პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას მიმართა, აღარ განიხილოს გუშინ გაგზავნილი კანონპროექტები
როდის და როგორ მოხდება კანონპროექტების პარლამენტიდან გაწვევა?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი-მალორის გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვს, კომისიამ აღარ განიხილოს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ 8 მარტს გაგზავნილი კანონპროექტები. წერილის შინაარსს საქართველოს პარლამენტი აქვეყნებს.
„რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი.
შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლობიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი”, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის ვენეციის კომისიის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს დილით გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ორივე ვერსია უკვე გამოიხმეს ვენეციის კომისიიდან. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს და იზიარებს ამ გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება პროცედურას, მდინარაძის თქმით, ერთი კანონპროექტი (ე. წ. ამერიკული ვერსია) რადგან ჯერ პირველი მოსმენით არ არის მიღებული, განცხადების საფუძველზე უკვე გაიწვიეს უკან პარლამენტიდან, მეორე კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გამოწვევა შეუძლებელია, რადგან ის პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და რეგლამენტი ასეთ შემთხვევაში კანონის უკან გაწვევას არ ცნობს, ამიტომ კანონპროექტი მეორე მოსმენით უნდა განიცილონ პლენარულ სხდომაზე, რომელზეც უკვე დეპუტატები ჩააგდებენ მას – ანუ მხარს არ დაუჭერენ და დოკუმენტთან დაკავშირებული საპარლამენტო პროცედურები შეწყდება.
მდინარაძემ განმარტა, კანონპროექტი პირველივე პლენარულ სხდომაზე, 20 მარტის კვირაში გავა მეორე მოსმენაზე და მას ჩააგდებენ.
კომენტარები