კინო/ფილმებიარტისტი

რატომ ვერ ითამაშა სპარტაკ ბაღაშვილმა გიორგი სააკაძე და ვინ უწოდა ლეგენდარულ მსახიობს „ტრაგიკული მშვენიერება“

ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობის მქონე მსახიობი სპარტაკ ბაღაშვილი 1914 წლის 7 დეკემბერს დაიბადა თბილისში. ოქტომბრის რევოლუციამდე ბაღაშვილების ოჯახი საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა. სპარტაკი და მისი და – სიუზანა, რომელიც შემდგომში ცნობილი კარდიოლოგი იყო, იქ გერმანულ ბაღში დადიოდნენ. სახელები მათ თურმე ნათლიამ, მსახიობმა იუზა ზარდალიშვილმა შეურჩია, რომელსაც გერმანიაში ჰქონდა განათლება მიღებული. შემდგომში სიუზანა თურმე ხუმრობდა, ჩემს ბებიებს სალომე და თინათინი ერქვათ და რაღა სიუზანა დამარქვესო.

ოჯახში მათ, უპირველეს ყოვლისა, სხვისი ტკივილის გაზიარება და გაჭირვებულის დახმარება ასწავლეს. მომავალი მსახიობი, ჯერ კიდევ ბავშვი, რომელსაც მაღაზიიდან სახლში პურის მიტანა ევალებოდა, თურმე გაჭირვებულ მეზობლებს უშურველად ეხმარებოდა. ერთხელ მამამისს, რომელიც, ცხადია, ფულს თავად იხდიდა, შვილისთვის უსაყვედურია: ბიჭო, ამდენი პური სად მიგაქვსო. ავადმყოფი, გაჭირვებული მეზობლებისთვისო, უპასუხია სპარტაკს. როდესაც გარდაიცვალა, სპარტაკ ბაღაშვილს თურმე უცნობი ქალი დასტიროდა: რა ვქნა, რომ აღარასოდეს შემხვდებიო… „ომის დროს იმ ქალბატონს პურის წიგნაკი დაჰკარგვია. ტირილისგან დაოსებული ქალი მამაჩემს ვერის ხიდზე შეუნიშნავს და დაუმშვიდებია: ქალბატონო, ჩემი პურის წიგნაკით თქვენ პურს არ მოგცემენ, ამიტომ ყოველდღე თერთმეტსართულიანი შენობის მაღაზიასთან მოდით, პურს მე მოგცემთო და ერთი თვის განმავლობაში, სანამ იმ ქალს პურის წიგნაკს მისცემდნენ, ასეც იქცეოდა“, – იხსენებს ლეგენდარული მსახიობის ქალიშვილი, ქალბატონი მანანა.

მიხეილ ჭიაურელის აღმოჩენა

სპარტაკ ბაღაშვილი უაღრესად განათლებული ადამიანი იყო, კარგად იცოდა ლიტერატურა, ფილოსოფია, რუსული და ფრანგული ენები; ბრწყინვალედ უკრავდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, დახვეწილი მანერებით გამოირჩეოდა… ორ მეტრამდე სიმაღლის (196 სანტიმეტრი) იყო, ათლეტური, სპორტს მისდევდა… არაჩვეულებრივად წერდა – მისი ჩანაწერები ამის ნათელი დადასტურებაა. ქართველი ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი მიხეილ კვესელავა ამბობდა კიდეც, საოცრად განათლებული პიროვნება იყო, სამწუხაროდ, პროფესია სწორად ვერ შეარჩია, ქართულმა ფილოლოგიურმა მეცნიერებამ ნამდვილად კარგი სპეციალისტი დაკარგაო.

მიუხედავად იმისა, რომ სპარტაკ ბაღაშვილის მამა, ლევან ბაღაშვილი მსახიობი იყო („ხარფუხის თეატრში“ თამაშობდა), მას არც მსახიობობაზე უფიქრია. სატყეო ტექნიკის ინსტიტუტში სწავლობდა – გზებისა და ხიდების ინჟინერი უნდა გამოსულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, განგებამ ქართველ ხალხზეც იფიქრა და ფართო საზოგადოებას სპარტაკ ბაღაშვილის უსაზღვრო ნიჭისა და შემოქმედებითი ინდივიდუალიზმის ხილვის საშუალება მისცა.

„არსენა“ – ნატო ვაჩნაძე და სპარტაკ ბაღაშვილი

იგი, როგორც მსახიობი, რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა აღმოაჩინა, რომელიც იმ ხანებში „არსენას“ იღებდა, მაგრამ არსენას (მთავარ გმირს) ვერსად პოულობდა. თითქმის იმედი გადაეწურა, როცა მუშთაიდის ბაღთან ორ გოგონასთან ერთად „ძალიან ლამაზ ჭაბუკს“ მოჰკრა თვალი. „მისმა გარეგნობამ ისე გამიტაცა, ისე ჰგავდა ჩემს წარმოდგენილ არსენას, რომ არ შემეძლო, არ შემეჩერებინა. რა გვარი ხარ ყმაწვილო-მეთქი, ვკითხე. მან მიპასუხა: თუ ჩემთან რაიმე ანგარიში გაქვთ, მეორე ქუჩაზე გადავიდეთო. იძულებული გავხდი, ჩემი გვარი მეხსენებინა – რეჟისორი ჭიაურელი გახლავართ-მეთქი. სულ ერთია, ვინც უნდა იყოთო, მიპასუხა. დაავლო ხელი თავის გოგონებს და სწრაფად გამშორდა. მეორე დღეს გავიგე, რომ თურმე იგი ჩვენი ცნობილი მუშა მსახიობის, ლევან ბაღაშვილის, შვილი ყოფილა. მან სპარტაკი ჩემთან მოიყვანა. ვთხოვე ალექსანდრე იმედაშვილს, მხატვრული კითხვა ესწავლებინა და როცა ორი თვის შემდეგ სპარტაკმა ოტელოს მონოლოგი წაიკითხა, ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“, – იხსენებდა შემდგომში მიხეილ ჭიაურელი.

ამ პერიოდში სპარტაკ ბაღაშვილი 21 წლის იყო, ყოველგვარი სამსახიობო განათლების გარეშე, მაგრამ ისეთი საოცარი სიმძაფრით შეძლო თავისი კინოგმირის სულიერი სამყაროს გამოხატვა (ყოველთვის შინაგანად გარდაისახებოდა და მთელი არსებით თავისი გმირის ცხოვრებით ცხოვრობდა), რომ მაყურებელზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. სტალინიც კი აღაფრთოვანა. ფილმის ნახვის შემდეგ ბაღაშვილის ოსტატობით მოხიბლულმა ბელადმა ბრძანება გასცა, მსახიობი „სტალინური პრემიით“ (იმხანად ასე ერქვა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიას) დაეჯილდოებინათ.

გიორგი სააკაძის როლი სპარტაკ ბაღაშვილს უნდა ეთამაშა

არსენა ოძელაშვილის განსახიერების შემდეგ სპარტაკ ბაღაშვილმა საბუთები თბილისის კინოსტუდიასთან არსებულ კინომსახიობის სკოლაში შეიტანა, რომელიც 1944 წელს დაამთავრა. მანამდე „არსენას“ „დიადი განთიადი“ მოჰყვა – ისევ რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის კინონამუშევარი, შემდეგ დავით რონდელის „კოლხეთის ჩირაღდნები“, კონსტანტინე პიპინაშვილის „ქაჯანა“ და კვლავ ჭიაურელის „გიორგი სააკაძე“, სადაც სპარტაკ ბაღაშვილი ლუარსაბ მეფის როლს თამაშობს, არადა მიხეილ ჭიაურელს იგი გიორგი სააკაძის როლის შესასრულებლად მიუწვევია, კოსტიუმები მისთვის შეუკერავთ, მაგრამ… „გიორგი სააკაძის“ ეკრანებზე გამოსვლიდან მრავალი წლის შემდეგ მაშინდელი ცეკას მდივანი კანდიდ ჩარკვიანი რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან იტყვის: „მე ვიხსენი ქართული ხელოვნება იმისგან, რომ სპარტაკ ბაღაშვილს გიორგი სააკაძის როლი ეთამაშა… ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, როგორ შეიძლებოდა“. კოკოჩაშვილი ჩაეკითხება: „კი, მაგრამ მეფე რომ ითამაშა?“

„გიორგი სააკაძე“ – სპარტაკ ბაღაშვილი ლუარსაბ მეფის როლში, თეკლე დედოფალი – ლიანა ასათიანი

„მეფე სხვა არის, სტალინის რეზოლუცია იყო გიორგი სააკაძეზე და მე დავუშვებდი, სააკაძე ავადმყოფს ეთამაშა?“ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფილმმა ძალიან ბევრი მოიგო სწორედ იმით, რომ ლუარსაბ მეფე სპარტაკ ბაღაშვილმა ითამაშა. ისტორიკოსი სიმონ ჯანაშია თურმე სტუდენტებს ლექციაზე ეუბნებოდა, თუ გინდათ, ბაგრატიონის გვარის წარმომადგენლებზე წარმოდგენა შეგექმნათ, სპარტაკ ბაღაშვილის ლუარსაბ მეფე ნახეთო.

„შენში ქართველი ერის ღირსებაა!“

ქუჩაში მის დანახვაზე ჩერდებოდნენ და თვალს აყოლებდნენ, ხელოსნები მუშაობას წყვეტდნენ, ახალგაზრდა ქალები ფანჯრებს აღებდნენ და, რაფაზე გადმოხრილნი, თვალმოუცილებლად უცქეროდნენ, პატარა ბიჭები დიდხანს მისდევდნენ მსახიობს უკან… მოკლედ, ყველას უყვარდა და პატივს სცემდა. უყვარდა სტალინსაც… მას კანდიდ ჩარკვიანისთვის დაურეკია და თავისთან მიუწვევია მიხეილ ჭიაურელი, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და სპარტაკ ბაღაშვილი. „იმ დროს ომი ახალი დაწყებული იყო, რეპრესიებმა არაერთი ქართული ოჯახი შეიწირა, საზოგადოება დაითრგუნა… მამა კანდიდ ჩარკვიანთან მისულა და პარტბილეთი გადაუხევია. არავინ იცის, რა საუბარი შედგა მათ შორის, რამ გამოიწვია ასეთი საქციელი. ამ შემთხვევის გამო კანდიდს სტალინისთვის უთქვამს: სპარტაკ ბაღაშვილს ნერვები წესრიგში არ აქვსო. სტალინს მამა დაუცავს, ამას ნუ მეუბნებით, სპარტაკი ქიზიყელი კაცია, ქალაქიდან მამამისსაც კარგად ვიცნობდი, არ შეიძლება ლევანის შვილს ნერვები წესრიგში არ ჰქონდესო…“ – იხსენებს სპარტაკ ბაღაშვილის ქალიშვილი.

ფარაჯანოვის „ბროწეულის ფერი“ – სპარტაკ ბაღაშვილი პოეტის მამის როლში

მიუხედავად სტალინის მხარდაჭერისა, რომელსაც სპარტაკისთვის უთქვამს, შენში ქართველი ერის ღირსებააო, იგი თეატრში არავის მიუწვევია. მეტიც, რაღაც დოკუმენტური ფილმის გახმოვანებაზეც უარი უთქვამთ, – დიქცია არ გივარგათ, სხვამ უნდა გაახმოვანოსო. „ამ ამბავმა მამაზე საშინლად იმოქმედა. აღელვებულმა თქვა: რას მერჩოდა ეს ჭიაურელი, ინჟინერი ვიქნებოდი და ერთ-ორ ხიდს მაინც ავაშენებდიო“, – იხსენებს მანანა ბაღაშვილი.

თუმცა მანამდე, სტალინთან სტუმრობისას, საბჭოთა ბელადს საყვარელი მსახიობის სადღეგრძელო შეუსვამს, შემოქმედებითი წარმატებები უსურვებია და უთქვამს, გადაღლილი ჩანხარ, უნდა დაისვენო, მითხარი, სად გინდა, რომელ ადგილას ან ვისთან ერთად დასვენება, იქ გაგგზავნიო, მაგრამ სპარტაკ ბაღაშვილს უარი შეუბედავს: „დასვენება რას მიქვიან, მუშაობა მინდა, რაც შეიძლება მეტი მუშაობა“, მალე „აკაკის აკვნის“ გადაღება იწყება და იქ უნდა ვიმუშაო, დასვენებისთვის არა მცალიაო.

„ბიჭო, „აკაკის აკვანი“ არსად გაგექცევა, ჯანმრთელობას კი სწორედ მუშაობისთვის უნდა გაუფრთხილდე. შენ ჯერ დაისვენე და მერე უკეთ დაარწევ იმ „აკვანს“, – უთქვამს სტალინს და წინააღმდეგობის მიუხედავად მსახიობი ბოლოს მაინც დაუთანხმებია: „თუ თქვენ აგრე მიგაჩნიათ საჭიროდ, დავისვენებ“… მე მაშინ გამიკვირდა სპარტაკის ქცევა, მერე მასზე სიტყვა რომ ჩამოვუგდე ამხანაგ კანდიდ ჩარკვიანს, მოიარებით მიმანიშნა, შიზოფრენია ემუქრებაო და გულწრფელად შევწუხდი, ამ ნიჭიერი, ჯერ ახალგაზრდა კაცის საშინელი ავადმყოფობის გამო“, – წერს მოგონებებში აკაკი ვასაძე.

„ტრაგიკული მშვენიერება“

სპარტაკ ბაღაშვილი „აკაკის აკვანში“ სამ როლს თამაშობს – გამზრდელს, ესტატე მეწისქვილეს და ვაჟა-ფშაველას. ფილმის რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა ყველას დაუმტკიცა, რომ მსახიობს გარდასახვის უბადლო ნიჭი აქვს. მას არასდროს უთქვამს, თუ რატომ გააერთიანა ეს სახეები, რატომ ანდო თუნდაც ვაჟა-ფშაველას როლი მაინცდამაინც ბაღაშვილს, რომელიც საქართველოს ცეკას მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის ბრძანებით გიორგი სააკაძის როლს არ გააკარეს მიხეილ ჭიაურელის ამავე სახელწოდების ფილმში.

„აკაკის აკვანი“, სპარტაკ ბაღაშვილი ვაჟა-ფშაველას როლში

საერთოდ, ერთი ხანობა სპარტაკ ბაღაშვილის უბადლო ტალანტს ყველა აღიარებდა, რადგან ხვდებოდნენ, როგორ ძალდაუტანებლად, ზედმეტი თეატრალობის გარეშე თამაშობდა და მართლაც განუმეორებელ, ღირებულ, ძალიან ბუნებრივ სახეებს ქმნიდა ნებისმიერ ფილმში, იყო ეს თენგიზ აბულაძის „ვედრება“, ფარაჯანოვის „წინაპართა აჩრდილები“, ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას „თეთრი ქარავანი“ თუ „დიდოსტატის მარჯვენა“, „ხევისბერი გოჩა“, „მთვარის მოტაცება“… როლზე რომ მუშაობდა, თურმე ხშირად დადიოდა ბიბლიოთეკაში და იმ ეპოქის კოსტიუმის ისტორიასაც კი კითხულობდა.

იურკო მალფარას როლში (სერგო ფარაჯანოვის „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები“)

როგორც ამბობენ, საბჭოთა წყობამ ვერ აიტანა ეს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობის მქონე პიროვნება და 1933 წელს ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დაიჭირეს. ციხეში ერთი წელი იჯდა. სამწუხაროდ, ვერც კინოში აიტანეს ასეთი ბუნებრივი მსახიობი და როლებს აღარ აძლევდნენ… სცენას არავინ გააკარა – სტალინის ბრძანება, ეთამაშებინათ ოტელო, არ შესრულებულა, აი, რადიოში კი ბარათაშვილს კითხულობდა საოცრად, გულში ჩამწვდომად… სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე კი მართლა ავად გახდა, ხალხი მას ქუჩაში ხედავდა, ხშირად ნასვამსაც… გიორგი ლეონიძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის ლექსებს კითხულობდა. ასეთი შეხვედრია იგი მწერალ რეზო ინანიშვილს, რომელიც მოგვიანებით იხსენებდა: შემომხედა და თავისი ბიბლიური ხმით მითხრა, ადამიანმა წინასწარ რომ იცოდეს, რა ელის ცხოვრებაში, მას ვერავითარი ძალა ვერ გამოიყვანს დედის საშოდანო.

„კოლხური ბალადა“

სწორედ რეზო ინანიშვილმა უწოდა მას „ტრაგიკული მშვენიერება“: „…კინოსტუდიას, და საერთოდ თბილისს, სევდით ავსებდა თავად სევდიანი, შუბლთან მჯიღმიტანილი, კედელს მიყუდებული. ვინ იყო კიდევ ასეთი ტრაგიკული მშვენიერება ჩვენში?“

***

ეს „ტრაგიკული მშვენიერება“ 1977 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. 7 თებერვალს დაკრძალეს. თურმე ფილტვების ანთება ჰქონდა და ექიმებმა ვერ გაიგეს. ამის გამო გულიც დაუსუსტდა. ორ კვირას იავადმყოფა და…

ამ ორი კვირის მანძილზე მას სიძე – ქალიშვილის ქმარი უვლიდა. ქალებს ოთახში არ უშვებდა. გარდაცვალებამდე უკითხავს, დღეს რა დღეაო? კვირაო, რომ გაუგია, კვირას წასვლა კარგიაო, უთქვამს და ჩაუღიღინია: „სანამ ცოცხალ ვარ, ესე ვიქმ, ვახარებ ჩემსა იასა, მოვკვდები – გაუხარდება სამარის კარსა, ჭიასა…“

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close