მედიცინასაზოგადოება

გავაჩენ სხვის შვილს – როგორ მუშაობს სუროგაციის ინდუსტრია საქართველოში?

„დიდხანს ვერ დაგელაპარაკებით. ნათესავები უნდა ჩამოვიდნენ სოფლიდან, არ იციან, სუროგატი რომ ვარ, ამიტომ მათ მოსვლამდე თუ წახვალთ, კარგი იქნება. ვერ ავუხსნი, ვინ ხართ და რატომ მოხვედით“, – ტელეფონით მითანხმდება ნინო, სუროგატი დედა. ნინო ტყუპზეა ორსულად. ბავშვები ორ თვეში უნდა გაჩნდნენ. „კი, კი, დიდ დროს არ წაგართმევთ“, – ვპასუხობ და მისამართს ვინიშნავ.

„საკუთარ თავს ვუთხარი – შენ ხარ ძიძა“

ნინო გარეუბანში, ბარაკის ტიპის სახლში ცხოვრობს. მისი სახლის მიგნება არც ისე ადვილია, ამიტომ ბენზინგასამართ სადგურთან მხვდება. ბოდიშს ვუხდი შეწუხებისთვის და ნელა მივუყვებით გზას მისი სახლისკენ. გრილა. წითელ ხალათს მჭიდროდ იხვევს მუცელზე.

ნინო სუსტად გრძნობს თავს. ცოტა ხნის წინ კონსულტაციაზე იყო. მუცლის მოშლის საფრთხის გამო, ექიმმა მედიკამენტი გამოუწერა, რამაც დაბალი წნევა გამოიწვია და ახლა თავბრუსხვევა აწუხებს.

„ბოლო ერთი თვეა, ექიმმა მირჩია, ძირითადად, ვიწვე. დაბალი წნევები დამეწყო. ფეხზე რომ ვდგები, თვალებში მიბნელდება. თან ტყუპს ველოდები და არის საფრთხე, რომ ნაადრევად ვიმშობიარო. ნეტა, ხუთიანზე ჩამამთავრებინა ეს საქმე და მეტი არაფერი მინდა“, – მეუბნება ნინო და კარს აღებს.

სახლის გარშემო, თოკებზე, სარეცხი შრება.

„შვილები მეხმარებიან. მე რომ ვწევარ, სახლის საქმეს ისინი აკეთებენ. აი, ხომ ხედავთ, როგორი სახლია და ამ სახლშიც კი 600 ლარს ვიხდით. ქირამ შეგვჭამა. სუროგატობასაც ამიტომ დავთანხმდი, იქნებ როგორმე პატარა სახლი ვიყიდო“.

მე ერთი საწოლის კუთხეში ვჯდები, ნინო – მეორე საწოლის კუთხეში. ოთახში ერთი დაბალი კომოდი და ერთიც სკამი დგას. იქით კიდევ ერთი პატარა ოთახი და სამზარეულოა. როგორც ჩანს, სიარულმა დაღალა. ნინო ჩქარ-ჩქარა სუნთქავს.

ის 38 წლისაა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო შანსი გამოიყენა. საქართველოში 39 წლისა სუროგატი დედა ვეღარ გახდები. ნინო უკვე მეორედ დათანხმდა სხვისი შვილის დროებით „დედობას“. პირველი ბავშვი 2020 წელს გააჩინა, ბიჭი. მაშინ ნინოს 10 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადეს.

„ქართველი წყვილები მეტს არ იხდიან“, – მეუბნება ნინო.

15 წლის იყო, რომ დაქორწინდა. სამი შვილი ჰყავს. უფროსი 22 წლისაა. ნინოს ოჯახს სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი აქვს. ქმარი მუშაობს, თუმცა არასტაბილური შემოსავლით.

სუროგატი დედობა პირველად 2015 წელს შესთავაზეს. „იმ პერიოდში საშინლად გვიჭირდა, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც ვერ გადავდგი, მაშინ წარმოუდგენლად მეჩვენა ეს შემოთავაზება, თუმცა, იქიდან მოყოლებული, სულ ვფიქრობდი, რომ ეს შესაძლოა კარგი შანსი ყოფილიყო, რომ ოდნავ მაინც დაგვეღწია თავი გაჭირვებისთვის“, – მიყვება ნინო.

პირველი სუროგაციით მიღებული ანაზღაურების ნაწილი ბანკში შეიტანა. ახლა, ტყუპს რომ გააჩენს, ცოლ-ქმარმა, რომლებიც ინდოეთიდან არიან, 15 ათასი დოლარი უნდა გადაუხადონ. ორი მშობიარობით შეგროვებული ფულით უნდა, რომ პატარა სახლი იყიდოს.

„უფროსი შვილი, ბიჭი, სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ავუხსენი, რომ ამას ჩვენი კეთილდღეობისთვის ვაკეთებდი. რომ სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავდი. რომ მეორე გამოსავალი საზღვარგარეთ წასვლა და იქ მუშაობის დაწყება იყო, რაც მე არ მინდოდა. არ მინდოდა შვილების დატოვება და სახლიდან შორს გადახვეწა. ავუხსენი, რომ ამაში სასირცხვილო არაფერი იყო. რომ ბავშვი, რომელსაც გავაჩენდი, არ იყო ჩემი ბიოლოგიური შვილი და არ იქნებოდა არც მისი და და არც ძმა. შვილები უფრო იმაზე წუხდნენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შემქმნოდა, რადგან ორსულობის პირველ თვეებში საკმაოდ ბევრ მედიკამენტს იღებ იმისათვის, რომ შენს სხეულში გადატანილმა ემბრიონმა სიცოცხლე შეინარჩუნოს. რა დასამალია და იმ თვეებში თავს ნამდვილად არ ვგრძნობდი კარგად, თავი მტკიოდა, სუსტად ვიყავი… მაგრამ ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო და მალე გამივლიდა“.

ნინო დეტალებს არ უღრმავდება, თუმცა ამბობს, რომ ცოლ-ქმარი, რომლისთვისაც შვილი პირველი სუროგაციით გააჩინა, ორსულობის პირველ პერიოდში „პრეტენზიულები და მომთხოვნები“ იყვნენ:

„განსაკუთრებით, დედა. აკონტროლებდა ყველაფერს – რას ვჭამდი, რას ვსვამდი, მაგრამ შემდეგ, როცა გამიცნო, ნახა, რომ სანდო ადამიანი ვიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ბავშვი კარგად ყოფილიყო და ორსულობა მშვიდობიანად ჩამთავრებულიყო, შეიცვალა. მშობიარობის დროსაც თავზე მედგა, როგორც მე ვტიროდი, ისე ტიროდა ისიც“, – იხსენებს ნინო.

ბიჭი, რომელიც გააჩინა, მხოლოდ ერთხელ დაინახა:

„სამშობიაროში, გოგოებთან ერთად, სასადილოში მივდიოდი და სწორედ ამ დროს მიჰყავდათ ბავშვი. აი, მაშინ დავინახე. ყველანი ადამიანები ვართ. ცხრა თვე მუცლით ატარებ ბავშვს, ცხადია, რაღაც ემოცია გაქვს, მაგრამ სანამ ემბრიონს ჩემს სხეულში გადაიტანდნენ, საკუთარ თავს ჩავუნერგე, რომ მე ვარ ძიძა, რომელსაც ბავშვი მიაბარეს და ეს ბავშვი 9 თვეში მშობლებს უნდა დავუბრუნო. მართალია ბავშვის გაჩენის შემდეგ სიცარიელეს გრძნობ, მაგრამ ამ მდგომარეობასაც მალე ეჩვევი. ახლა, როდესაც მეორეჯერ ვაჩენ ტყუპს სუროგაციით, ამ ემოციებზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. ერთადერთი, ახლა იმაზე ვღელავ, რომ ბავშვები ნაადრევად არ დაიბადონ და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“.

მშობიარობის შემდეგ ნინო მეზობლებს ეტყვის, რომ მისი „შვილი“ გარდაიცვალა.

„დედას ვუთხარი, რომ დროებით სოფელში გადავედით საცხოვრებლად“ ​

სალომე ახლა 33 წლისაა. ორი შვილი ჰყავს – 11 წლის და 4-ის. უკვე მესამედაა სუროგატი დედა.

20 წლის იყო, როცა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო გადაწყვიტა, რომ სუროგატი დედა გამხდარიყო. ამ გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ მან და მისმა მეუღლემ იცოდნენ. ორსულობის ბოლო თვეებში დედას უთხრა, რომ ცოტა ხნით სოფელში გადადიოდნენ საცხოვრებლად.

„მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი და შვილიც თოთო მყავდა. საშინლად გვიჭირდა. არც სახლი გვქონდა, არც ყოველთვიური შემოსავალი. გაზეთში განცხადება ვნახე, სუროგატ დედებს ეძებდნენ. მივხვდი, რომ ბედი უნდა მეცადა. რამდენიმე ათას დოლარს სთავაზობდნენ სუროგატ დედას. ერთბაშად ამდენ ფულს მაშინ ჩვენ ვერაფრით მოვაგროვებდით. დაველაპარაკე ქმარს, ავუხსენი, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და განცხადებაში მითითებულ მისამართზე წავედი. იმ პერიოდის კვალობაზე კარგი პირობები შემომთავაზეს. გამომიკვლიეს, ჯანმრთელი ვიყავი და დავიწყე მზადება. პირველი ბავშვი 2013 წელს გავაჩინე. ისე გავაკეთე ყველაფერი, რომ ამის შესახებ არავის არაფერი გაეგო. დედასაც კი არ ვუთხარი. პირველ სუროგაციაზე ხელზე დაახლოებით 9 ათასი დოლარი ავიღე. იმ თანხით ბინა ვიგირავე, ექვსი წელი ისე ვიცხოვრეთ, ქირაში ფული არ გადაგვიხდია“.

ბავშვის გაჩენიდან დაახლოებით ერთ წელში, სალომემ კიდევ ერთი ბავშვი გააჩინა სუროგაციით. შემდეგ საკუთარი შვილი შეეძინა. ორ თვეში სუროგაციის წესით მესამე ბავშვს ელოდება:

„ძალიან მინდა ბინის შეძენა. იმედი მაქვს, რომ ამ ანაზღაურებით ბოლოს და ბოლოს მოვახერხებ. იცით, მხოლოდ ის მომენტი არ არის, რომ მე ამ საქმეში სოლიდურ ანაზღაურებას ვიღებ. როდესაც გავაცნობიერე, როგორი სიხარულია, როცა ვიღაცას ვაძლევ იმედს, რომ შვილს აიყვანენ ხელში, ეს ჩემთვისაც ძალიან დიდი შვება იყო. ტყუპი გავაჩინე ქართველი წყვილისთვის. ახლა უცხოელი წყვილის შვილს ვაჩენ. ბიჭს, ძალიან მაგარ ბიჭს. ბავშვების გაჩენის შემდეგ უფრო მეტად სიხარულს ვგრძნობ ხოლმე. ეს ბოლო სუროგაცია იქნება. მეტს აღარ ვგეგმავ. იმედია, სხვებიც გავაბედნიერე და ჩემს ოჯახსაც დავეხმარე“.

„ამას საქმეს რომ ვუწოდებ, ისიც კი მეუხერხულება“

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

ავტორი: ნინო თარხნიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close