კინო/ფილმებიმსოფლიოსაზოგადოება

„რომეო და ჯულიეტას“ მსახიობები 55 წლის შემდეგ PARAMOUNT PICTURES-ს შიშველი სცენის გამო უჩივიან – მოთხოვნილი თანხა გაგაოცებთ

„რომეო და ჯულიეტას“ მსახიობები, ოლივია ჰასი და ლეონარდ უაითინგი კომპანია Paramount Pictures-ს უჩივიან, რადგან 1968 წელს გამოსულ ამ ფილმის ერთ-ერთ სცენაში 15 და 16 წლის მსახიობები შიშვლები ჩანან.

ფილმის მთავარი როლის შემსრულებლებმა კინოკომპანია სექსუალურ ექსპლუატაციასა და არასრულწლოვანთა შიშველი სურათების გავრცელებაში დაადანაშაულეს. ისინი ამტკიცებენ, რომ „შიშველ“ სცენაში მათი თანხმობის გარეშე გადაიღეს, წერს Variety.

მსახიობებმა სარჩელი ახალი წლის წინ, 30 დეკემბერს შეიტანეს. მათი მტკიცებით, რომ ფილმის რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ ჯერ დაარწმუნა ისინი, რომ ფირზე შიშველი სხეულები არ გამოჩნდებოდა და საძინებლის სცენაში ხორცისფერ საცვლებს ჩაიცვამდნენ, ბოლოს კი უთხრა, რომ სხეულს მხოლოდ მაკიაჟით დაუფარავდნენ და მოზარდებს ლოგინის სცენა ასე უნდა გაეთამაშებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში „სურათი ჩავარდებოდა“.

როგორც სარჩელში წერია, მსახიობებს „სჯეროდათ, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, გარდა სიშიშვლის განსახიერებისა სხეულზე მაკიაჟის საშუალებებით, როგორც ეს მოთხოვნილი იყო“.

კადრში წამიერად ჩნდება უაითინგის შიშველი დუნდულები და ჰასის შიშველი მკერდი.

თავიანთ სარჩელში ჰასი და უაითნგი, ახლა უკვე 70 წელს გადაცილებული მსახიობები, აღნიშნავენ, რომ ფილმის გამოსვლიდან 55 წლის განმავლობაში განიცდიან შფოთვას და სულიერ ტანჯვას ამის გამო. სარჩელში ასევე  წერია, რომ კადრებმა, რომლებშიც ისინი, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში, შიშვლები ჩანან, მათ კარიერული შესაძლებლობები დაუკარგეს – რომეოსა და ჯულიეტას როლების შემდეგ, მიუხედავად მათი პოპულარობისა, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება ვერ შეძლეს.

ოლივია ჰასიმ და ლეონარდ უაითინგმა Paramount Pictures-ისგან ზიანის ასანაზღაურებლად სოლიდური თანხა მოითხოვეს, რომელიც, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „სავარაუდოდ, 500 მილიონ დოლარს აღემატება“, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კინოკომპანია Paramount Pictures-ს „რომეოსა“ და „ჯულიეტას“ სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

როგორც Variety აღნიშნავს, ოლივია ჰასიმ 2018 წელს მათთან ინტერვიუში ეს „შიშველი“ სცენა „დაიცვა“ –  მისი თქმით, ამ ასაკში ეს არავის გაუკეთებია, სცენა ფილმისთვის აუცილებელი იყო და ძეფირელიმ ის „გემოვნებით“ გადაიღო.

იმავე წელს, Fox News-თან ინტერვიუში ოლივიამ თქვა, რომ იმ დროს ევროპულ ფილმებში ასეთი სცენები უკვე ჩვეულებრივი იყო და მისთვის ეს გადაღებები სულაც არ იყო პრობლემური.

„ეს ყველაფერი არც ისე მნიშვნელოვანი იყო. და ლეონარდი სულაც არ იყო მორცხვი! შუა გადაღებისას სრულიად დამავიწყდა, რომ ტანსაცმელი არ მეცვა“, – თქვა მსახიობმა.

ჰასიმ და უაითნგმა სარჩელი  კალიფორნიაში, სანტა მონიკას უზენაეს სასამართლოში 30 დეკემბერს, ასეთი განაცხადებების მიღების ბოლო დღეს შეიტანეს.

საქმე ისაა, რომ 2019 წელს სახელმწიფომ ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადა დროებით მოხსნა. მათ, ვინც ბავშვობაში განიცდიდა სექსუალურ ძალადობას და მსხვერპლად მიიჩნევდა თავს, შეეძლოთ ეჩივლათ, რამდენი ხანიც არ უნდა ყოფილიყო გასული დანაშაულის ჩადენიდან.

ამ რეჟიმის მოქმედება 2022 წლის 31 დეკემბრს შეწყდა, ამიტომ ბოლო კვირების განმავლობაში, ვადის დასრულებამდე, კალიფორნიის სასამართლოებში არაერთი მსგავსი სარჩელი შევიდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close