ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტი

როგორ აიხდინა გალელმა გოგონამ თავისი ბავშვობის ოცნება ესპანეთში – თამარ ტუფურიას ემიგრანტული ისტორია

თამარ ტუფურიას ოჯახი დევნილად რომ იქცა საკუთარ სამშობლოში, გოგონა მხოლოდ 2 წლის იყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა… იმ დღიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ თამარმა მშობლიური მიწა კიდევ ერთხელ დატოვა (ოღონდ ამჯერად საკუთარი ნებით), 6 წლის წინათ, როდესაც ესპანეთში წავიდა ემიგრაციაში… და შეძლო, რომ ბარსელონაში ბავშვობის ოცნება აესრულებინა, თავისი ცხოვრების სიყვარულიც იქ იპოვა. როგორ? ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

მოგესალმებით, თამარ, დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. მოგვიყევით თქვენ შესახებ

მოგესალმებით, მეც მადლობას მოგახსენებთ, რომ ჩემით დაინტერესდით. მე ვარ თამარ ტუფურია, ქართველი ექიმი (სტომატოლოგი) ბარსელონაში.

დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში, ჩემი ოჯახი გალიდან დევნილია. სოხუმის დაცემის დროს მე ორი წლის ვიყავი.

თავიდან დევნილი ოჯახისთვის ადვილი არ იყო შვილებისთვის ოცნებების და მიზნების ასრულება, თუმცა ერთად დგომამ მრავალი დაბრკოლება გადაგვალახვინა, რისთვისაც ჩემი ოჯახის უსაზღვროდ მადლობელი ვარ.

32 წლის ვარ, ექვსი წელია ვცხოვრობ ბარსელონაში – ამ ულამაზეს ქალაქში, რომელიც ძალიან შემიყვარდა.

ემიგრანტობის პირველი ეტაპი ალბათ რთული იყო, რამდენად სწრაფად შეძელით ადაპტაცია?

რაც შეეხება გზას, რომელიც გავიარე, რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, როგორც ყველა ემიგრანტისთვის, მაგრამ ადაპტირებისთვის დიდი დროც არ დამჭირდა. მას შემდეგ, რაც ესპანური ენა საკმარისად შევისწავლე, მოვძებნე უნივერსიტეტი, სადაც შევძლებდი ჩემი დიპლომის შემდგომი განათლების მიღებას ესპანურ ენაზე.

ჩავაბარე ბარსელონის უნივერსიტეტში საერთაშორისო მაგისტრატურაზე, პირის ღრუს ქირურგიის, იმპლანტოლოგიის და პაროდონტოლოგიის ფაკულტეტზე. ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც სტუდენტი, რადგან ამ უნივერსიტეტმა ბევრი შესაძლებლობა მომცა და კიდევ უამრავი წარმატების შანსი წინაა. მეც მივყვები ამ კურსს, აუცილებლად მივაღწევ დასახულ მიზანს და სულ მალე ბარსელონის უნივერსიტეტის დოქტორანტიც გავხდები.

როგორც ვიცი, ახლა ბარსელონაში თქვენი პატარა სტომატოლოგიური კლინიკა გაქვთ. დიდი გამართლებაა, როდესაც უცხოეთში საკუთარი პროფესიით მუშაობ…

გარდა იმისა, რომ შევძელი ჩემი პროფესიით მემუშავა, ბარსელონის უნივერსიტეტის წყალობით შესაძლებლობა მომეცა, რამდენიმე კვირით წავსულიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში და გამევლო მაღალი დონის მასტერკლასი ამერიკელ კოლეგებთან, რომელიც დაგვირგვინდა საერთაშორისო დონის სერტიფიკატით, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორი ოცნება ავისრულე: მომესმინა ასეთი წარმატებული სპიკერებისთვის და მენახა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო ქალაქი ნიუ-იორკი. უდიდესი მადლობა ბარსელონის უნივერსიტეტს და, ზოგადად, ამ ქვეყანას, ასეთი შესაძლებლობებისა და მოტივირებული ახალგაზრდების გვერდში დგომისთვის.

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვმუშაობ საკუთარი პროფესიით და კიდევ მრავალი გეგმა და მიზანი მაქვს განსახორციელებელი.

ბავშვობაში რაზე ოცნებობდა თამარ ტუფურია?

ბავშვობიდან ყოველთვის ექიმობა მინდოდა, მედიცინა ნამდვილად მიტაცებდა, სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. მიტაცებს უცხო ქვეყნების კულტურა, მოგზაურობა და უცხო ენების შესწავლა. პატარა თამარი ოცნებობდა, რომ იქნებოდა ექიმი, ექნებოდა ლამაზი სამედიცინო ფორმა, თავისი ლამაზი კლინიკა და ბევრი მადლიერი პაციენტი. უცხო ქვეყანაში ცხოვრებაზე არ მიფიქრია, თუმცა ზრდასრულ ასაკში ყოველთვის მინდოდა ბევრი მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში.

გახსოვთ თქვენი პირველი ემოცია, როცა ესპანეთში ჩახვედით?

ჩემზე ესპანეთმა ჩამოსვლის დღიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მალევე ვიგრძენი, რომ ეს იყო ქვეყანა, სადაც თავს დაცულად და მშვიდად ვიგრძნობდი, ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანის შრომა ფასდება. მახსოვს, გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, თუ რამდენი ქვეყნის ემიგრანტს იტევდა თუნდაც მხოლოდ ბარსელონა, რამდენ ადამიანს შეუწყვეს ხელი, საკუთარი ბიზნესი დაეწყო უცხო მიწაზე. სხვადასხვა დაწესებულებაში როცა აღმოვაჩენდი უცხოელ ხელმძღვანელს, აღფრთოვანებული ვუყურებდი მათ წარმატებას. მაშინ უფრო მეტად ვირწმუნე ალბათ, რომ ჩემს მიზანს მივაღწევდი და ვიქნებოდი ექიმი ბარსელონაში. ძალიან მადლიერი ვარ ამ ქვეყნის.

რას გვეტყვით ესპანელებზე?

კარგის მეტი რა მეთქმის ესპანურ კულტურასა და ხალხზე, საოცრად თბილი და მზრუნველი ხალხია. ყველამ ვიცით მათი თვისებები, ვინც აქ ვცხოვრობთ, მაგრამ მე კიდევ სხვა კუთხით დავინახე ისინი, როდესაც გავიცანი, როგორც ექიმმა. საოცარი თანადგომა გამიწიეს, გულწრფელად უხაროდათ უცხოელი ექიმის გაცნობა, აფასებდნენ ჩემს შრომას და მონდომებას, მილოცავდნენ მომავალ გზას. ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, დასაფასებელია მათი ასეთი თანადგომა ჩვენთვის, ყველას მიმართ, ნებისმიერ სფეროში.

რა მოგწონთ ესპანურ მენტალიტეტში ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად ალბათ მომწონს ხალხის შინაგანი თავისუფლება, რაც მათ საოცარ ხალისს სძენს. მომწონს, როგორ ზრუნავენ საკუთარ დასვენებაზე შუადღით, ყურადღებას აქცევენ მუშაობის პროცესში სწორ კვებას და დასვენებას, რაც მათ ჯანმრთელობას ხელს უწყობს და სიცოცხლის ხარისხს უუმჯობესებს. მომწონს ასაკოვანი, პენსიონერი ადამიანები როგორ აქცევენ ყურადღებას საკუთარ თავს, რამდენ დროს უთმობენ დასვენებას, მოგზაურობას. ისინი მუშაობენ, რომ იცხოვრონ და არა პირიქით. მომწონს მათი ცხოვრებისადმი მიდგომა.

ესპანური სამზარეულო მოგწონთ? საერთოდ, რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?

ქართული სამზარეულო მიყვარს, განსაკუთრებით – მეგრული და იმერული კერძები. ევროპულ სამზარეულოსაც ძალიან ვაფასებ, მიყვარს ზღვის პროდუქტი, სხვადასხვა ტრადიციული კერძი. საკმაოდ კარგად შევეგუე ესპანურ სამზარეულოსაც და მომზადებაც მიყვარს, თუ დრო მაქვს.

რა შეიცვალა თქვენში უცხო მიწაზე?

გავხდი ძალიან დამოუკიდებელი, გაასმაგებული პასუხისმგებლობის გრძნობით საკუთარი თავის მიმართ. მივხვდი, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უნდა შევძლო საკუთარი გზის პოვნა და ეს შესაძლებელია! დავიჯერე საკუთარი ძალების, უნარების! გავხდი მეტად ფრთხილი და დაკვირვებული ახალ საზოგადოებაში და ნამდვილი სიყვარულიც ვიპოვე…

ესპანეთი და საქართველო ორი დიდი კულტურის ქვეყანა, რომელიც თქვენს წარსულს და აწმყოს აკავშირებს, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ამ ორ ქვეყანას ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი აქვს. საქართველო ჩემი სამშობლოა და მას ვერაფერი შემიცვლის. სამშობლოს სიყვარული და იმ გარემოს ნოსტალგია, სადაც გავიზარდე, სხვა კავშირია. ეს ყველა  ადამიანებს გენეტიკაში გვაქვს ალბათ. ჩემი სამშობლო ძალიან ძვირფასია და ჩემთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, უცხო ქვეყანაში დამეწყო ცხოვრება. რაც შეეხება ესპანეთს, ყოველთვის აღვნიშნავ,რომ გენიალური ქვეყანაა – თავისი კულტურით, შესაძლებლობებით, მოწესრიგებული ეკონომიკით, კარგად გააზრებული ტურიზმით, თავისი ტემპერამენტით და ოპტიმიზმით.

რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო? რომ არა საქართველო, სად ისურვებდით ცხოვრებას?

საქართველო ჩემთვის ჩემს ოჯახს ნიშნავს, ჩემს გენეტიკას, სისხლს, მშობლიურ ენერგიას. საქართველოში ვგრძნობ, რომ სახლში ვარ, ეს ისეთი ენერგიაა, ძნელია სიტყვებით გადმოსცე, ამას აქ მცხოვრები ყველა ქართველი განსაკუთრებულად ვგრძნობთ და ვიზიარებთ. საქართველო ჩემთვის სიმამაცის მაგალითია, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ძლიერი ერი ვართ, გამბედავი და ღვთის მოშიში. საქართველო ჩემთვის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ალბათ ამით ყველაფერი ნათქვამია. რომ არა საქართველოში, ალბათ ვიცხოვრებდი ესპანეთში, იტალიაშიც – დიდი სიამოვნებით.

ყველაზე მეტად რა გენატრებათ სამშობლოდან შორს?

ყველაზე მეტად მენატრება დედა და ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, საყვარელი ადგილები საქართველოში, რომლებსაც ყველა ჩასვლაზე ვცდილობ, ვესტუმრო.

ვინ ან რა გიქმნით პოზიტიურ განწყობას?

ჩემი მეუღლე. მართლაც ძალიან პოზიტიური და ოპტიმისტი ადამიანია, მისი განწყობა და შემართება ყველასთვის გადამდებია. ყველაზე სწორი და მართალი ადამიანია, სულ გვერდში მიდგას და მუდმივად ცდილობს, დამეხმაროს ყველაფერში. ასევე ძალიან მიყვარს ლამაზი ადგილების მონახულება და თავისუფალ დროს ვცდილობთ, დავათვალიეროთ ესპანეთის ულამაზესი ქალაქები და სოფლები – ეს ჩემთვის განტვირთვაცაა და პოზიტიური ენერგიის წყაროც. ასევე, კარგ განწყობას მიქმნის საყვარელი საქმის კეთება: მიუხედავად სტრესული პროფესიისა, ექიმობა ნამდვილად არის ჩემთვის პოზიტივის და კარგად ყოფნის მიზეზი.

თქვენი მეუღლე ქართველია?

დიახ, ქართველია, ბარსელონაში გავიცანი.

გაქვთ ურთიერთობა ქართველ ემიგრანტებთან?

მიხარია, რომ ქართველებთან მიწევს კომუნიკაცია, მათი ექიმი ვარ. მსიამოვნებს, რომ უცხო მიწაზე მომეცა საშუალება, ჩემს თანამემამულეებს დავეხმარო, ტკივილი შევუმსუბუქო, ლამაზი ღიმილი ვაჩუქო.

სხვა ქვეყანაში ყველაზე მეტად ადამიანებს სითბო და სიყვარული გვაკლია, მე კი ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღე შემიძლია გავცე და მივიღო ეს პოზიტივი. მადლობა ქართველებს ნდობისთვის, ამდენი სითბოსთვის, სიყვარულისთვის, ჩვენ აქ ერთმანეთს ვაძლიერებთ.

 რას უსურვებდით ქართველ ემიგრანტებს?

მინდა ყველა ქართველს ვუსურვო წარმატება, ოცნებების ასრულება. მინდა გჯეროდეთ, დაუღალავი შრომით ნებისმიერ მიზანს მიაღწევთ ამ ქვეყანაში. ზოგადად, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ  მინდა, ჩემი ისტორიით მოტივაცია მივცე მათ, ვისაც ჯერ არ გადაუდგამს ნაბიჯი საკუთარი ოცნებისკენ! ოცნებები ნამდვილად სრულდება! წარმატებები, ჩემო ქართველებო!

მსოფლიოს რას ეტყოდით?

მსოფლიოს ვუსურვებდი მშვიდობას – დღეს ეს ძალიან გვჭირდება! მეტ პოზიტივს, მეტ სიკეთეს და სიყვარულს ვუსურვებდი მთელ მსოფლიოს!..

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close