საზოგადოებასაქართველო

არსებობს ქვეყანა, სადაც ბევრი მზეა – პოსტი, რომელიც ყველას გაგათბობთ

მზის ამოსვლა არა მარტო ასტრონომიული, არამედ პო­ე­ტუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბაც რომ არის, ეს ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ რომ „არსებობს ქვეყანა სადაც ბევრი მზეა“ – ეს ირკვევა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის პოსტიდან, რომელიც მზის მრავალხმიან საგალობელს ჰგავს. თურმე საქართველოში ყველა კუთხეს საკუთარი მზის ამოსვლა ჰქონია…

„ყველა კუთხეს საკუთარი მზის ამოსვლა აქვს.

რაჭაში ფრთხილად, ყველა გამღვიძებლის გათვალისწინებით ამოდის, თითქოს გრძელი წინადადებაა და ყველაზე ზარმაცისთვის დააყოლებს ფეხათრეულ სხივს, სახელად – „ქვეშენიჭირიმე“.

გურიაში ფაცხა-ფუცხით ამოირბენს, საკუთარ თავს ეკითხება: „რაფერ ხარ? როის ამოი? როის ჩახვალ? და ჩადის“.

ქართლი სხვადასხვანაირია და ერთი მზე ვერ ეყოფა. ცოტა დასავლეთით მზე ისე ამოგორგალდება, თითქოს თონიდან ცხელი და მრგვალი პური ამოიღესო. ცოტა აღმოსავლეთითაც იგივეა, ოღონდ პურს ოდნავ გვერდები აქვს შებრაწული.

იმერეთიც სხვასხვაობს და იმერეთშიც რამდენიმე მზე ამოდის. ლიხს ახლო იმერული მზე ცელქია, ასკინკილათი მოხტუნაობს და სხივებს კენჭებივით ესვრის ფანჯრებს. შუა იმერული მზე ცოტა მორღვეული ჩოხით ამოიწვერება, ხან თეთრია ეს ჩოხა-ღრუბელი, ხან ნაცრისფერი. მერე მუხლს შემოდებს რომელიმე მთაზე, შეისვენებს და აწეული წარბით შეგვათვალიერებს. იქითა იმერული ტყუპია შუასი, ოღონდ ეგ არის, რომ ჩოხა კარგად ამოკემსილი აქვს.

კახეთში მზე დარბაისლური დოინჯით გადგება თავზე და დაჟინებით გიყურებს. ისეთია მისი მზერა, თუ არ ადგები, კარგ ღონიერ პანჩურს რომ გიმზადებს. ვერ შეედავები. კახური მზე ყველაზე მართალია.

სამეგრელოში მზე მზე არ არის – ჯადოსნური ელარჯია. მარტვილის ბაზარში რომ კაცი სიმინდს ყიდის და იმის გვერდით ქალი ყველს, იმ ქალის ზურგის მხრიდან ამოდის და განმუხურამდე გადაიწელება.

სვანური მზე ისეთი პირდაპირი და სუფთაა, სულ რომ უცოდველი იყო, თვალებში ვერ ჩახედავ. შეგრცხვება რაღაც დიდის და მიუწვდომლის.

ამ მზის მსგავსია ფშავ-ხევსურეთის მზე, ოღონდ ეს მზე ნაპირ-ნაპირ დადის, თითქოს თვითონ გინდობს და გარიდებს თვალის თვალში გასწორებას.

სამცხე-ჯავახეთში რომ მზეა, ეგ მზე ისე გავიცანი, რომ ამოვიდა განა ცაზე, პირდაპირ აივანზე ამოვიდა და სხივები ძნასავით მიაწყო და ღიღინით მეზობელთან გადავიდა მალევე სხვა ძნით. ასე სახლ-სახლ ამოდის მესხური მზე.

დუშეთის მზე ლოცვას ჰგავს, მოხუცი ქალის ლოცვას, თითქოს ცოტა გაურკვეველს და ყველაზე წმინდას – როცა ამოდის, ცოტა წვიმასაც ამოაყოლებს. ცვარივით დევს მერე ეს წვიმა ლოცვაზე ამოსულ ფრთხილადმწვანე ბალახებზე.

აჭარული მზე განდაგან ამოიცეკვებს. ხულოიდანა, ქედაში ჩერდება, თუთუნს იყიდის და სანაპიროზე გააბოლებს. დაუძახებ და ყურსაც არ გათხოვებს, ზმორებით ჩაჰყვება ტალღებს და სადღაც სხვა ქვეყანაში ამოვა, სადაც ვინმე ჩემნაირ მოკირკიტეს მოუყვება, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ბევრი მზეა. მე კიდევ ცოტაზე მოგიყევით“, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close