ეკონომიკაიტალია

იტალიისთვის გაზის მოპოვება ალჟირში ორ ახალ საბადოზე დაიწყო

ალჟირის ნავთობ-გაზის სახელმწიფო კომპანია Sonatrach-მა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაიწყო გაზის მოპოვება ორ ახალ საბადოზე ბერკინის აუზში, დაჩქარებული წესით, კონტრაქტ Berkine Sud-ის („სამხრეთ ბერკინი“) ფარგლებში, რომელიც  იტალიურ ენერგეტიკულ გიგანტთან – Eni-სთან სულ რაღაც 6 თვის წინათ გააფორმა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ilsole24ore წერს.

ალჟირის აღმოსავლეთ ნაწილში, უარგლის პროვინციაში მდებარე საბადოები უახლოეს მომავალში დღიურად 1 მლნ კუბურ მეტრ გაზს მიაწოდებს იტალიას, წლის ბოლომდე კი იგეგმება გაზის მოპოვების გაზრდა 2 მლნ კუბმეტრამდე დღე-ღამეში.

Sonatrach-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ეს დამატებითი მოცულობები, იმასთან ერთად, რაც უკვე მოიპოვება  ჩრდილოეთ ბერკინის კიდევ 2 საბადოზე, რომლებიც ივლისიდან არის ექსპლუატაციაში, ასოციაცია Sonatrach-Eni-ს მიერ მოპოვებული გაზის მოცულობებს ზრდის და ხელს უწყობს ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ალჟირის გაზის ექსპორტს“.

Sonatrach-ი გაზის და ნავთობის ერთ-ერთი წამყვანი მომწოდებელია ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. თავის მხრივ, იტალიური ენერგეტიკული კონცერნი Eni ალჟირში საქმიანობას უკვე 40 წელია ეწევა.

ომის დაწყებამდე იტალიის მიერ მოხმარებული გაზის 40% რუსული იყო. ომის დაწყების შემდეგ პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, რომელიც მალე დატოვებს ამ პოსტს, ეძებდა გზებს, რომ იტალიისთვის გაზით მომარაგების შესაძლო პრობლემები და შეფერხებები აეცილებინა თავიდან რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული შანტაჟის შემთხვევაში და მან ეს ნამდვილად შეძლო: ამჟამად იტალიის მიერ მოხმარებული გაზის მხოლოდ 10% შედის რუსეთიდან და ამ მოცულობის ჩანაცვლებას ქვეყანა ალჟირიდან და ეგვიპტიდან წამოსული ახალი ნაკადებით შეძლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ იტალია რუსული გაზის მთლიანად ჩანაცვლებას სხვა წყაროებიდან 2025 წლის გაზაფხულისთვის გეგმავდა, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარა. რუსული ენერგეტიკული ზეგავლენისგან თავის დაღწევის მხრივ იტალია ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა რუსულ გაზზე დამოკიდებულ სხვა ქვეყნებს შორის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close