მსოფლიოპოლიტიკა

ანჯეი დუდამ პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნა უბედურ შემთხვევად შეაფასა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ „უბედური შემთხვევა“ უწოდა ქვეყნის აღმოსავლეთში სამშაბათს საღამოს მომხდარ აფეთქებას. პოლონური მხარის შეფასებით, ინციდენტი ქვეყანაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგი არ ყოფილა.

„სამშაბათს პშევოდუვში მომხდარი აფეთქება, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, არ ყოფილა პოლონურ მხარეზე თავდასხმა. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ რაკეტა რუსეთის მიერ იყო გაშვებული“, – განაცხადა დუდამ.

პრეზიდენტმა იქვე განმარტა, რომ ტრაგედიაში რუსეთია დამნაშავე, რომელმაც მასირებული იერიში მიიტანა უკრაინაზე და, სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც თავდასხმას იგერიებდა, პოლონეთის საზღვრებში ჩავარდა.

დუდას თქმით, შემთხვევის ადგილის წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ მომხდარი რაკეტის ჩამოვარდნის შედეგია, შესაძლოა, დარჩენილი საწვავის აფეთქებასთან ერთად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკის ინფორმაციით, შეგროვილი მტკიცებულებები, ასევე ამერიკული მხარის მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.

მისივე თქმით, ნატოს წესდების მე-4 მუხლის გააქტიურება ამ ეტაპზე შესაძლოა არ იყოს საჭირო, „მაგრამ ეს ინსტრუმენტი ჩვენს განკარგულებაშია“. მე-4 მუხლი ითვალისწინებს ალიანსის მიერ კონსულტაციების დაწყებას საფრთხეზე, რომელიც ერთ-ერთ წევრს აშფოთებს.

15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი 2 რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას „ ვითარების ესკალაციისთვის გამიზნული პროვოკაცია“ უწოდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 16 ნოემბერს, დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პოლონეთში არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა ჩავარდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრებს და ნატოს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია – ეს ინფორმაცია სააგენტო„როიტერსს“ ნატოდან აცნობა  წყარომ ოთხშაბათს 16 ნოემბერს.

აფეთქებამ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გლობალური შეშფოთება გამოიწვია უკრაინის კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებში გაფართოების შესაძლებლობის გამო.

უკრაინის საჰაერო ძალები მზადყოფნას გამოხატავს, ხელი შეუწყოს გამოძიებას პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ სიმართლის დასადგენად.

წყარო: radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close