ევროპის ექსტრემალური სიცხე 2035 წლისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა
სიცხის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები, რომელიც წელს ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა, 15 წელზე ნაკლებ დროში ზაფხულის საშუალო ტემპერატურა იქნება. მაშინაც კი, თუ ქვეყნები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ დღეს არსებულ მიზნებს შეასრულებენ, რეგულარული გვალვისა და ხანძრების თავიდან აცილება შესაძლოა მაინც არ მოხერხდეს.
Met Office Hadley Centre-ის მოხსენების თანახმად, საუკუნის ბოლოსთვის ზაფხული 4°C-ით უფრო ცხელი იქნება, ვიდრე პრეინდუსტრიულ პერიოდში იყო, რაც ორჯერ აღემატება პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ 1,5 გრადუსს.
კლიმატის კრიზისის მრჩეველთა ჯგუფი (CCAG), რომელიც მეცნიერთა საერთაშორისო კოალიციას წარმოადგენს, მნიშვნელოვანი ზომების მიღებას ითხოვს.
„სიტუაცია კვლავ გაუარესდება, ევროპაში ამინდი კიდევ უფრო ექსტრემალური გახდება, ვიდრე ეს ამ ზაფხულს იყო“, – ამბობს CCAG-ის თავმჯდომარე დევიდ კინგი.
მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ არქტიკის მომავალზე, რომელსაც შესაძლოა მთელ პლანეტაზე კასკადური შედეგები ჰქონდეს.
დათბობასთან დაკავშირებული ანგარიში გავრცელდა მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მთავრობები ენერგეტიკის სფერში რეკორდულ ფასებს ებრძვიან და ამ ფონზე ჩნდება შიში, რომ შესაძლოა კლიმატთან დაკავშირებული გლობალური ინიციატივები უკანა რიგში გადავიდეს.
მაგალითად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, წელს ქვანახშირის გლობალური მოხმარება რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, როდესაც ევროკავშირის მიერ გამოყენება, სავარაუდოდ, 7%-ით გაიზრდება.
ამავე დროს, ევროკავშირის კვლევითი ცენტრის თანახმად, ტემპერატურის ზრდა ნიშნავს, რომ ევროპა განიცდის ყველაზე ძლიერ გვალვას გასული 500 წლის განმავლობაში.
ამას უკვე მოჰყვა არაერთი დამღუპველი შედეგი, მათ შორის, განადგურდა მოსავალი, მდინარეები, როგორიც არის რაინი, ტვირთების ტრანსპორტირებისთვის გაუვალი გახდა, რაც არღვევს ევროპის მიწოდების ჯაჭვებს და აჩქარებს ისედაც მზარდ ინფლაციას.
საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და რუმინეთში ტყის ხანძრების არეალი ბელგიის დაახლოებით მეხუთედს უდრის.
შექმნილი ენერგოკრიზისის მიუხედავად, ევროკავშირის ემისიების შემცირების გრძელვადიანი გეგმები ძალაში რჩება და ბლოკი მიზნად ისახავს ათწლეულის ბოლომდე ატმოსფეროში გამოდევნილი სათბურის გაზების 55%-ით შემცირებას. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ უფრო ეფექტიან ზომებზე სასაუბროდ ქვეყნები ნოემბერში ეგვიპტეში შეიკრიბებიან, რადგან მეცნიერები ეჭვობენ, რომ არსებული მიზნები ექსტრემალური დათბობის თავიდან ასაცილებლად საკმარისი არ არის.
„ექსტრემალური ამინდის რისკები (მათ შორის, ხანძრები, გვალვა და წყალდიდობა) სწრაფად გაიზრდება, თუ სათბურის გაზების ემისიები არსებითად არ შემცირდება“, – ამბობს მეტეოოფისის მეცნიერი პიტერ სტოტი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ აინგერი
businessformula.ge
კომენტარები