დღის თემასაზოგადოებასაქართველო

დღეს ჯვართამაღლებაა! – რა უნდა ვიცოდეთ

„აცხონე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვრითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე,და საფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცავ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!“

ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 წწ.) დროს.

სწორედ კონსტანტინე დიდი იყო რომის იმპერატორთაგან პირველი, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მანამდე რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან იმ წმიდა ადგილების ხსოვნა წაეშალათ, სადაც მაცხოვარი ევნო და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე ქალღმერთ ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა. კონსტანტინე დიდმა უფალი იესო ქრისტე მას შემდეგ იწამა, რაც იმპერიისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე გამოსახული ჯვრის ნიში იხილა წარწერით: „ამით სძლო!“ ღამით კი თვით იესო ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და უბრძანა, ჯვარი ბრძოლაში ჯარისთვის წინ წაემძღვანებინა. ღვთის რჩეული იმპერატორი ასეც მოიქცა და გაიმარჯვა.

მას შემდეგ კონსტანტინე დიდმა იმ ძელის პოვნა გადაწყვიტა, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ხელნი განიპყრნა“. ამისთვის მან იერუსალიმში თავისი დედა, მოციქულთა სწორი დედოფალი ელენე გაგზავნა. დედოფალმა ელენემ იერუსალიმში ყველა იუდეველი იხმო, რათა მათ დამალული ჯვარი გამოეჩინათ. პირველ ხანებში მისი ძიება წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან იუდეველები დუმდნენ. ბოლოს დედოფალს აცნობეს, რომ  ჯვრის ადგილსამყოფელი მხოლოდ ერთმა მოხუცმა ებრაელმა იცოდა, რომელსაც იუდას ეძახდნენ. თავიდან იუდამ უარი განაცხადა, დაესახელებინა ადგილი, სადაც ჯვარი ინახებოდა, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა, სიმართლე ეთქვა. მაცხოვრის ჯვარი იმ ორ ჯვართან ერთად, რომელზეც ქრისტესთან ერთად ავაზაკები აწამეს, გოლგოთის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში იყო დაცული. იქვე აღმოაჩინეს ფიცარი, რომელზეც პილატემ სამენოვანი წარწერა გააკეთებინა და ის ოთხი სამსჭვალიც, რომლებითაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს. იმისათვის, რომ შეეტყოთ, ამ სამიდან უფლის ჯვარი რომელი იყო, დედოფლის ბრძანებით, ეს ჯვრები რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. ცხოველმყოფელი ჯვრის შეხებისთანავე მიცვალებული გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს. პატრიარქმა და სამღვდელოებამ უფლის პატიოსანი ჯვარი აამაღლეს, რათა ყველას შესძლებოდა, თუნდაც შორიდან, დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის.

კონსტანტინოპოლში დაბრუნებულმა ელენე დედოფალმა იერუსალიმიდან თან უფლის პატიოსანი ჯვრის ნაწილი და ლურსმნები წაიღო, რომლებითაც მაცხოვარი იყო მიმსჭვალული. როდესაც საქართველოში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ კონსტანტინოპოლში დელეგაცია გაგზავნეს თხოვნით, კონსტანტინე დიდს საქართველოში ეპისკოპოსი და სამღვდელოება წარმოეგზავნა. იმპერატორმა სასულიერო პირებს ერთ-ერთი სამსჭვალი გამოატანა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ინახებოდა, ამჟამად კი საქართველოს საპატრიარქოშია დაცული.

მოციქულთა სწორმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა იერუსალიმში ქრისტეს დიდებული აღდგომის სადიდებლად ტაძარი ააშენებინა. ტაძარი ათი წლის განმავლობაში შენდებოდა. 335 წელს ის ქრისტიანულად აკურთხეს, კურთხევიდან მეორე დღეს კი დაწესდა დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის მსოფლიო ამაღლებისა -ჯვართამაღლება. მას შემდეგ მთელი მართლმადიდებელი სამყარო ამ უდიდეს საუფლო დღესასწაულს ყოველწლიურად 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ჯვართამაღლების დღესასწაული  ორ დღეს მოიცავს: „წინა დღე პატიოსანი ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა“, როდესაც მკაცრი მარხვაა დაწესებული (26 სექტემბერი. ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ქეთევან დედოფლის ხსნების დღეს, ანუ ქეთევანობასაც აღნიშნავს) და „მსოფლიო ამაღლება პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრისა“. საღმრთო ლიტურგიაზე იგალობება: „ჯვარსა შენსა თაყვანის ვცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“.

მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ჯვარი უპირველესი იარაღია მორწმუნისა. იგი იცავს მას ხილული და უხილავი მტრების შემოტევისგან (ჯვარი უნდა გადასახოთ თქვენს სახლს, სამოსს, საწოლს, საჭმელს, საქმეს, რომელსაც აკეთებთ და მისი ძალა ყოველთვის დაგიცავთ). ჩვენი ცხოვრება იწყება და მთავრდება ჯვრის გამოსახვით. როგორც წმიდა მამები ამბობენ, ამ ქვეყნის არსებობაც ჯვარმა უნდა დაასრულოს, – იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ ურწმუნოთა სამხილებლად ცაზე ისევ ჯვარი გამოისახება.

ჯვრის ძალა გვიცავდეს აწ და მარადის!

 ჯვართამაღლებას გილოცავთ!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close