ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მოპარეს – „ოღონდ ქურდი ქართველი არ იყოს და ნახევარ სიცოცხლეს დავთმობ!..“
პოლიციამ კვარას „მინი კუპერი“ ხუთშაბათ საღამოს ტრენტოლა დუცენტაში, პატარა ქუჩაზე აღმოაჩინა
ცნობილი იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, ნეაპოლის მახლობლად მდებარე ქალაქ კუმაში „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს.
„ხვიჩა კვარაცხელიას უსიამოვნო ამბავი შეემთხვა. ცნობილი გახდა, რომ ის ნეაპოლში საკუთარ სახლში გაქურდეს. ქურდებმა მისი ავტომობილი Mini Countryman-ი გაიტაცეს. ამ დროისთვის ხვიჩა შინ იყო, მაგრამ ვერაფერი შენიშნა, საბედნიეროდ, იგი თავად არ დაზიანებულა. ქართველმა ტალანტმა პიცუოლის პოლიციის განყოფილებაში საჩივარი უკვე შეიტანა“, – წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილი Mini Countryman-ი კვარამ 28 სექტემბერს იყიდა. შემთხვევა 3 ნოემბერს, ღამით მოხდა და ფეხბურთელს ინციდენტის დროს ეძინა.
წყაროსვე ცნობით, კვარაცხელიამ პოლიციის განყოფილებაში საჩივარის შეტანის შემდეგ გუნდთან ერთად ჩვეულებრივად ივარჯიშა. „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება – 5 ნოემბერს მეორე ადგილზე მყოფ „ატალანტას“ ხვდება ამ უკანასკნელის მოედანზე, რომელსაც ხუთი ქულით უსწრებს.
Furto a casa di #Kvaratskhelia a #Napoli: ecco che cosa hanno rubato i ladri ⬇️ https://t.co/xa8TVyJcnJ
— Corriere dello Sport (@CorSport) November 3, 2022
ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ მედიაში ქართველი ფეხბურთელის მანქანის გატაცების ფაქტს ეხმაურებიან და მას ბოდიშს უხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„კვარა, ის ხალხი ჩვენ არ წარმოგვადგენს, ბოდიშს გიხდით“, „მთელ ნეაპოლს უყვარხარ, ამ კრიმინალებმა შეარცხვინეს ჩვენი ხალხის იმიჯი“, „სხვა დროს ეს არასდროს მოხდებოდა, ოდესღაც „ნაპოლის“ ფეხბურთელებს არავინ ეხებოდა“, „იმედია მალე იპოვიან მის მანქანას და ქურდები დაისჯებიან!“, „ნუ დავანგრევთ ამ მშვენიერ ოცნებას“, – წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ მედიაში.
მომღერალი ნინი შერმადინი შიშობს, მანქანის ქურდი ქართველი არ აღმოჩნდეს:
„ოღონდ მანქანის ქურდი ქართველი არ იყოს და თუ გინდა ნახევარ სიცოცხლეს დავთმობ! ბიჭი საქართველოს მსოფლიოს აცნობს და აყვარებს და ჩვენ თუ მას ესე ვექცევით, მართლა მრცხვენია ყველას მაგივრად. დიდი იმედი მაქვს, რომ ქურდი ქართველი არ იქნება“, – წერს სოციალურ ქსელში ნინი შერმადინი.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი მოთამაშე არ არის, რომელიც იტალიაში გაძარცვეს. წლების წინ, იტალიაში თამაშის დროს, ლევან მჭედლიძეც დააყაჩაღეს და მისი სახლიდან კომპიუტერის გარდა ფულიც მოიპარეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული „მინი კუპერი“ დაუბრუნეს, – ინფორმაციას ისევ corriere dello sport ავრცელებს.
„ქართველს მისი Mini Countryman-ი სახლიდან მოპარეს. მაგრამ კვარაცხელიას მანქანის ქურდობას ბედნიერი დასასრული ჰქონდა.
საღამოს მისი Mini Countryman ტრენტოლა დუცენტაში, პატარა ქუჩაზე გაჩერებული იპოვეს.
მანქანა პოლიციამ მოპარვიდან 24 საათზე ნაკლებ დროში აღმოაჩინა. „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა საჩივარი პოცუოლის პოლიციის განყოფილებაში შეიტანა. წუხელ ქურდებმა მის ბინაში შეაღწიეს და მანქანა წაიყვანეს. ამ დროს ფეხბურთელს სახლის პირველ სართულზე ეძინა და არაფერი შეუმჩნევია“, – წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, დაბრუნებული მანქანა ქართველ ფეხბურთელს კი არ უყიდია, არამედ იქირავა.
სავარაუდოდ, მანქანის ქურდებმა თავიდან არ იცოდნენ, ვისი კუთვნილი ავტომობილი მოიპარეს, შემდეგ კი, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, კვარას კუთვნილი მოპარული მანქანა პატარა ქუჩაზე დატოვეს.
ცნობისათვის: 2021 წლის სტატისტიკით, იტალიაში მოპარული ავტომანქანების ყველაზე დიდი წილი კამპანიაზე (რეგიონის დედაქალაქი – ნეაპოლი) მოდის. გასულ წელს იტალიაში მოპარული 104 ათასი ავტომობილიდან კამპანიაში მოიპარეს 27 ათასი (შედარებისთვის: მეორე ადგილზეა ლაციო – 18 000, ხოლო მესამეზე აპულია – 14 000).
რაც შეეხება ნაპოვნ და დაბრუნებულ მანქანებს, პოლიციამ 2021 წელს მხოლოდ 37% (მესამედზე ცოტა მეტი) იპოვა და პატრონს დაუბრუნა. ასე რომ, იტალიელ მძღოლებს მოუწოდებენ, ავტომობილები დააზღვიონ მოპარვასა და ცეცხლის გაჩენაზე.
2022 წლის სტატისტიკაში მოპარულ, შემდეგ კი ნაპოვნ და პატრონისთვის დაბრუნებულ ავტომობილებს შორის ხვიჩა კვარაცხელიას Mini Countryman-იც მოხვდება.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
სტატია განახლებულია 4 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე, დამატებული აქვს სტატისტიკა.
კომენტარები