იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში მიწვევას უდროო უწოდა. ამის შესახებ მელონიმ ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ზელენსკის გუშინდელი მიწვევა უდროო ჩანდა, რადგან მჯერა, რომ ჩვენი ძალა ამ საქმეში ჩვენი ერთიანობაა. მე მესმის საშინაო პოლიტიკის ზეწოლა, ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი აზრის უპირატესობის ფაქტი, თუმცა არის მომენტები, როდესაც საკუთარი საშინაო საზოგადოებრივი აზრისთვის უპირატესობის მინიჭება ქმნის თავად საქმის დაზარალების საფრთხეს და ეს, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო“, – განაცხადა მელონიმ.
როგორც სამიტის დაწყების წინ ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, მას არ აქვს კომენტარი იტალიის პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით. მაკრონის თქმით, საფრანგეთი და გერმანია უკრიანის საკითხთან დაკავშირებით რვა წლის განმავლობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკის გადასაწყვეტია, რა ფორმატი სურს მას დიპლომატიური მომლაპარაკებებისთვის.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი და გერმანია რუსეთსა და უკრაინას შორის ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.
1tv.ge
კომენტარები