პოლიტიკა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა – გადარჩება თუ არა კოალიციური მთავრობა?

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მოთხოვნა გადადგომის თაობაზე არ დააკმაყოფილა და მას მოუწოდა, პარლამენტში მივიდეს პოლიტიკური სიტუაციის გასარკვევად. ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება.

მატარელას გადაწყვეტილება, რომ მთავრობა პარლამენტში მივიდეს, კვირინალეს განმარტებით, გამომდინარეობს დემოკრატიისა და გამჭვირვალობის კუთხით ქვეყნის განსაკუთრებული პასუხისმგებლობიდან.

მარიო დრაგი პარლამენტში (დეპუტატთა პალატაში) ოთხშაბათს მივა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა  მარიო დრაგიმ 14 ივლისს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გადადგომის შესახებ განაცხადა და მოგვიანებით კვირინალეს სასახლეში პრეზიდენტ სერჯო მატარელას ეწვია მანდატის გადასაცემად.

მარიო დრაგის გადაწყვეტილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მისმა მთავრობამ კოალიციაში ყველაზე „წონიანი“ მოკავშირის, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ მხარდაჭერა დაკარგა. ფორმალურად დრაგიმ სენატში ნდობის ვოტუმი მიიღო, თუმცა „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ყოფილი პრემიერის, კონტეს ლიდერობით   კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და „5-ვარსკვლაველებმა“ სენატის დარბაზი დატოვეს. შედეგად იტალიაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო და მმართველი კოალიცია, პრაქტიკულად, დაშლის პირასაა, რის გამოც მიიღო დრაგიმ გადადგომის გადაწყვეტილება.

ვნახოთ, რას მოუტანს მარიო დრაგის ოთხშაბათს პარლამენტში მისვლა და გადარჩება თუ არა ე. წ. ფართო სამთავრობო კოალიცია, რომელშიც მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ „იტალიის ძმები“ არ შედის.

„იტალიის ძმების“ ლიდერი ჯორჯა მელონი აცხადებს, რომ მათთვის ეს პარლამენტი დასრულდა და იბრძოლებენ, რათა „მოქალაქეებს დაუბრუნონ, რაც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს, კერძოდ კი არჩევანის თავისუფლება – ვინ აირჩიონ და რა გააკეთონ“.

დემოკრატიულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ახლა მთავარია მუშაობა, რათა ოთხშაბათს დეპუტატთა პალატაში უმრავლესობა ხელახლა შეიქმნას და მარიო დრაგის მთავრობამ „გადატვირთვა“ (რესტარტი) შეძლოს. დემოკრატების აზრით, ქვეყანა ძალიან სერიოზულ კრიზისში შედის და მას არ შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close