პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან ქვეყნის მთავრობა აღარ გადაუხდის უკრაინიდან ლტოლვილებს საკვებისა და საცხოვრებლის თანხას 40 ზლოტის ოდენობით. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს გაზეთ Rzeczpospolita-ზე დაყრდნობით.
გამოცემასთან საუბარში ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის წარმომადგენელი პაველ შეფერნაკერი განმარტავს, რომ იქნება გამონაკლისებიც და ლტოლვილთა ზოგ კატეგორიას შეღავათები კიდევ გაეზრდება – მაგ., შშმ პირებს, ორსულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.
მთავრობის წარმომადგენლის თქმით, პოლონეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა შეძლებს ადაპტაციას და სახელმწიფოს დახმარების გარეშე ცხოვრებას.
თავიდან პოლონეთის მთავრობამ სპეციალური საკანონმდებლი აქტით დაადგინა, რომ უკრაინიდან ლტოლვილები დახმარებას პირველი 60 დღის განმავლობაში მიიღებდნენ, ერთი თვის წინ კი ვადა კიდევ 60 დღით გახანგრძლივდა. ეს ვადა პირველი ივლისიდან აღარ გახანგრძლივდება.
„უზარმაზარ სოციალურ სახსრებს ვიხდით – კაცზე 300 ზლოტს და თითოეულ ბავშვზე დაახლოებით 500 ზლოტს და სხვა სოციალურ შეღავათებს. ვხედავთ, რომ უკრაინელთა დიდი ნაწილი თავად ეძებს სამუშაოს და მუშაობას იწყებს, თავად ართმევენ თავს. გვინდა, რომ სხვებსაც მივცეთ სტიმული, რათა გააქტიურდნენ. ოთხი თვე სრული დაცვა, ჩვენი აზრით, საკმარისი დროა“, − განაცხადა Rzeczpospolita-სთან საუბრისას მაღალი რანგის პოლიტიკოსმა პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“.
როგორც აღნიშნავენ, მთავრობის გადაწყვეტილება ნაკარახევია დევნილთა შენახვისთვის საჭირო ძალიან დიდი სახსრებით. კერძოდ, სილეზიის სავოევოდოში 115 ათას დევნილთან დაკავშირებული მიმდინარე ხარჯები თვეში 190 მლნ ზლოტს შეადგენს, საიდანაც თითოეული ადამიანისთვის გამოყოფილი ყოველდღიური 40 ზლოტი მთლიანობაში თვეში 160 მლნ ზლოტს უდრის.
უკრაინიდან შესული დევნილების რაოდენობით პოლონეთი პირველ ადგილზეა. გაეროს 29 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში 3,6 მილიონი უკრაინელი დევნილი შევიდა.
პაველ შეფერნაკერის თქმით, ევროკავშირს ჯერ არ გადაურიცხავს (28 მაისის მდგომარეობით) ქვეყნისთვის 144,6 მილიონი ევრო, რომელიც საჭიროა პოლონეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.
კომენტარები