მიგრაციამსოფლიო

ევროკომისიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ახალი სტრატეგია დააანონსა

თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით 2022 წელს გერმანია ლიდერობდა, მათი უმეტესობის წარმოშობის ქვეყნებია: სირია (27%), ავღანეთი (17%), თურქეთი (10%), ერაყი (6,9%)  და საქართველო (4%).

ევროკომისიას სურს გაუმკლავდეს არალეგალური მიგრანტების მზარდ რაოდენობას ევროკავშირში დეპორტაციის ახალი სტრატეგიის მეშვეობით, რომლის შესახებაც სამშაბათს, 24 იანვარს გამოცხადდა.

„ისინი, ვისაც საერთაშორისო დაცვა არ ესაჭიროება, წარმოშობის ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა გუშინ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საშინაო საქმეების კომისარმა ილვა იოჰანსონმა.

მისი თქმით, 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე 300 000-ზე მეტი არალეგალური მიგრანტი შევიდა. მათ უმეტესობას თავშესაფრის მიღების უფლება არ აქვს. ამის შესახებ მედია წერს.

უკვე წლებია, ევროკავშირი წარუმატებლად ცდილობს რეპატრიაციის დონის გაზრდას, თუმცა მისი ტერიტორიიდან დეპორტირებული და რეპატრირებული მიგრანტების რაოდენობა მაინც მცირდება: თუ 2019 წელს იმ ადამიანებიდან, რომლებსაც ევროკავშირი უნდა დაეტოვებინათ, ეს 29%-მა გააკეთა, 2021 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 21% იყო (ანუ დეპორტირებულთა რაოდენობა 8%-ით შემცირდა).

ევროკავშირის ქვეყნებმა ამ პრობლემაზე ერთობლივად უნდა იმუშაონ

დეპორტაციის ახალი სტრატეგია უნდა გახდეს „შემაკავებელი ფაქტორი“, რომელიც ხელს შეუწყობს არაუსაფრთხო და არალეგალური მიგრაციის შემცირებას“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. სტრატეგია გულისხმობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, მონაცემთა გაცვლის პროცესების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების დაჩქარებას.

ამას გარდა, ევროკავშირში იმედოვნებენ მიგრანტების  დაბრუნების მაჩვენებლის გაზრდას იმ ქვეყნებში, რომლებთანაც თანამშრომლობა მოგვარებული აქვთ და რომლებსაც საამისოდ „არანაირი პოლიტიკური წინაღობები არ გააჩნიათ“ (მათ შორის, ცხადია, საქართველოც მოიაზრება – რედ.).

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ევროკავშირში ლიდერია თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის მხრივ

თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე შეტანილი განაცხადების რაოდენობით 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანია ლიდერობდა. ამასთან, 2021 წელთან შედარებით მიმართვიანობა 57%-ით გაიზარდა. თავშესაფრის მთხოვნელთა უმეტესობის წარმოშობის ქვეყნებია: სირია (27%), ავღანეთი (17%), თურქეთი (10%), ერაყი (6,9%)  და საქართველო (4%).

გერმანიას მოსდევს: საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრია და იტალია. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლებმა ადამიანმა თავშესაფრის მოთხოვნით ლატვიას, სლოვაკეთსა და უნგრეთს მიმართა.

მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის (BAMF) მონაცემების თანახმად, მარტო გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 2022 წელს 16 000-მა მიგრანტმა მოითხოვა თავშესაფარი. მათგან 3500 მოლდოვიდან იყო, 2400 – სირიიდან, 2100 – ავღანეთიდან, 1833 – თურქეთიდან და 2100 – საქართველოდან.

ბერლინის ფედერალური მიწიდან 2022 წელს 897 ადამიანი დააბრუნეს წარმოშობის ქვეყნებში – ძირითადად, მოლდოვაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და საქართველოში, რისთვისაც პოლიციამ 868 000 ევრო დახარჯა.

ამჟამად ბერლინში 18 399 ადამიანის მიმართ არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ უნდა დატოვონ ქვეყანა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სტატისტიკურ მაჩვენებლებში არ არის ასახული უკრაინელ მიგრანტთა რაოდენობა, რადგან რუსეთის მიერ წარმოებული მასშტაბური ომის გამო  მათ ავტომატურად ენიჭებათ ლეგალური სტატუსი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close