„ტიტანიკის“ რეჟისორმა ექსპერტი დაიქირავა იმის დასამტკიცებლად, რომ ჯეკის გადარჩენა შეუძლებელი იყო (ვიდეო)
„ტიტანიკის“ რეჟისორმა ჯეიმს ქემერონმა გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი წლების განმავლობაში მიმდინარე კამათს, რომელიც მისი ფილმის, ლეგენდარული „ტიტანიკის“ მთავარი გმირის ბედს ეხება. ქემერონი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჯეკის დაღუპვა გარდაუვალი იყო. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
საქმე ეხება თაყვანისმცემლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას, რატომ არ იყო შესაძლებელი, რომ ჯეკიც ამძვრალიყო როუზთან ერთად კარებზე (რომელმაც ტივის ფუნქცია შეასრულა) და გადარჩენილიყო. ფილმის რეჟისორმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი დაიქირავა, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ ამ ისტორიას სხვა დასასრული ვერ ექნებოდა და დიკაპრიოს გმირის გადარჩენა შეუძლებელი იყო.
„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავუსვათ წერტილი კამათს. ჩავატარეთ გულმოდგინე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სხეულის ზედმეტად გაცივების სპეციალისტთან ერთად, რომელმაც ისეთივე „ტივი“ გააკეთა, როგორიც ფილმშია“, – განმარტა ქემერონმა.
მისივე თქმით, ამ ექსპერიმენტის საფუძველზე გამოვა დოკუმენტური ფილმი, რომელსაც მომავალი წლის თებერვალში უჩვენებენ მაყურებელს.
რეჟისორმა ისაუბრა, თუ როგორ წარიმართა ექსპერიმენტი: მოიწვიეს 2 კასკადიორი, დაახლოებით ისეთივე წონის, როგორიც მთავარი როლების შემსრულებლების – ქეიტ უინსლეთისა და ლეონარდო დიკაპრიოს წონა იყო. მათი მონაწილეობით წყალში სხვადასხვა ტესტი ჩაატარეს. ქემერონის თქმით, ყველა კვლევამ დაამტკიცა, რომ ასეთ პირობებში მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი, ორივე ვერ გადარჩებოდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს და ძალზე საეჭვოა, რომ ქემერონის ექსპერიმენტმა კამათს წერტილი დაუსვას. „დისქავერის“ პოპულარულ პროგრამაში „მითების დამამსხვრეველი“ (MythBusters, Discovery) ჯერ კიდევ 10 წლის წინათ ცადეს ფილმ „ტიტანიკიდან“ ლეგენდარული ლაინერის ჩაძირვის სცენის აღდგენა და წამყვანები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისეთი ტივი (კარები), რომელმაც როუზი გადაარჩინა, მართლაც ვერ გაუძლებდა ორ ადამიანს, მაგრამ თუ მეტ გამჭრიახობას გამოიჩენდნენ, როუზის მაშველ რგოლს ტივის ქვეშ მოათავსებდნენ, მაშინ ჯეკს თავისუფლად შეეძლო როუზთან ერთად აძრომა მოტივტივე კარებზე და გადარჩებოდა.
ტიტანიკი“ ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა და არნახული პოპულარობა მოიპოვა. ფილმი 1998 წელს „ოსკარის“ 14 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საიდანაც 11-ში გაიმარჯვა, მათ შორის, როგორც „საუკეთესო ფილმმა“, ქემერონი კი საუკეთესო რეჟისორი გახდა. „ოსკარების“ რაოდენობით „ტიტანიკი“ ლიდერია უილიამ უაილერის „ბენ-ჰურთან“ (1959 წ.) და პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელი, მეფის დაბრუნებასთან“ (2003 წ.) ერთად, რომლებმაც ასევე 11 „ოსკარი“ დაიმსახურეს – პირველმა 1960, მეორემ კი 2004 წელს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები