გარდაიცვალა 93 წლის პონტოელი ქალი, რომელიც თესალონიკში 2019 წელს ხელით ნაქსოვი ფაჩუჩების გაყიდვისთვის დააკავეს
სუსანა ილიადუ, 93 წლის პონტოელი ბერძენი ქალი, რომლის დაკავებამაც 2019 წელს მთელი საბერძნეთის აღშფოთება გამოიწვია, გარდაიცვალა.
ჩვენი მკითხველი ამ ისტორიას იცნობს – სუსანა ილიადუ ამბელოკიპში, თესალონიკში „უკანონო პროფესიული საქმიანობისთვის“ დააკავეს (იგი საკუთარი ხელით მოქსოვილ ფაჩუჩებს ყიდდა საზოგადოებრივი ბაზრის სიახლოვეს) 2019 წლის 22 მარტს.
„გადასახადებისთვის თავის ამრიდებელი დამნაშავის“ საჩვენებელი დაკავების (მოხუცს ხელბორკილები დაადეს ყველას თვალწინ) შემდეგ, ახლა მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა „ეკონომიკური მოტივებით“ და საბრალო ქალს 2600 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც მოხუცმა საგადასახადო ინსპექციიდან მიიღო, მან 2500 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაეხადა იმის გამო, რომ არ ჰქონდა „საბუღალტრო სააღრიცხვო დოკუმენტაცია“, ხოლო კიდევ 100 ევრო – იმისთვის, რომ არ იყო დარეგისტრირებული, როგორც მეწარმე („ბიზნესმენი“).
„როგორ გადავიხდი ამ ჯარიმას?! ჩემი ქმარი ავადმყოფია, მეც ავადმყოფი ვარ. სად ვიშოვით ამხელა ფულს?! – წუხდა მოხუცი. – ფაჩუჩების გაყიდვით 2-3 ევროს ვიღებ, როგორ გადავიხადო?!“
ცოტა მოგვიანებით, მედიაში გამართული დისკუსიის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენით, მოქალაქეთა დაცვის მინისტრის მოადგილემ კატერინა პაპაკოსტამ „სკაი ТV“-ს ეთერში განაცხადა, რომ ჯარიმა იურიდიულად გამართლებულია, თუმცა, სიტუაციის გათვალისწინებით, სამინისტრო მას თავისი ფონდიდან დაფარავს.
ამას გარდა, ethnos.gr-ს ინფორმაციით, მაშინ ბერძენმა ბიზნესმენმა, მილიარდერმა ივან სავიდისმა (სხვათა შორის, იგი წარმოშობით წალკიდანაა), რომლის ყურამდეც მიაღწია პონტოელი მოხუცის გასაჭირმა, თავის პარტნიორებს დაავალა, ქალისთვის მიეხედათ. გავრცელებული ინფორმაციით, სავიდისმა არა მარტო ადვოკატების ფული გადაიხადა, არამედ მედიაში საინფორმაციო ხმაურიც ატეხა, რამაც საბოლოო ჯამში 90 წლის ქალის გამამართლებელი განაჩენი განაპირობა (იგი თესალინიკის სასამართლომ გასული წლის ნოემბერში გაამართლა). სანამ სასამართლო მიმდინარეობდა, მოხუც ქალს ქმარიც გარდაეცვალა და ერთ სტრესს მეორე დაემატა.
სუსანა ილიადუს ქალიშვილის, ჯულიეტას თქმით, ამ ამბავმა (საჯაროდ დაკავებამ და ჯარიმამ) მოხუცს გული მოუკლა და მიუხედავად გამამართლებელი განაჩენისა მას მაინც სირცხვილის გრძნობა მაინც აწუხებდა. იმ დღის შემდეგ მოხუც ქალს ხელით ნაქსოვი ფაჩუჩები აღარ გაუყიდია.
მოხუცი ქალი 29 დეკემბერს დაკრძალეს ოჯახურ სასაფლაოზე აგიოს პავლოსში, ქალკიდიკზე. ჯუკლიეტა ილიადუს თქმით, დედას საფლავში ხელნაქსოვი ფაჩუჩები ჩაატანეს, რომელმაც მას ამდენი წუხილი მოუტანა.
ნინო ბაჯელიძე
ამავე თემაზე: ჯარიმა – 2600 ევრო 90 წლის პონტოელ ქალს ხელნაქსოვი ფაჩუჩებით ვაჭრობისთვის
ჯარიმა – 2600 ევრო 90 წლის პონტოელ ქალს ხელნაქსოვი ფაჩუჩებით ვაჭრობისთვის
კომენტარები