რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლს ეწვია თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსული სააგენტო Tass-ი აქვეყნებს.
პუტინმა „ქალაქის რამდენიმე ადგილი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა“, – განმარტავს კრემლის პრესსამსახური. მათივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი „მარიუპოლში ვერტმფრენით ჩაფრინდა; მან მანქანით გაისეირნა ქალაქის ქუჩებში და სხვადასხვა ადგილას ჩერდებოდა“.
ორიოდე დღის წინ რუსეთის სამხედრო ადმინისტრაციამ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში ვერტმფრენის პლატფორმა გახსნა. შეგახსენებთ, რომ „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხანა უკანასკნელი დასაყრდენი იყო თვეების განმავლობაში უკრაინელი მებრძოლებისთვის, რომლებიც თავგანწირვით იცავდნენ ქალაქს ოკუპაციისაგან, თუმცა გასული წლის მაისში მათ ქალაქის ჩაბარება მოუწიათ.
კრემლის განცხადებით, პუტინმა ასევე შეხვედრა გამართა სამხრეთ რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში სამხედრო ლიდერებთან უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც რუსეთში უწოდებენ უკრაინაში მიმდინარე ომს) სამეთაურო პუნქტში.
18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინი ანექსირებულ ყირიმში იმყოფებოდა უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად.
კრემლი პუტინის მოსახლეობასთან შეხვედრის ფრაგმენტსაც ავრცელებს ახალაშენებულ კორპუსთან, პუტინის ვიზიტის პროპაგანდისტული მიზანიც ალბათ ეს იყო, რომ საკუთარი მოსახლეობისათვის ეჩვენებინა, როგორ ზრუნავს დანგრეულ ქალაქის აღსადგენად და მისი მოსახლეობისათვის. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ქალი ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსს და მის მიმდებარე ტერიტორიას „სამოთხის პატარა ნაწილს “ უწოდებს და რუსეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის „გამარჯვებისთვის“.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის პრეზიდენტი, „სავარაუდოდ, არის პასუხისმგებელი ომის დანაშაულზე, მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“.
კრემლის განცხადებით, რუსეთისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე და ვალდებულებები არ ეკისრება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები