ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლიმ“ ისევ მოიგო, კვარამ და ოსიმენმა გოლები ისევ გაიტანეს (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის – სერია A-ს 23-ე ტურის მატჩში „ნაპოლი“ სტუმრად რეჯო ემილიაში „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და ისევ მოიგო.

პირველი, ჩვეულებისამებრ, ეფექტური  გოლი ხვიჩამ გაიტანა მე-14 წუთზე და თავისი გუნდი დააწინაურა, მეორე გოლის ავტორი კი ვიქტორ ოსიმენია (33-ე წუთზე).

ორივე კარში ორივე მხრიდან თითო-თითო გოლი კიდევ გავიდა, თუმცა გადამოწმებისას მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გოლები თამაშგარე მდგომარეობიდან იყო გატანილი და არ ჩათვალეს.

შესაბამისად, თამაში 2:0 დასრულდა „ნაპოლის“ სასარგებლოდ.

კვარას გუნდი სატურნირო ცხრილში ისევ ერთპიროვნული ლიდერია – „ნაპოლის“ 23 ტურის შემდეგ 62 ქულა აქვს და მთელი 18 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“ (22 თამაშიდან 44 ქულა), რომელიც შაბათს, 18 თებერვალს „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

„ნაპოლის“ ჩემპიონობაში ბევრს უკვე  ეჭვი აღარ ეპარება, ნეაპოლში თურმე ამ ამბის საზეიმოდ აღნიშვნაზე უკვე ფიქრობენ, თუმცა თავად მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და გუნდის ფეხბურთელები არ ცდილობენ,  მოვლენებს გაუსწრონ და ამ თემაზე არ საუბრობენ. როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო.

„ნაპოლის“ ფეხბურთელებს სკუდეტოს ტარების პატივის მოპოვებამდე კიდევ 15 ტური დარჩათ. იტალიის ჩემპიონატში (Serie A) 20 გუნდი მონაწილეობს, შესაბამისად, სულ 38 ტური იმართება. ბოლო, 38-ე ტურის მატჩები 4 ივნისს ჩატარდება და ჩემპიონატიც ამით დასრულდება. დიდი ალბათობით, წელს ჩემპიონი ბოლო ტურამდე გაცილებით ადრე გაირკვევა და იმედი გვაქვს, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იქნება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close