ჯანმრთელობარჩევები

აპლიკაციები, რომლებიც ძილის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ

ადამიანს ძილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, თუმცა თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა ინსომნიაა. ინსომნიის ზუსტი მიზეზი შეიძლება ყველასთვის ინდივიდუალური იყოს, მაგრამ ცხოვრების შფოთვითმა რიტმმა და ეკრანებთან დიდი დროის გატარებამ ძილის რეგულირებაზე ნამდვილად იმოქმედა. 

ძილის დარღვევების დროს ყველაზე გავრცელებულია ჩაძინების პრობლემა. ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა ისეთი ღამე, როდესაც ბალიშთან ჩახუტებულებიც კი ვერაფრით ვახერხებთ დაძინებას, საათი კი სულ უფრო მეტ დროს აჩვენებს. გამომდინარე იქიდან, რომ ძილი ისევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრებისთვის, როგორც კვება და ვარჯიში, მისი რეგულირება აუცილებელია.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბევრ პრობლემას მოუძებნა გადაწყვეტა. მათ შორის უძილობისთვისაც იპოვა თავისებური გამოსავალი. თუ ადრე ჩასაძინებლად ცხვრებს ვითვლიდით, ახლა შექმნილია აპლიკაციები, რომლებიც  ძილისთვის განგვაწყობს და ჩაძინებაში გვეხმარება. რამდენიმე მათგანი გადავათვალიერეთ და გვსურს გაგიზიაროთ.

Yours App

Yours App მრავალმხრივ მიდგომას იყენებს, რათა ღამით უკეთ დაძინებაში დაგეხმაროთ. თითოეული აბონენტი წვდომას ასობით განსხვავებულ აქტივობაზე იძენს, რომლებიც რელაქსაციას ხელს უწყობს. აპლიკაციაში ანგარიშის შექმნის შემდეგ შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ პროფილის გვერდი თქვენი ინტერესების მიხედვით.

მისი ბიბლიოთეკა მოიცავს პატარა ისტორიებს ძილთან დაკავშირებით, რომლებიც პოზიტიურ შეტყობინებებს გვიგზავნის და, რომელსაც დამამშვიდებელი ტონით გვიყვება მთხრობელი. მისი მიზანია შფოთვის შემცირება და განწყობის ძილისკენ მიმართვა. აპლიკაციაში ასევე თავმოყრილია იოგას და სხვა მსუბუქი, დამამშვიდებელი ფიზიკური აქტივობის ვიდეოები, რომლებიც სასარგებლოა ძილის წინ. აპლიკაციას უფასო ვერსია აქვს 7 დღის განმავლობაში.

Sleep Reset

ეს აპლიკაციაც პირველ შვიდ დღეს გვთავაზობს სატესტოდ. ის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ რჩევებს გაძლევთ და სპეციალურ მწვრთნელს გთავაზობთ, რომელიც მშვიდი ღამეების ორგანიზებაში დაგეხმარებათ. ამისთვის ის კითხვარს იყენებს, სადაც თქვენ მიერ გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით მუშავდება სპეციალურად თქვენთვის შერჩეული პროგრამა.

Sleep Reset თავსებადია iOS და Android მოწყობილობებთან. მისი გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

Tide

Tide არის აპლიკაცია, რომელიც უფასოდ შეგიძლიათ გადმოწეროთ. ის გთავაზობთ მედიტაციის, სუნთქვითი ვარჯიშების ნაკრებს, რომლებიც ორგანიზმს დაძინებაში ეხმარება და არა მარტო – მთელი ღამით მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. აპლიკაციაში ასევე თავმოყრილია ბუნების ხმები, ფოკუსირებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები და დამამშვიდებელი კადრები, რომლებიც ასევე გვეხმარება ძილის მოწესრიგებაში.

Relax Melodies

აპლიკაცია თავისი ინტერფეისითვე იზიდავს მომხმარებელს, რაც მისი ჩამოტვირთვის ციფრებზეც აისახება. ამ დროისთვის მას 55 მილიონი გადმომწერი ჰყავს. აქ თქვენ ნახავთ ძილისთვის შერჩეულ სპეციალურ მელოდიებს, როგორებიცაა ბუნების ხმა, თეთრი ხმაური, მედიტაციური ბიტები და სხვა. ასევე მას სუნთქვითი და სარელაქსაციო ვარჯიშის შემოთავაზებაც შეუძლია, რომელიც ძილის წინ უნდა ჩაიტაროთ. აპლიკაცია უფასოა.

Pillow

მართალია, ეს აპლიკაცია მხოლოდ ios-ის მფლობელებს შეუძლიათ გადმოწერონ, მაგრამ თავისი გამორჩეული ფუნქციების დამსახურებით ჩვენს სიაში მაინც მოხვდა. ის აკონტროლებს, თუ რამდენი ხანი და როგორ გეძინათ ღამით. ამისთვის საჭიროა, რომ ტელეფონი საწოლთან ახლოს დატოვოთ. მას აქვს „ჭკვიანი მაღვიძარას” დაყენების შესაძლებლობაც, რომელიც სასურველ დროს გაღვიძებთ და გაძლევთ ანგარიშს, თუ როგორ გადანაწილდა ძილის სხვადასხვა ფაზაზე თქვენი დრო. გარდა ამისა, ის გაძლევთ სამედიტაციო სავარჯიშოებსა და დამამშვიდებელ ხმებს, რათა ტკბილად ჩაგეძინოთ. აპლიკაცია უფასოა.

იმედია, ამ აპლიკაციებიდან რომელიმე თქვენზე მორგებული იქნება, თუმცა თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები არ მოგიგვარდათ, არ გადადოთ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც ასევე აპლიკაციის სახით შეგიძლიათ დაგეგმოთ და ფიზიკურად მისვლის გარეშე, ონლაინ მიიღოთ კონსულტაცია. ქართულ აპლიკაციას Ekimo გამოცდილი ფსიქოთერაპევტები და ნევროლოგები ჰყავს, რომლებიც შეძლებენ სათანადო კონსულტაციის გაწევას და საჭიროების შემთხვევაში, დანიშნულების მოცემასაც.

marketer.ge

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close