„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში პირველი მატჩი მოიგო ფრანკფურტის „აინტრახტთან“ (ვიდეო)
მეკარემ ხვიჩას პენალტი აუღო, თუმცა კვარამ ეს შეცდომა შესანიშნავი საგოლე გადაცემით გამოისყიდა
21 თებერვალს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში სტუმრად გამართულ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ „აინტრახტს“ მოუგო ანგარიშით 2:0.
ხვიჩა კვარაცხელიას 36-ე წუთზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა პენალტით, თუმცა მეკარე კევინ ტრაპმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთი მოიგერია.
მე-40 წუთზე ლოსანოს გადაცემით ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლი“ მაინც დააწინაურა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა „ნაპოლის“ სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე საჯარიმოში შესულმა კვარაცხელიამ ჯოვანი დი ლორენცოს ქუსლით უკან შესანიშნავი, ტექნიკური პასი მისცა და „ნაპოლის“ კაპიტანმაც თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა – 2:0.
ეს ანგარიში აღარ შეცვლილა.
ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაში უკვე 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით (Assists) მესისთან (PSG), ჟუან კანსელუსთან („ბავარია“) და დიოგუ ჟოტასთან („ლივერპული“) ერთად ლიდერობს.
მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩი „ნაპოლისა“ და ფრანკფურტის „აინტრახტს“ შორის ნეაპოლში, „სტადიო დიეგო მარადონაზე“ 15 მარტს გაიმართება.
21 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მეორე შეხვედრაც ჩატარდა – „ლივერპულმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 2:5 დამარცხდა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები