„უცხოეთში ვიგრძენი, თუ რა ღრმად შეგიძლია ისუნთქო, ლაღად იცინო, როცა სახლში, საქართველოში ხარ!“ – თვითნასწავლი ქართველი მხატვარი გერმანიაში
ახლაც, როგორც ბავშვობაში, სახლში კედლები სავსეა მისი ნახატებით… ხატვა მანანა სააკაშვილის ბავშვობისდროინდელი გატაცებაა, რომელიც მთელ ცხოვრებას ულამაზებს, ემიგრაციაშიც. 20 წელზე მეტია, ოჯახთან ერთად გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. ორი წლის წინათ ჰანოვერში მისი პერსონალური გამოფენაც მოეწყო. ახლა თვითნასწავლი ქართველი მხატვრის ნამუშევრები არაერთი უცხოელის ბინას ამშვენებს, რომლებიც მისი შემოქმედებით მოიხიბლნენ და ნახატები შეიძინეს.
მანანა სააკაშვილი გერმანიაში სტუდენტობისას წავიდა მეუღლესთან ერთად – და „შემორჩა“, როგორც ხშირად ხდება ხოლმე… პროფესიით ქიმიკოსია, ხატვა კი მისთვის განტვირთვა და სულიერი საზრდოა, ამ სფეროში განათლება არასდროს მიუღია, თუმცა შესაძლოა მისი შემოქმედების მთავარი ხიბლი სწორედ ეს თვითნაბადი ნიჭი იყოს, რომელიც თავად სპონტანურად განავითარა, აკადემიური განათლების გარეშე.
მანანა, ძალიან საინტერესო ნამუშევრები გაქვთ, კონცეპტუალური და ფერადოვანი, თან სულ სხვადასხვა სტილის… ხატვის ნიჭი გენეტიკურად ხომ არ მოგყვებათ?
პირველ რიგში, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის! პროფესიით ქიმიკოსი ვარ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ბავშვობაში სულ ვხატავდი, უფრო მეტად – ფანქრით, ოთახის კედლები სავსე იყო ჩემი ნახატებით (იცინის). ახლა მწყდება გული, სამხატვრო განათლება რომ არ მაქვს. რაც შეეხება გენეტიკას, არა მგონია, ხატვისადმი ჩემი ასეთი ინტერესი გენეტიკური იყოს, რადგან ჩემს ოჯახში არავინ ხატავს.
არ გიფიქრიათ, რომ სწავლა სამხატვრო აკადემიაში გაგეგრძელებინათ და პროფესიული განათლება მიგეღოთ?
ვარჩიე, სწავლა ქიმიის ფაკულტეტზე გამეგრძელებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, სამედიცინო პროფესიული კოლეჯი დავამთავრე გერმანიაში, ქ. ჰანოვერში და კბილის ექიმის ასისტენტად ვმუშაობ 2015 წლიდან.
გერმანიაში როდის და რატომ წახვედით?
2001 წელს წამოვედი სტუდენტის სტატუსით ჩემს მეუღლესთან (სოსო დააშაშვილი) ერთად. რა თქმა უნდა, მაშინ საქართველოში არსებულ რთულ ვითარებას, მძიმე პირობებს გავარიდეთ თავი. იმ პერიოდისთვის, ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით, მაგრამ მოხდა ისე, რომ დღემდე აქ ვართ.
ალბათ კარგად შეძელით თავის დამკვიდრება და ადაპტაცია, რადგან 20 წელზე მეტი გავიდა და ისევ გერმანიაში ცხოვრობთ.
თავიდან ძალიან რთული იყო… საერთოდ, რამდენიმე ეტაპად დავყოფდი ჩვენს ცხოვრებას ამ ქვეყანაში. უპირველესი და ყველაზე დიდი სირთულე ენის ბარიერია! ასევე, გერმანიაში სტუდენტებს შეზღუდული მუშაობის უფლება აქვთ და, შესაბამისად, სამსახურის შოვნაც ძნელი იყო. ერთმანეთის გამხნევებით, ახლობლების დახმარებით მივიწევდით წინ. ბევრჯერ მოგვიწია ყველაფრის თავიდან დაწყება…
ქართველები ბევრნი არიან თქვენ ირგვლივ? თუ გყავთ უცხოეთში ადამიანი, ვის აზრსაც იზიარებთ, ენდობით, მისი ობიექტურობის გჯერათ?
კი, ბევრი ქართველი ცხოვრობს ჰანოვერში. აქ ქართული სათვისტომოცაა და საკვირაო სკოლაც. ბავშვები ქართულ წერა-კითხვას, ისტორიას და ქართულ ცეკვას სწავლობენ, ტრადიციებს არ ივიწყებენ. მყავს ძალიან ახლო მეგობრები, რომლებსაც თითქმის ოჯახის წევრებად ვთვლი. რამდენიმე უცხოელი ახლობელიც მყავს, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, სწორი რჩევა მომცენ და დამეხმარონ. ყველაზე მეტად კი, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე და შვილები მიდგანან გვერდში, მათი კარგად ყოფნა მამხნევებს და ძალას მმატებს.
რამდენი შვილი გყავთ?
ორი ქალიშვილი – სალომე და ნინი. ორივე კარგად საუბრობს ქართულად, ძალიან უყვართ საქართველოში არდადეგების გატარება. თითქმის ყოველ წელს ვახერხებთ, რომ წამოვიდეთ და მშობლიური ქვეყანა, ახლობლები მოვინახულოთ.
პირველად როდის, რამდენი წლის შემდეგ მოახერხეთ საქართველოში ჩამოსვლა, ბავშვები როდის წაიყვანეთ გერმანიაში?
პირველად მესამე წელს ჩამოვედით საქართველოში. ბავშვები გერმანიაში დაიბადნენ, მაგრამ შეუძლებელი იყო, რთულ რეჟიმში ბავშვებთან ერთად გვეცხოვრა და გარკვეული პერიოდი ბებიები გვეხმარებოდნენ საქართველოში. საბედნიეროდ, მალე მოვახერხეთ, რომ ისევ ჩვენთან წამოგვეყვანა, ბაღში და დაწყებით კლასში ჰანოვერში მივიყვანეთ. დღემდე ერთად ვართ. სალომე უკვე 18 წლისაა, გიმნაზიას ამთავრებს და სტუდენტობისთვის ემზადება. სალომესაც უყვარს ხატვა და, სხვათა შორის, მომწონს მისი ნახატები. ნინი კი მე-8 კლასშია, კარგად უკრავს ფორტეპიანოზე. დიდი ბედნიერებაა, რომ მთელი ოჯახი ერთად ვართ, ჩვენი შვილები ჩვენ თვალწინ იზრდებიან.
ოჯახი, სამსახური… ხატვისთვის საკმარისი დრო გრჩებათ?
ძალიან დატვირთული გრაფიკით ვმუშაობ, ჩემთვის დილის 6 საათზე იწყება დღე და საღამოს ხშირად გვიან ვბრუნდები სახლში. მიუხედავად ასეთი სამსახურებრივი დატვირთვისა და საოჯახო საქმეებისა, მაინც ვპოულობ დროს ხატვისთვის. ძალიან მიყვარს, დიდ სიამოვნებას მგვრის. რამე თუ დავიწყე, მინდა სწრაფად დავამთავრო, მალე ვნახო, როგორი გამოვა (იცინის)… ახლაც, როგორც ბავშვობაში, სახლის კედლები ისევ სავსეა ჩემი ნახატებით. ეს ნახატები აფერადებს ჩემს რუტინულ ცხოვრებას.
საოცარი ფერებია თქვენს ნამუშევრებში, ნათელი, ხასხასა… წინასწარ გაქვთ ხოლმე გააზრებული, რას დახატავთ თუ ხატვის პროცესში სპონტანურად იბადება იდეა?
კი, მკვეთრი, ხასხასა ფერები მიყვარს… განსაკუთრებით თეთრი და სამეფო ლურჯი მომწონს. ყოველთვის წინასწარ მაქვს გააზრებული ძირითადი ფიგურა, რაც მინდა, რომ დავხატო, მაგრამ შემდეგ ხატვაში მოდის სხვადასხვა დეტალი და ძალიან მიტაცებს და მახალისებს ეს პროცესი. აგრეთვე, მომწონებია ნახატი ან ფოტო და ისიც დამიხატავს და მიხარია, რომ მერე ჩემს კედელზე დაიკავა ადგილი.
სახელს არ არქმევთ ნახატებს – რატომ?
სახელს არ ვარქმევ, მაგრამ თითოეული ნახატის განწყობა მახსოვს: რომ ვუყურებ, იმ ხასიათზე ვდგები, როგორზეც ხატვის დროს ვიყავი. ნახატებს ხშირად ვდებ სოციალურ ქსელში, მაინტერესებს, ჩემი მეგობრები რას დაარქმევენ, რა აზრს გამოთქვამენ კომენტარებში. დიდი ინტერესით ვკითხულობ ხოლმე…
განსაკუთრებული გარემო და განწყობა თუ გჭირდებათ სამუშაოდ?
განწყობა აუცილებლად მჭირდება. მაქვს დღეები, როცა საერთოდ ვერაფერს ვხატავ, მაგრამ ყოფილა ისეც, რომ ზედიზედ დამიხატავს 2-3 ნახატი. მიყვარს, როცა ემოცია, განწყობა ჩანს ნახატში. სოციალურ ქსელებში ბევრ კომენტარს ვკითხულობ ხოლმე და მახარებს, როცა ვინმე ზუსტად ამოიცნობს იმ ხასიათს, რაც მე ჩავიფიქრე.
თქვენი ნაცნობი გერმანელები რას ამბობენ თქვენს შემოქმედებაზე?
არ მეგონა, ასე რომ მოეწონებოდა ვინმეს ჩემი ნახატები. ჩემი კოლეგები, მათი ოჯახის წევრები დიდი მონდომებით ელოდებიან ახალ ნახატს, ათვალიერებენ, მიფასებენ… ბევრი სოციალური ქსელიდან დამიმეგობრდა და სხვადასხვა ქალაქში წაიღეს. ჰანოვერშიც საკმაოდ ბევრ ოჯახშია ჩემი ნახატი.
ყიდით ნახატებს?
კი, გამიყიდია და გაჩუქებითაც ბევრი ნახატი გამიჩუქებია. ზოგს საჩუქრად უნდა, ზოგი თავისთვის ირჩევს… ხშირად ფოტოებიც გადმოუგზავნიათ, სად მიუჩინეს ჩემს ნახატს ადგილი, რაც ძალიან მახარებს. ორი ნახატი საბერძნეთში წაიღეს, გერმანიის რამდენიმე ქალაქშიც არის ჩემი ნამუშევრები. ერთის წასაღებად მოსულს ზოგჯერ 2 და 3 წაუღია, მოსწონთ და მეც დიდი სიამოვნებით ვაძლევ, მიხარია, რომ ბევრ ოჯახშია ჩემი ნახატები. რამდენიმე შეკვეთაც მქონდა. სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო ბევრჯერ უარი მითქვამს დახატვაზე.
მაგრამ, როგორც ვიცი, გამოფენა გქონდათ გერმანიაში… ვინ და რამ მოახდინა განსაკუთრებული ზემოქმედება თქვენს შემოქმედებით ზრდაზე?
კი, გამოფენა მოვაწყვე მეგობრების წახალისებით და ქართული სათვისტომოს დახმარებით. დიდი მადლობელი ვარ მათი. 2019 წელს ქ. ჰანოვერში, 26 მაისთან დაკავშირებით ქართულ საკვირაო სკოლაში კონცერტი ჩატარდა და ამ დღეს დავამთხვიეთ ჩემი ნახატების გამოფენაც. ძალიან სასიამოვნო დღე იყო. უცხოელიც ბევრი მოვიდა და უამრავი საინტერესო და კარგი შეფასება მივიღე. დიდ სტიმულს მაძლევს, როდესაც ვინმე დადებითად აფასებს ჩემს ნახატს, კრიტიკაც მომწონს და ვიღებ, ვცდილობ, შენიშვნები გავითვალისწინო. სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს ხატვა არ ეხერხება, მაგრამ ძალიან კარგი ხედვა აქვს და მის შენიშვნებს ყოველთვის ვითვალისწინებ.
ქართველი მხატვრებიდან ვინ მოგწონთ ყველაზე მეტად და უცხოელებიდან – ვინ?
თანამედროვე ქართველი მხატვრებიდან რუსუდან ფეტვიაშვილის და მერაბ გაგილაძის ნახატებს შემიძლია დაუსრულებლად ვუყურო, ვათვალიერო და საინტერესო დეტალები აღმოვაჩინო. ძალიან მომწონს მეგი გვენეტაძის ორნამენტები და ულამაზესი ფერები. უცხოელი მხატვრებიდან? – ძნელია ჩამოთვლა… გუსტავ კლიმტი მომწონს ძალიან, მოდილიანის ნახატების ნახვა კი ჩემი ოცნებაა.
თქვენი მომავლის გეგმები როგორია შემოქმედებითი თვალსაზრისით? საქართველოში როდის უნდა ველოდოთ თქვენს პერსონალურ გამოფენას?
სიმართლე გითხრათ, ამ კუთხით გეგმები არ მაქვს, თუმცა სურვილი პატარა გამოფენის მოწყობისა დიდია. რა ვიცი, იქნებ შევძლო როდისმე ამ სურვილის ასრულება…
აუცილებლად შეძლებთ! უცხოეთში ყოფნამ რაზე დაგაფიქრათ?
უცხოეთში ყოფნამ დამაფიქრა და მაგრძნობინა, თუ რა ღრმად შეიძლება ისუნთქო, როცა სახლში, საქართველოში ხარ; როგორ ლაღად შეგიძლია იცინო, ბავშვობა გაიხსენო მეგობრებთან ერთად, ჩაეხუტო, მოესიყვარულო, სპონტანურად შემოსულ მეზობელს ყავა მოუდუღო და მერე კარგად „იჭორაო“…
რა მოგწონთ ყველაზე მეტად გერმანიაში? თუ არის რაიმე ისეთი, რის დამკვიდრებასაც მშობლიურ ქვეყანაშიც ისურვებდით?
გერმანიის წესრიგს ვისურვებდი საქართველოში. ვისურვებდი ისეთივე ჯანდაცვას, ახალგაზრდების დასაქმებას, მოხუცების და ინვალიდების ისეთ პატივისცემას, როგორიც ამ ქვეყანაშია.
ყველაზე ხშირად რა შეკითხვას უსვამთ საკუთარ თავს?
დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ვახერხებ სახლში დარეკვას, ოჯახის წევრების მოკითხვას და სულ მაქვს დანაშაულის გრძნობა, რომ საკმარის დროს ვერ ვუთმობ მათ. „ნეტავ, როგორ არიან?“ – მუდმივად მიტრიალებს გონებაში. დავრეკავ, დაველაპარაკები და ვმშვიდდები, მაგრამ…
ემიგრანტობა რა არის თქვენთვის? ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?
ემიგრანტობა უცხო ქვეყანაა, უცხო ხალხია. რამდენ ხანსაც არ უნდა იცხოვრო სხვა ქვეყანაში, მაინც უცხოელი ხარ. ჩვენთვის ძალიან რთული არ არის ეს ყოფა სხვა ემიგრანტებთან შედარებით, რომლებიც წლობით ვერ ახერხებენ საკუთარი ოჯახის წევრების ნახვას. ჩვენ თითქმის ყოველ ზაფხულს ჩამოვდივართ საქართველოში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, – მაინც შორს ვართ. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ დაბრუნებაზე, მაგრამ როდის? – ამას ჯერ ვერ ვგეგმავთ, თუმცა ის ნამდვილად ვიცით, რომ აუცილებლად დავბრუნდებით!
რას ეტყოდით თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში წასვლას აპირებენ – მათი რიცხვი ხომ დღითიდღე იზრდება…
ყველას წარმატებას, გამართლებას ვუსურვებ! არ დაკარგონ იმედი და სადაც იქნებიან, ღირსეულად და ღირსეულები იყვნენ!
დაბოლოს, ახალი 2023 წელი ახლოვდება – რას ისურვებდით?
მინდა მთელი მსოფლიოსთვის მშვიდობის, სიხარულის და სიყვარულის წელი მოსულიყოს! არ იყოს უსახლკარო, მშიერი და ავადმყოფი ბავშვი! ჩინური კალენდრის მიხედვით, კურდღლის წელი მოდის და კურდღელი მშვიდობის მოყვარულია. მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები