ქართველები უცხოეთშიხელოვნება

„ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა… გადავწყვიტე, მისთვის სიურპრიზი მომეწყო“ – ქუჩის მუსიკოსობიდან დიდ სცენამდე

ქართველმა მომღერალმა დოდონა ნამორაძემ ბერძნულ „ვოისში“ წარმატებით იასპარეზა.

დოდონა პროექტის გამარჯვებული, სამწუხაროდ, ვერ გახდა, თუმცა ქართველები თვლიან, რომ დოდონა მაინც გამარჯვებულია და მან კონკურსანტებს ძლიერი კონკურენცია გაუწია.

ფინალში გამარჯვება 16 წლის ბერძენმა შემსრულებელმა მოიპოვა, ქართველი მომღერალი კი ხმების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა.

დოდონა ნამორაძე 2023 წლის თებერვალში ჟურნალ „გზას“ ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

– ბერძნული „ვოისი“ რატომ აირჩიეთ?

– ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა. შემდეგ ინსულტის გამო საქართველოში ჩამოსვლამ მოუწია. საბერძნეთი ძალიან უყვარს. თავად სულ ჰქონდა სურვილი, იქ რომელიმე მუსიკალურ კონკურსში გამოვსულიყავი. როდესაც ბერძნული „ვოისისთვის“ კასტინგი გამოცხადდა, ამის შესახებ იქ მცხოვრებმა მეგობრებმა მაცნობეს. გადავწყვიტე, ბებოსთვის სიურპრიზი მომეწყო: კასტინგისთვის ჩემი მონაცემები გავგზავნე. როდესაც კონკურსზე მოვხვდი, ბებოს მხოლოდ მაშინღა ვუთხარი… ყველას გაუხარდა. თან, საბერძნეთი საქართველოსთან ახლოს არის – ამ 2 ქვეყანას შორის მიმოსვლა ჩემთვის უფრო იოლია.

– საბერძნეთში გიცხოვრიათ?

– არა, პირველად ვიყავი. იქ მეგობრები, ნაცნობები და ნათესავები მყავს. ბებიის მსგავსად, ჩემი რამდენიმე ნათესავი იქ მუშაობს და კონკურსის შესახებ სწორედ მათგან შევიტყვე.

– პროექტში მონაწილეობისთვის ბერძნული ენის ცოდნა საჭირო არ იყო?

– იქ ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს. ეთერში ჩემი ინტერვიუც ინგლისურად გავიდა, სცენაზე გასულსაც ინგლისურად მესაუბრებოდნენ… ბერძნული საერთოდ არ ვიცი. ცოტ-ცოტას ახლა ვსწავლობ…

– კონკურსზე ბერძნულენოვანი სიმღერების შესრულება არ მოგიწევთ?

– კონკურსზე „ბერძნული ტური“ არ არის. რასაც აგირჩევენ, იმას მღერი კონკურსანტი, მაგრამ რადგან იციან, ბერძნული არ ვიცი, ინგლისურ სიმღერებს მირჩევენ.

– კონკურსანტებთან, მწვრთნელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– ძალიან კარგი ხალხია. ვერ ვიტყვი, ყველასთან ვმეგობრობ-მეთქი, მაგრამ მაგალითად, იმ გოგოსთან, ვისთანაც „რინგი“ მიწევს, ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მეუბნებიან, რომ საერთოდ, იქ ვიცხოვრო. გულთბილი ადამიანები არიან. საქართველოშიც რამდენიმე მუსიკალურ პროექტში ვმონაწილეობდი და, რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან გულთბილები ვართ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბერძენი არ ვარ და მათი ენა არ ვიცი, მაქსიმალურად გვერდში მიდგანან, თუ რამე მჭირდება. მაგალითად, „ვოისის“ მეორე ტურზე, კულისებში მყოფს სახეზე რაღაც მეცხო. არავის პასუხისმგებლობა არ ყოფილა, რომ ამის შესახებ ჩემთვის ეთქვა, მაგრამ ერთ-ერთმა გოგომ, რომელსაც ვეჯიბრებოდი, თავად მითხრა, – უი, სახეზე რაღაც გაქვსო და თავისი მაკიაჟით მომაწესრიგა… ბერძენ ხალხთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს.

– საქართველოში, შარშან „ნიჭიერში“ მონაწილეობდით, მანამდე – „X-ფაქტორში“. ამ კონკურსებმა თქვენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

– პირველ რიგში, სცენაზე დგომა მასწავლა. 17 წლის ვიყავი, როცა “X-ფაქტორში” გავედი. მაშინ მივხვდი, რომ სცენა ჩემი სახლია – ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ აქ ვგრძნობ. სცენაზე მდგომი ოდნავაც არ ვნერვიულობ და ეს ჩემთვის ნორმალურია. იმისთვის ვიბრძვი, რომ მთელი ცხოვრება „სახლში ვიყო“.

fortuna.ge

ინტერვიუს სრულად გაეცნობით აქ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close