მსოფლიოსაზოგადოება

ქაბული: კამიკაძემ სკოლაში თავი აიფეთქა – სულ ცოტა, 32 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საგანმანათლებლო ცენტრში აფეთქებას, სულ ცოტა, 32 ადამიანი ემსხვერპლა. ტელეკომპანია ალ-ჯაზირა, ავღანეთის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფეთქება ქაბულის დასავლეთ, დაშთე ალ ბარჩის რაიონში, „ქაჯის“ (“Kaj”)  საგანმანათლებლო ცენტრში მოხდა, სადაც გამოცდა მიმდინარეობდა.

მედიის ინფორმაციით, ტერორისტმა კამიკაძემ დაწესებულების დაცვის თანამშრომელი მოკლა, საგამოცდო დარბაზში შეიჭრა და ასაფეთქებელი ქამარი აამოქმედა.

ამ დროისათვის არსებული ცნობებით, დაღუპულია, სულ ცოტა, 32  და დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

ტერორისტული თავდასხმა „ქაჯის“ საგანმანათლებლო ცენტრზე 2018 წელსაც მოხდა.

ქაბულის ეს რაიონი მუსლიმი შიიტებითაა დასახლებული, იქ უმეტესად ჰაზარელების უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

„თალიბანის“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგმეს სკოლაზე თავდასხმა და განაცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულნი არიან უსაფრთხოების ძალები და თავდასხმის ხასიათი და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ავღანეთის შიიტი ჰაზარელები ათწლეულობის განმავლობაში განიცდიდნენ დევნას, ჰაზარელების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებდნენ  თალიბებს მათი მმართველობის პერიოდში – 1996-2001 წლებში და გასულ წელს მათი მთავრობის სათავეში დაბრუნების შემდეგაც. ეს უმცირესობა ხშირად ხდება „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების თავდასხმის ობიექტიც, რომელიც „თალიბების“ მტრად ითვლება. ჰაზარელებს თალიბებიც და „ისლამური სახელმწიფოც“ ერეტიკოსებად მიიჩნევენ. უამრავმა ტეროროსტულმა აქტმა დაშთე ალ ბარჩის რაიონის დაცარიელება გამოიწვია, ბევრი თავდასხმა ბავშვების, ქალებისა და სკოლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

განათლება ავღანეთში ძალზე მწვავე თემაა, რამდენადაც თალიბები გოგონებს საშუალო სკოლაში სწავლას უკრძალავენ. ამ საკითხში მათი სოლიდარულია „ისლამური სახელმწიფოც“, რომელიც ქალებისა და გოგონების განათლების წინააღმდეგ გამოდის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close