აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველ დღეს სარდალაშვილმა ოქრო მოიპოვა, ლიპარტელიანმა – ბრინჯაო
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში დღეს დაიწყო გრანდ სლემი ძიუდოში, რომელიც 3 დღეს, 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გამოდის – 11 კაცი, 2 ქალი.
ტურნირის პირველ დღეს 5-მა ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა და 2-მა მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო: გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), რომელიც ფინალში ტაივანელ იანგს შეხვდა. ქართველმა ძიუდოისტმა იანგი ულამაზესი გდებით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ეთერ ლიპარტელიანმა კი (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანი აბუ დაბის ტურნირამდე მსოფლიო რეიტინგში თავის წონაში მე-4 ადგილზე იყო 4252 ქულით. გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალი 500 ქულას ნიშნავს მსოფლიო რეიტინგში, შესაბამისად, ლიპარტელიანს ახლა უკვე 4752 ქულა ექნება და შესაძლოა მესამე ადგილზე გადაინაცვლოს.
გიორგი სარდალაშვილი კი ახალგაზრდებში პირველ ადგილზეა 770 ქულით. მან უფროსებში გრანდ სლემის დონის ტურნირი პირველად მოიგო. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გიორგი სარდალაშვილი ამომავალ ვარსკვლავებს შორის დაასახელა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები