თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში წყალდიდობაა, არის მსხვერპლი (ვიდეო)
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ორ რეგიონში ხანგრძლივ კოკისპირულ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა, რომელსაც, სულ ცოტა, 14 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ძლიერი წვიმის გამო წყალმა ქუჩები დატბორა და საცხოვრებელი სახლების, სამედიცინო დაწესებულებების და სხვა შენობა-ნაგებობების დაბალ სართულებზე შეაღწია.
ადიამანის პროვინციაში მოვარდნილმა ნიაღვარმა წაიღო კონტეინერი, რომელსაც მიწისძვრის დროს გადარჩენილი ოჯახი აფარებდა თავს. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა.
სულ ცოტა, 12 ადამიანია დაღუპული სანლიურფის პროვინციაში, მათ შორის, ხუთი – სირიის მოქალაქე. მათი ცხედრები დატბორილ სარდაფში აღმოაჩინეს, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი კი – ფურგონში, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში გაიჭედა.
სანლიურფაში წყალდიდობის შედეგად ქუჩები დაიტბორა, მოვარდნილმა ნიაღვარმა მანქანები წაიღო. რამდენიმე ადამიანი კარვებიდან გამოიყვანეს, სადაც ისინი მიწისძვრის შემდეგ ცხოვრობდნენ, რადგან მათი სახლები დაინგრა.
თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა 15-20 მარტის ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა და ნარინჯისფერი განგაში გამოცხადდა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 6 თებერვალს მომხდარმა 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში 52 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უმეტესობა – თურქეთში. მიწისძვრის კერასთან ახლოს მდებარე პროვინციებში თურქეთში 200 000-ზე მეტი შენობა დაინგრა ან სერიოზულად დაზიანდა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები