„ნაპოლის“ კვარაცხელიას დაკარგვის ეშინია და კონტრაქტის გახანგრძლივებას და ხელფასის მომატებას აპირებს
„ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება და ხელფასის მომატება აქვს დაგეგმილი, რათა დიდი საფეხბურთო კლუბების მიერ ქართველი ფეხბურთელის გადაბირების პრევენცია მოახდინოს, – იუწყება იტალიური სპორტული გამოცემა „კალჩომერკატო“.
მისი მტკიცებით, „ევროპული გრანდების მზერა უკვე მიპყრობილია“ 21 წლის ქართველ ვარსკვლავზე, რომლის განსაკუთრებული საფეხბურთო ნიჭი „ნაპოლის“ შემადგენლობაში ჩატარებულ მატჩებში შესანიშნავად გამოჩნდა. ლუჩანო სპალეტი და ფეხბურთელები ამბობენ, რომ ეს კვარას მაქსიმუმი არ არის და ის კიდევ უფრო მეტად გაიბრწყინებს.
როგორც გამოცემა წერს, იმისათვის, რომ „ნაპოლი“ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს და ახალი ვარსკვლავი არ დაკარგოს, დე ლაურენტისის კლუბი უკვე მუშაობს ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის განახლებაზე, რაც მის გახანგრძლივებას და ხელფასის მომატებას ნიშნავს.
„დე ლაურენტისს არ სურს პრობლემები სეზონის ბოლოს, მას უნდა, რაღაც დროით გაანებივროს თავისი ჩემპიონი და უკვე გეგმავს კონტრაქტის გახანგრძლივებას. კლუბი წლის ბოლოს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებით თავიდან აიცილებს გარდაუვალ ზეწოლას მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავზე, რომელიც აცისკროვნებს „მარადონას“ [სტადიონი ნაპოლიში – Stadio Diego Armando Maradona – რედ.] და არა მარტო“, – წერს „კალჩომერკატო“.
მისივე მტკიცებით, კვარაცხელიას ხელფასიც გაიზრდება. ამჟამად „ნაპოლიში“, რომელმაც ხვიჩა 10 მლნ ევროდ შეიძინა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ქართველი ლეგიონერის მთლიანი ხელფასი მილიონ-ნახევარ ევრომდეა. ამავე დროს, კონტრაქტში არსებობს პუნქტი ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობის შესახებ.
„კალჩომერკატო“ კონკრეტულ კლუბსაც ასახელებს, რომელსაც, მისი მტკიცებით, კვარაზე თვალი უკვე უჭირავს. „მადრიდის ატლეტიკო“ ჟოაო ფელიქსს ემშვიდობება და ფიქრობს, როგორ ჩაანაცვლოს იგი ორი ალტერნატივით: ტროსარდით და კვარაცხელიათი, „ნაპოლის“ თავდამსხმელით, რომელმაც ყველა გააოცა სერია A-ს ამ სეზონის პირველ ნაწილში“, – წერს გამოცემა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები