ტექნოლოგიებიკრიმინალი

როგორ მოქმედებენ კიბერ-კრიმინალები და როგორ არ გავხდეთ მათი მსხვერპლი?

გამოთქმამ „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“ ინტერნეტის ეპოქაში ისეთი აქტუალურობა შეიძინა, როგორც არასდროს. სხვადასხვა სახის კრიმინალმა რეალური სამყაროს პარალელურად კიბერსივრცეშიც გადაინაცვლა და ინტერნეტში ნებისმიერი სახის მოქმედების წინ, დაფიქრება გმართებთ.

ამასთან, აუცილებელია გაიაზროთ, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს კიბერთაღლითობის მსხვერპლი. კიბერდამნაშავეები რაოდენობით ჩვეულებრივ კრიმინალებს სულაც არ ჩამოუვარდებიან. მათ აქვთ მრავალგვარი ანკესები ჩვენს დასაჭერად. ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტს, კიბერკრიმინალების ხელში ფიშინგი (Phishing) ეწოდება და დღეს მოგიყვებით, თუ როგორ არ იყოთ თევზი ანკესზე.

ფიშინგის რამდენი ვარიაცია არსებობს?

ფიშინგ თავდასხმის განხორციელება რამდენიმე განსხვავებული სცენარით შეიძლება – იქნება ეს ონლაინ შოპინგის დროს პირადი მონაცემების მითვისება, როდესაც ადამიანს, რომელსაც რაიმე ნივთის გაყიდვის განცხადება აქვს გამოქვეყნებული, მისი შეძენისა და ფულის ჩარიცხვის მიზნით ანგარიშის ნომერს ეკითხებიან. თუ მავნებელ, ზიანის მომტან ბმულებზე გადასვლა, რის შემდეგაც კიბერ-კრიმინალი მსხვერპლის კომპიუტერში აღწევს და სენსიტიურ ინფორმაციას იღებს ან ან მისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვოს (მომხმარებლის სახელი, პაროლი, ბარათის მონაცემები და სხვ.)

ვის ესხმიან თავს კიბერ-კრიმინალები და როგორ მოქმედებენ ისინი?

კიბერ-კრიმინალების მსხვერპლი, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს. ფიშინგ თავდასხმის განხორციელება რამდენიმე განსხვავებული სცენარით შეიძლება და ძირითდად ქვემოთ მოცემულ ვარიაციებს მიმართავენ:

ისინი ძირითადად იმ ადამიანებს ესხმიან თავს, რომლებიც ონლაინ სივრცეში უძრავ-მოძრავ ქონებას ყიდიან და შესაბამისი განცხადება აქვთ გამოქვეყნებული. მას ნივთის შეძენის მიზნით და ტრანზაქციის განსახორციელებლად ბარათის მონაცემების გადაგზავნას სთხოვენ, როგორიცაა 16 ციფრი, CVV კოდი, მოქმედების ვადა.

შესაძლოა, ფიშერმა ბარათისთვის ორივე მხარეს ფოტოს გადაღება და მობილურ ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდების გაზიარება მოითხოვოს.

თუმცა არის შემთხვევები, როცა შეტევისთვის შემთხვევითად შერჩეულ მსხვერპლს იყენებენ – სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებებიდან (როგორიცაა მეილი, WhatsApp, Viber და სხვ) აგზავნიან შეტყობინებას, რომელიც სანდო წყაროს სახელის მატარებელია. ფიშინგ შეტყობინებაში მოთავსებულ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შედეგად შესაძლებელია, კიბერ-თაღლითმა მსხვერპლის კომპიუტერში შეღწევა შეძლოს, ან მისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვოს – მომხმარებლის სახელი, პაროლი, ბარათის მონაცემები და სხვ.

ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეზღუდული დროის პრინციპი – ყველაფერი იმდენად სწრაფად და ბუნებრივად ხდება, რომ მსხვერპლს არ რჩება ფიქრის დროს. კიბერ-თაღლითები ამაღელვებელი შეტყობინებებით სწრაფი მოქმედებისკენ გვიბიძგებენ.

როგორ არ გავხდეთ ფიშინგის მსხვერპლი?

იქიდან გამომდინარე, რომ დღეისათვის არც ერთი ჩვენგანია კიბერთაღლითობისგან დაცული, პირველი წესი რაც აუცილებელია ვიცოდეთ, არის დავიცვათ ჩვენი პირადი მონაცემები. ვიდრე ბარათის მონაცემებს სხვას გაუზიარებთ, გადაამოწმეთ, რამდენად სანდოა ის კონკრეტული პირი თუ ორგანიზაცია.

ონლაინ კომერციის პლატფორმებზე ვაჭრობისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ნივთის გაყიდვისას, მყიდველისთვის შესაბამისი თანხის ჩასარიცხად მხოლოდ ანგარიშის ნომრის მიწოდებაა საჭირო და არანაირად არ სჭირდება ბარათის ნომერი, ვადა და კოდი. ონლაინ ყიდვა გაყიდვის დროს საბარათე ანგარიშის დაცვაზე დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

ამასთან, მეილზე ან სხვა საკომუნიკაციო პლატფორმაზე გამოგზავნილ ბმულს ნუ გახსნით პირდაპირ, არამედ დააკოპირეთ და ისე გადატიანეთ ვებ-ბრაუზერში. თანაც, მაუსის ბმულთან მიტანის შემთხვევაში მისი რეალური მისამართი გამოჩნდება – ყალბი ფოსტის მისამართის შემთხვევაშიც ადვილად გადაამოწმებთ, რეალურად რომელ გვერდზე შეგყავთ თქვენი სენსიტიური ინფორმაცია.

პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც სოციალურ ქსელებში აზიარებთ. ხანდახან, ეჭვი შეიტანოთ ამა თუ იმ მოთხოვნის მიზნობრიობაში, სრულიად ადეკვატურია. ასე მაგალითად, ადეკვატურია დაეჭვდეთ, როდესაც შეტყობინებაში სასწრაფო ქმედებას გთხოვენ, თუ წერილის შინაარსი დაუჯერებლად საინტერესოა, ისეთი, როგორსაც ვერც ინატრებდით. ყოველთვის დაფიქრდით, რამდენად ნორმალურია იმ ინფორმაციის მოთხოვნა, რომელსაც წერილის ავტორი თქვენგან ითხოვს.

დაბოლოს, როცა ინტერნეტში საეჭვო ქმედებას გთხოვენ, დაფიქრდით: „ამჯობინებდით, რომ თევზი ყოფილიყავით?“ – თევზი ანკესზე.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close