არტისტი

რიანა შვილთან და ასაპ როკისთან ერთად ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე და ინციდენტი გადაღებებზე

ბოლო რამდენიმე კვირაა, ყველა რიანაზე საუბრობს. ცოტა ხნის წინ,  Super Bowl 2023-ის პერფორმანსზე  ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ორსულად იყო, ახლახან კი 34 წლის სუპერვარსკვლავი A$AP Rocky-თან და მათ შვილთან (მისი სახელი დღემდე საიდუმლოა) ერთად ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა. ფოტოსესია მალიბუს სანაპიროზე მოეწყო.

როგორც „გრემის“ ცხრაგზის მფლობელმა აღიარა, გადაღებების დროს ბავშვი სულ იღიმებოდა. ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, როცა მოულოდნელად რიანა მიხვდა, რომ პაპარაცები მის შვილს სურათებს უღებდნენ. „არ მინდოდა, რომ ეს მომხდარიყო. ჩვენ, როგორც მშობლები, გადავწყვეტთ, როდის და როგორ გავაცნოთ ბავშვი სამყაროს… მანამდე ჩვენ უნდა დავიცვათ იგი და უფლება არ გაქვთ, სადმე განათავსოთ ან გაყიდოთ ჩემი არასრულწლოვანი შვილის ფოტოები. წადით აქედან“,  – განუცხადა მომღერალმა დაუპატიჟებელ სტუმრებს.

ჟურნალთან ინტერვიუში მან დედობაზე ისაუბრა. „ყველაფერი იცვლება, როცა ბავშვი გიჩნდება“, -აღიარა რიანამ. ერთი წელიც არ გასულა, რაც მომღერალმა პირველი შვილი გააჩინა და უკვე ცნობილი გახდა, რომ ისევ ორსულადაა.

ინტერვიუში მოდაზეც ისაუბრეს. რიანამ Vogue-ს უთხრა, რომ ორსულობის დროს ჩაცმა ბევრად უფრო ადვილი იყო, ვიდრე მშობიარობის შემდეგ: „ორსულობის დროს ტანსაცმლის არჩევისას არანაირი პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ საავადმყოფოდან სახლში რომ დავბრუნდი, ვერაფერი ჩავიცვი. ყველაფერი ან პატარა იყო ჩემთვის, ან დიდი“.

მომღერალმა საყვარელ მამაკაცთან ერთად  მშობიარობის შემდეგ რამდენიმე კვირა კალიფორნიაში გაატარა, სანამ A$AP Rocky-ს  ევროპაში ტურნეზე გაფრენა  (მოგვიანებით მას რიანა და მისი ვაჟი შეუერთდნენ) მოუწევდა.

რიანა პატარა შვილს უკვე სტილის გრძნობას უნერგავს. „მიყვარს მისი ისე ჩაცმა, რომ სამოსი საბავშვო ტანსაცმელს არ ჰგავდეს. მას A$AP Rocky-ის ერთ-ერთი ჩაცმულობის მინიატიურული ვერსიაც აქვს“,  – განაცხადა მან.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close