ლეონარდო და ვინჩის დედა კავკასიელი იყო, რომელიც ფლორენციაში მონად ჩაიყვანეს – რას მოგვითხრობს იტალიელი მეცნიერი თავის წიგნში „კატერინას ღიმილი“ (ვიდეო)
ორიგინალური დოკუმენტი, რომელიც მეცნიერმა კარლო ვეჩემ (Carlo Vecce) ფლორენციის სახელმწიფო არქივში აღმოაჩინა, ლეონარდო და ვინჩის დედის, კატერინას აქამდე ცნობილ ისტორიას საფუძვლიანად ცვლის: ახალგაზრდა ქალი, რომელიც წარმოშობით ძველი ჩერქეზეთიდან, კავკასიის რეგიონიდან იყო, ფლორენციაში მონად ჩაიყვანეს. იგი ლეონარდოს მამის, ნოტარიუს პიერო და ვინჩის მიერ შედგენილი აქტით გათავისუფლდა მონობიდან 1452 წლის 2 ნოემბერს (შეგახსენებთ, რომ ლეონარდო და ვინჩი 1452 წლის 15 აპრილს დაიბადა).
ამის შესახებ თავად მეცნიერმა კარლო ვეჩემ განაცხადა, რომელმაც თავისი კვლევა სწორედ ამ ნოტარიული აქტიდან დაიწყო; შემდეგ კი გამომცემლობა „ჯუნტისთან“ (Giunti Editore) ერთად გამოაქვეყნა გენიოსის დედის, კატერინა და ვინჩის ბელეტრიზებული ბიოგრაფია „კატერინას ღიმილი“.
„ლეონარდოს დედა ჩერქეზი გოგონა იყო, – ჰყვება ვეჩე, ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი და აღორძინების ეპოქის ცივილიზაციის მკვლევარი, – რომელიც თავისი ცხოვრების გარკვეულ მომენტში გაიტაცეს და, როგორც მონა ქალი, რამდენჯერმე გაყიდეს კონსტანტინოპოლიდან – ვენეციაში, ბოლოს კი ფლორენციაში ჩაყვანამდე, სადაც მან ლეონარდო და ვინჩის მამა გაიცნო“.
ცნობისათვის, ვარაუდი, რომ კატერინა შეიძლება მონა ყოფილიყო, მანამდეც გამოთქმულა.
როგორც კარლო ვეჩე ამბობს, რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ეს დოკუმენტები გამოჩნდა, მათი შესწავლა დაიწყო იმის დასამტკიცებლად, რომ მონა ქალი კატერინა ლეონარდოს დედა არ იყო, მაგრამ „საბოლოოდ ყველა მტკიცებულება საპირისპირო მიმართულებით წავიდა, განსაკუთრებით გათავისუფლების დოკუმენტი…
მის მიერ არქივში ხელახლა აღმოჩენილი გათავისუფლების სიგელი, რომელშიც წერია სიტყვები: “filia Jacobi eius schlava sue serva de partibus Circassie“ – ადასტურებს ჩერქეზი მონა ქალის, იაკობის ასულ კატერინას გათავისუფლებას მისი ფლორენციელი ქალბატონის (monna), ჯინევრას მიერ.
ვეჩეს წიგნში კატერინას მამა – იაკობი კავკასიელ თავადად არის გამოყვანილი, თუმცა, ავტორის თქმით, ეს თავისუფალი ლიტერატურული ინტერპრეტაციაა. ამგვარი თავისუფალი ინტერპრეტაციები დოკუმენტურ ისტორიულ ფაქტებთან არის შერეული, რათა არსებული „სიცარიელეები“ შეივსოს.
რაც შეეხება დოკუმენტურ მასალას, წიგნის ავტორის თქმით, ფაქტია ის, რომ ფლორენციაში კატერინა ფლორენციელმა ავანტიურისტმა, სახელად დონატომ ჩაიყვანა, რომელმაც სიკვდილის წინ, 1466 წელს თავისი ფული სან ბარტოლომეო ა მონტე ოლივეტოს (San Bartolomeo a Monte Oliveto) მონასტერს დაუტოვა საგვარეულო სამლოცველოს ასაშენებლად. ეს ანდერძი, რომელიც ფლორენციის არქივში ინახება, ასევე ლეონარდოს მამის, ნოტარიუს პიერო და ვინჩის შედგენილია.
სწორედ ამ ეკლესიისთვის დახატა ლეონარდო და ვინჩიმ თავისი პირველი ნამუშევარი „ხარება“, რომელშიც, კარლო ვეჩეს ვარაუდით, დედის გავლენა იკითხება. „სურათზე არის მთა და ზღვისპირა ქალაქი, – განმარტავს ავტორი, – შესაძლოა კატერინამ ვაჟიშვილს თავისი ბავშვობის ადგილებზე უამბო“. ვეჩეს მიაჩნია, რომ კატერინამ შვილს – ლეონარდოს „უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა – თავისუფლების მოყვარე სული“, რადგან მონა ქალს აუცილებლად ექნებოდა უდიდესი სწრაფვა თავისუფლებისაკენ. „ლეონარდოს ნამუშევრებში, უწინარეს ყოვლისა, თავისუფლების იდეას ვხედავთ“, – აცხადებს აღორძინების ეპოქის ლიტერატურის და კულტურის იტალიელი მკვლევარი.
და კიდევ: ეს რომანი მართალია, გენიოსის კავკასიელ დედაზეა, მაგრამ ფაქტები თავად ლეონარდოს ისტორიასაც ცვლის, ამბობს ვეჩე. „არა იტალიელი, არამედ ნახევრად იტალიელი, იგი ნოტარიუსის ვაჟია, ამავე დროს, ნახევრად უცხოელია, უცხოელი მონა ქალის, იმ დროისათვის საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლის შვილი, ქალისა, რომელიც გემიდან ჩამოვიდა“.
დაბოლოს, წიგნის ავტორის თქმით, ცოტა ხნის წინათ მილანში, სან’ამბროჯოს (Sant’Ambrogio) უკან კათოლიკური უნივერსიტეტის ახალი შენობის აგების სამუშაოების დროს ისევ გამოჩნდა „უმანკო ჩასახების“ სამლოცველო, რომლის საძვალეში დიდი ხნის წინათ დამარხული ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. კარლო ვეჩე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს კატერინას ნეშტი იყოს, რომელიც მილანში საკუთარი გენიოსი შვილის ხელებში გარდაიცვალა 1494 წელს და იქვე დაკრძალეს.
ნინო ლურსმანაშვილი
კომენტარები