„ოსკარების“ წლევანდელი გამარჯვებულები ცნობილია (ფოტო, ვიდეო)
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 95-ე ცერემონია, ტრადიციულად, ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა 12 მარტს. ცერემონიას ჯიმი კიმელი უძღვებოდა. იგი სცენაზე პარაშუტით დაეშვა.
წლევანდელი ტრიუმფატორი გახდა ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ (Everything Everywhere All at Once), რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო 7 ნომინაციაში მოიპოვა, მათ შორის, როგორც საუკეთესო ფილმმა, აგრეთვე, საუკეთესო მონტაჟისა და საუკეთესო რეჟისურისთვის.
საუკეთესო მსახიობ ქალად მიშელ იეო აღიარეს („ყველაფერი ყველგან ერთდროულად“). 60 წლის მსახიობის მთავარი კონკურენტი ჰოლივუდის ვარსკვლავი ქეით ბლანშეტი იყო, რომელიც ამ ნომინაციაში მთავარ ფავორიტად ითვლებოდა.
საუკეთესო მამაკაც მსახიობად ბრენდან ფრეიზერი დასახელდა ფილმში „ვეშაპი“ (რეჟისორი – დარენ არონოფსკი) შესრულებული მთავარი როლისთვის.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დენიელებმა გაიმარჯვეს – ასე უწოდებენ დენიელ კვანისა და დენიელ შაინერტის დუეტს (ფილმი – „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“).
ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ გადაეცა დოკუმენტურ ფილმს „ნავალნი“ (რეჟისორი – დენიელ როერი), რომელიც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას ეხება. ცერემონიაზე ფილმის გადამღებ ჯგუფთან ერთად ნავალნის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ: მეუღლე – იულია, შვილები – დარია და ზახარი. იულია ნავალნაიამ სცენიდან სიტყვა წარმოთქვა.
„ალექსეი, ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც თავისუფალი იქნები. და ჩვენი ქვეყანა თავისუფალი გახდება. გამაგრდი, ჩემო სიყვარულო!“ – მიმართა იულიამ მეუღლეს, რომელიც ამჟამად რუსეთის ციხეში იმყოფება.
საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის „ოსკარით“ დაჯილდოვდა „ავატარის“ მეორე ფილმი – „ავატარი. წყლის გზა“ (რეჟისორი – სტივენ სპილბერგი).
ნუცა ყაველაშვილი
ვიდეო – ჯიმი კიმელი სცენაზე პარაშუტით დაეშვა.
კომენტარები