა გაგლოევა, ნიკალაი გაბარაევი, ზარა აბაევა, ძერასა კაბისოვა და სხვანი. ამ წერილის ავთენტობა გახდა საკამათო და კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ 30-იან წლებში მართლაც ზვავმა შთანთქა ცხინალის რაიონის ერთ-ერთი სოფელი, ჯუსოითების სოფელი – Джусоиты хъауы.“

ქალბატონი იზოლდა ტიგიევა, 2019 წლის დეკემბერი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close