როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ უცხო გარემოში ადაპტირდეს და ნოსტალგიამ არ შეიპყროს?
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ათასობით მოქალაქე გახდა იძულებული, საკუთარი სახლი დაეტოვებინა და სხვა ქალაქში ან თუნდაც ქვეყანაში დასახლებულიყო. შესაბამისად, მშობლიური გარემოს მონატრება ასეთ სიტუაციაში სრულიად ბუნებრივია. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ უცხო გარემოში ადაპტირდეს და ნოსტალგიამ არ შეიპყროს? – ამ კითხვაზე პასუხი ონლაინ გამოცემა Meduza-მ მოიძია.
პირველ რიგში, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ „მონატრებას“? მას ყველა განსხვავებულ მნიშვნელობას აძლევს…
სპეციალისტები სახლის მონატრებას უწოდებენ განმეორებად ფიქრებს იმ ბინაზე ან კერძო სახლზე, სადაც დიდი დრო გაატარეთ, ქალაქსა თუ საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც თქვენს მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. აქ მკაფიო განმარტება არ არსებობს: თუ ნაქირავები ბინა არ გენატრებათ, მაგრამ გენატრებათ თქვენი და და ბებოს ღვეზელები, ესეც მშობლიური გარემოს მონატრებაა. ამ გრძნობამ შეიძლება ასე თუ ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი შეგიშალოთ. მაგალითად, ადამიანს უჭირს კონცენტრირება, რადგან მას თავის სახლთან დაკავშირებით აკვიატებული ფიქრები აწუხებს.
თუმცა როგორც ისტორიკოსი და მწერალი (მისი წიგნის სათაურია „სახლის მონატრება. ამერიკული ისტორია“) სიუზან მეტი გამოცემა The Cut-თან ინტერვიუში ამბობს, ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ სახლი ენატრებათ, თუმცა როცა ბრუნდებიან, აღმოჩნდება, რომ მათ ენატრებათ წარსული, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია.
ამასთან გამკლავება შესაძლებელია? თუ უნდა ველოდო, სანამ ყველაფერი თავისით გაივლის?
დიდი ალბათობით გაივლის, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, რამდენ ხანს შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელდეს. ზოგ ადამიანს მშობლიური გარემო წლების შემდეგაც ენატრება.
გარდა ამისა, მიგრანტები უფრო ხშირად მიმართავენ ექიმს უმნიშვნელო ჩივილებით, რაც მომატებული შფოთვით არის გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის უსიამოვნო მდგომარეობა, რომელშიც დიდი ხნით დარჩენა არავის სურს, თუმცა აქ საკუთარი თავის დასახმარებელი გზებიც არსებობს. ზოგიერთი ადამიანი კი მონატრებას ისეთი დოზით განიცდის, რომ ამას შეიძლება ადაპტაციის აშლილობაც კი ეწოდოს. ასეთ დროს ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად მუშაობა, სწავლა, კომუნიკაცია და ექიმთან ვიზიტის მიზეზიც სწორედ ეს არის.
რა შეიძლება გაკეთდეს, თუ ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში არ გაივლის?
თუ სახლზე ფიქრი დისკომფორტს გიქმნით, მაგრამ მთლიანობაში ცხოვრებას აგრძელებთ, მაშინ ექსპერტებს მცირე რეკომენდაციები აქვთ (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციებს კარგი სამეცნიერო საფუძველი აქვს).
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღიაროთ, რომ სახლი გენატრებათ და ეს არის ნორმალური რეაქცია, რომელიც ბევრ ადამიანს აღენიშნება (უარყოფა და ამ გრძნობების არასწორობის განცდა კარგს არაფერს მოგიტანთ). თუ გაქვთ ძალიან ინტენსიური კონტაქტი საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც სახლში დარჩნენ, მაშინ ერთ-ერთი ვარიანტია, რომ წერილები ქაღალდზე წეროთ. ისინი არ აღძრავენ ისეთ მოგონებებს, როგორსაც – ვიდეო ზარები და ეს გეხმარებათ, თქვენი მდგომარეობა უკეთ გაიაზროთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, მონატრების დაძლევაში ახალი სოციალური კავშირები და ადაპტაცია გვეხმარება.
ყველაფერი იმდენად სერიოზულად არის, რომ საჭიროა სპეციალისტს მივმართო? როგორ მივხვდე ამას?
ადაპტაციის აშლილობის დროს, ადამიანი საცხოვრებლისა და ცხოვრების სტილის შეცვლის გამო ნორმალურად ვერ მუშაობს, კომუნიკაციას ვერ ახერხებს და პრინციპში, ვერანაირ საქმეს ვერ აბამს თავს. სწორედ ასეთ სიტუაციაში საჭიროა დაგეგმოთ ვიზიტი ფსიქიატრთან, რომელსაც შეუძლია დანიშნოს წამლები (როგორიცაა ანტიდეპრესანტები) და/ან ფსიქოთერაპია. ამასთანავე, არსებობს მტკიცებულება, რომ ამ მდგომარეობასთან გამკლავებაში ადამიანს ფიზიკური აქტივობაც ეხმარება. იმ ადამიანებს, რომელთაც მშობლიური გარემო დატოვეს, ადაპტაციის აშლილობაზე ხშირად უვითარდებათ დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და კვების დარღვევები. ესეც არის იმის მიზეზი, რომ ექიმს მიმართოთ.
შესაძლებელია თუ არა წინასწარ გამოვიცნო, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს სახლი ძალიან მოენატრება?
როგორც წესი, შედარებით მძიმე რეაქცია უფრო სავარაუდოა იმ ადამიანებში, რომლებიც ადრე იშვიათად მოგზაურობდნენ. ეს ხდება მაშინაც, როდესაც ამა თუ იმ პირს სახლის დატოვება სრულიად მოულოდნელად, ნებაყოფლობითი და შეგნებული გადაწყვეტილების მიღების გარეშე მოუწია. მონატრების გრძნობა გამძაფრებულია ხშირად იმ ადამიანებში, რომლებსაც უჭირთ სხვებთან ურთიერთობა ან გარკვეული ფსიქოლოგიური თავისებურებები აქვთ. მაგალითად, თუ ადამიანი არ არის ძალიან მოქნილი და მკაცრად ჩამოყალიბებული ჩვევები აქვს.
შემიმსუბუქდება თუ არა მონატრების შეგრძნება, თუ სახლში დავბრუნდები? მაგალითად, შვებულების პერიოდში?
უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ არსებობს დამატებითი პრობლემების რისკი იმის გამო, რომ მონატრებამ სახლის იდეალიზაცია გამოიწვია. რეალურად კი, ხშირ შემთხვევაში დაბრუნება მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს. გარდა ამისა, სახლში არყოფნის პერიოდში ადამიანი იცვლება, ახალ პირობებს ეგუება და, შესაბამისად, ძველ გარემოში შეიძლება თავი უცხოდ იგრძნოს და ამაზე ძალიან განაწყენდეს.
imedinews.ge
კომენტარები