როგორც სებ-ში აცხადებენ, გადაწყვეტილების მთავარ მიზანს დაკრედიტების პროცესის გამარტივება წარმოადგენს. შესაბამისად, გაიზრდება მოსახლეობისთვის საკრედიტო პროდუქტების ხელმისაწვდომობა და დაეხმარება გზავნილის მიმღებ პირებს, მათთვის საუკეთესო პირობებით და საუკეთესო პროცენტში მიიღონ სესხი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნულმა ბანკმა გასული წლის სექტემბერში საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც, სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. თავის მხრივ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებულია, ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს მათსავე მონაცემთა ბაზაში არსებული ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის შენახვა.
ინფორმაცია, ძირითადად, მოიცავს უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ისეთი მონაცემების მიწოდებას, როგორიცაა:
- ქვეყანა, საიდანაც მოხდა გადმორიცხვა;
- გადმორიცხვის თარიღი (თუ ფულადი გზავნილის ტიპი იძლევა ამ ინფორმაციის მოძიების საშუალებას);
- განაღდების თარიღი;
- მიმღების პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი);
- მიმღების მოქალაქეობა;
- თანხის ოდენობა;
- ვალუტა.
როგორც სებ-ში აღნიშნავენ, სესხის გამცემ ორგანიზაციები მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის მიღებას მხოლოდ მათი შესაბამისი თანხმობის საფუძველზე შეძლებენ. მონაცემების ბიუროსთვის მიწოდება დამოკიდებულია მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის სურვილზე და სურვილის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე უარი განაცხადოს.
2022 წლის განმავლობაში საქართველოში რეკორდული მოცულობის, 4.37 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა. ეს წინა წელთან შედარებით 2.03 მილიარდი დოლარით მეტია.
კომენტარები