ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუში“ მსოფლიოში უდიდესი აკვარიუმი – AquaDom-ი გასკდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გიგანტური აკვარიუმი, რომელიც მილიონ ლიტრ წყალს იტევდა, სასტუმროს კომპლექსის ფოიეში იყო განთავსებული ალექსანდერპლაცის მოედნის მახლობლად. შემთხვევის შედეგად ის მთლიანად განადგურდა, დაიღუპა იქ მცხოვრები 1500 თევზი. როგორც პოლიციაში აცხადებენ, შუშის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, აკვარიუმი დილის 6 საათზე გასკდა, მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზის დასადგენად.
ბერლინის მერის თქმით, შემთხვევა ერთი საათითაც გვიან რომ მომხდარიყო, მნიშვნელოვანი მსხვერპლი იქნებოდა ადამიანთა შორისაც.
აკვარიუმიდან დაღვრილმა წყალმა წალეკა შენობაში არსებული ნივთები და ქუჩაში მიმოფანტა. დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები.
სასტუმროს 250-მდე სტუმარს შენობა დაატოვებინეს და ავტობუსებში მოათავსეს. ბერლინში ამ დროს 2-6 გრადუსი ყინვა იყო.
სამაშველო სამუშაოებში ასეულობით მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.
მედიის ცნობით, 16 მეტრის სიმაღლის აუზში ლიფტით შეიძლებოდა გადაადგილება და იქ 1 500 ტროპიკული თევზი ცხოვრობდა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები