პოლიტიკაიტალიასაქართველო

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში – დეტალები (ვიდეო)

დღეს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში. რომში, „კვირინალეს“ საპრეზიდენტო სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.

შესრულდა საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართეს შეხვედრები, მოგვიანებით კი მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

სერჯო მატარელას განცხადებით, საქართველოსა და იტალიას შორის არსებობს საუკეთესო ორმხრივი ურთიერთობის ისტორია ყველა თვალსაზრისით, ურთიერთობა ისტორიულ მეგობრობაზეა დამყარებული, ყოველთვის ვითარდება და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იტალიაში ვიზიტიც სწორედ ამას ასახავს.

„ჩემთვის, იტალიის რესპუბლიკისთვის დიდი პატივია, რომ გვესტუმრა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. პირადად ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ სასახლეში მივიღო იგი. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი მასთან და დელეგაციის წევრებთან, იმისთვისაც, რომ საქართველოსა და იტალიას შორის არსებობს საუკეთესო ორმხრივი ურთიერთობის ისტორია ყველა თვალსაზრისით, ურთიერთობა, რომელიც ისტორიულ მეგობრობაზეა დამყარებული და რომელიც ყოველთვის ვითარდება. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი სწორედ ასეთი ფაქტი გახლავთ. მახსოვს ჩემი ისტორიული ვიზიტი საქართველოში. ეს ვითარება გვაძლევს საშუალებას, დიდი ზეიმით აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი. პირველად ჩვენ საქართველო ვაღიარეთ 1921 წელს და მეორედ – 1992 წელს, ეს 30 წელი აღნიშნავს ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან გაღრმავებულ ურთიერთობას“, – განაცხადა სერჯო მატარელამ.

იტალიის პრეზიდენტის თქმით, თბილისსა და რომს საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია აქვთ, „იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რომელსაც ორივე ვემყარებით – ანუ ომის დაგმობა, მშვიდობიანი თანაარსებობა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარება“, – განაცხადა სერჯო მატარელამ.

იტალიის პრეზიდენტის თქმით, იტალია ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს დეფაქტო ოკუპაციას რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთის ფედერაციის უკრაინაში აგრესიას ძალიან დიდი გამოძახილი აქვს რეგიონში და ამან კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოსა და ევროპას შორის პარტნიორობა, საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა სერჯო მატარელამ.

აქვე, მან განმარტა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია და აბსოლუტურად გასაგებია, რომ ევროპის სრულუფლებიანი წევრობა სურს.

„საქართველოს მრავალათასწლიანი, საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, იგი ევროპული ცივილიზაციის წევრია და ამდენად აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა, ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მიმართებას“, – განაცხადა სერჯო მატარელამ.

სერჯო მატარელამ შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოსა და იტალიას შორის მრავალმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა:

„შავი ზღვის უსაფრთხოება კავკასიაში – ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება საქართველოს, მაგრამ ეს გვეხება ყველას, რადგანაც ევროპის თანამეგობრობის უმთავრესი პრობლემაც გახლავთ. საქართველოს სუვერენიტეტი და, ამავე დროს, მისი ტერიტორიული მთლიანობა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. იტალიას და საქართველოს აერთიანებთ მრავალმხრივ ურთიერთობა – ეკონომიკური, კულტურული, რომელიც უფრო გაღრმავდება სხვადასხვა სექტორში, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის თვალსაზრისით.

ქალბატონ პრეზიდენტთან საუბარში ხაზი გავუსვით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, განსაკუთრებით, ურთიერთობის გაღრმავებას უნივერსიტეტებს შორის, ჩვენს სტუდენტთა გაცვლას, პროფესორთა გაცვლას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია არქეოლოგიური მისიები საქართველოში, რომელიც გახლავთ იტალიასა და საქართველოს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაცნობის საფუძველი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ის მეგობრობა, რომელსაც ხაზი გავუსვით ქალბატონი პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ვიზიტის დროს. ესაა ურთიერთობა, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება“, – განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი.

„ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და ჩვენს გვერდით დგას ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე,

…ახალ პროცესში იტალიისა და ევროპის მხარდაჭერა იქნება საქართველოს მოსახლეობის 88 პროცენტისთვის, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ემხრობა. სამართლიანი გადაწყვეტილება და ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების აღიარება, რომ იქ არის მისი ადგილი, იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მომავლისთვის საქართველოსაც აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები. ინტეგრაციის პროცესი თუ აჩქარებულია, ასევე აჩქარებული უნდა იყოს ჩვენი რეფორმების პროცესი და მას არანაირი შეფერხება არ უნდა ახლდეს. ეს არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და გზა ევროპისკენ“.

სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთის აგრესია უკვე წარუმატებელია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპა მას დახვდა ფხიზელი და ერთიანი, როგორც არასდროს:

„ჩვენ ვისაუბრეთ … იმ სასტიკი რუსული აგრესიის შესახებ, რომელიც დაიწყო უკრაინის მიმართ და რომელიც ეხება არა მხოლოდ უკრაინას, როგორც დიდი ტრაგედია, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას. ჩვენთვისაც ძალიან ახლოა, რადგან არაერთხელ გავიარეთ იგივე აგრესია 1921 წელს, 1991 წელს, 2008 წელს. ამავე დროს, ეს ეხება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ ეს არის ჩვენი, ყველას საერთო გამოწვევა. სოლიდარობაც ასევე უნდა იყოს განუყოფელი – როგორც არის გამოწვევა და როგორიც არის პასუხი.

რუსულ აგრესიაზე ევროპის მთავარი პასუხია, პირველ რიგში, უკრაინის გამყარება, რადგან მან გახსნა ეს გზა. ასევე მოლდოვის და საქართველოს გზის გახსნა ევროპისკენ. ეს არის მშვიდობიანი, ნამდვილი პასუხი რუსეთის აგრესიაზე. რუსეთის აგრესია შეიძლება, სხვადასხვა ფორმით გაგრძელდეს, მაგრამ უკვე არის წარუმატებელი იმით, რომ ევროპა დახვდა ფხიზელი, დახვდა ისე გაერთიანებული, როგორიც არასოდეს ყოფილა. ევროპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის მყარი და არ იქნება ადვილად შეცვლილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს და იტალიას აქვს არა 30-წლიანი, არამედ საუკუნოვანი ურთიერთობები, საქართველოსა და იტალიის კულტურა და ცივილიზაცია ძალიან ბევრი წლის წინ იცნობდნენ ერთმანეთს და თანამშრომლობდნენ. სალომე ზურაბიშვილმა ის ფაქტიც გაიხსენა, რომ ევროპის პირველი ფედერაციული კონსტიტუციის ავტორი ქართველი ემიგრანტი – სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი იყო.

„25 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში გაიმართა დღეს და, ამავე დროს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს. ეს თარიღები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს და იტალიას აქვს არა 30-წლიანი, არამედ საუკუნოვანი ურთიერთობები. ჩვენი ორი კულტურა და ცივილიზაცია ძალიან ბევრი საუკუნის წინ უკვე ერთმანეთს იცნობდნენ და თანამშრომლობდნენ.

ვიმყოფები რომში და ალბათ ეს შემთხვევითი არ არის, სადღაც 65 წლის წინ რომის ტრაქტატების ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა ერთიანი ევროპის იდეას. ეს ბევრმა ალბათ არ იცის, ან დავიწყებულია, რომ ევროპის პირველი ფედერაციული კონსტიტუცია დაიწერა ქართველი პროფესორის, ქართველი ემიგრანტის, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, მიხეილ მუსხელიშვილის მიერ, ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რადგან სადღაც ვართ ევროპის სათავეშიც კი. საუკუნეებია, საქართველო ევროპისკენ იყურება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს ბოლო პერიოდში. ეს 30 წელი საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ არათუ იყურება, არამედ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მყარად ევროინტეგრაციას, ამ პროცესს, რომელიც დღეს ჩანს ამ ჭრილში, აჩქარებული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ, ამ წარსულიდან გამომდინარე, ამ თარიღებიდან გამომდინარე, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აქ და ახლა, პრეზიდენტ მატარელასთან გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს, იმ მოლოდინს, რაც არსებობს საქართველოში. ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან შეხვედრის შესახებ. როგორც პრეზიდენტი წერს, იტალიის პრემიერისგან ორი გზავნილი მიიღო.

„იტალიის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს – ორ რამეს გეტყვით:

✔️ ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვერაფერი შეცვლის

✔️მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და აქაც კატეგორიულად გიჭერთ მხარს“.

ამ შეხვედრების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი რომში.

ფოტო: სალომე ზურაბიშვილის FB გვერდიდან

როგორც ცნობილია, ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები იტალიის პარლამენტის ზედა (სენატი) და ქვედა (დეპუტატთა) პალატების თავმჯდომარეებთან და რომის მერთან.

1tv.ge-ს მასალების მიხედვით

p. s. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიურმა მედიამაც აქტიურად გააშუქა. სააგენტო „ანსას“ სტატიის სათაურად გამოაქვს სახელმწიფოს მეთაურის – სერჯო მატარელას სიტყვები: „იტალია მხარს უჭერს საქართველოს შესვლას ევროკავშირში“. დაახლოებით ასეთივე სათაურით აქვეყნებს სტატიას სხვა პოპულარული სოლიდური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“: „მატარელა საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა: იტალია მხარს უჭერს საქართველოს შესვლას ევროკავშირში“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close