მაიმუნის ყვავილის ვირუსის სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა – ამირან გამყრელიძე
„მოდერნამ“ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება დაიწყო
მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური პისიარ ტესტი გვექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მაიმუნის ყვავილის გავრცელების კუთხით საქართველო დაბალი რისკის ქვეყნად ითვლება, თუმცა ეპიდზედამხედველობის გაძლიერება მაინც მნიშვნელოვანია.
„მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ სულ მალე სპეციალური პისიარ ტესტი გვექნება. ჩვენ მაინც დაბალი რისკის ქვეყნად ვითვლებით, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა და ლაბორატორიული მზადყოფნა. საეჭვო სიმპტომებით თუ გამოჩნდა ადამიანი, აუცილებლად 21 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახენებთ, რომ მაიმუნის ყვავილი მე-20 საუკუნის 70-იან წლებში იქნა აღმოჩენილი და ენდემურ დაავადებად ითვლებოდა – ცენტრალურ აფრიკაში იყო გავრცელებული, თუმცა ენდემური ბარიერი რამდენჯერმე დაირღვა წინა წლებშიც და წელსაც და ის უკვე მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშიც. საქართველოში ამ დაავადების შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა.
მაიმუნის ყვავილი არ ხასიათდება ისეთი სწრაფი გავრცელებით, როგორც კორონავირუსი. ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანებს ყვავილის აცრა თითქმის სრულად, მაღალი პროცენტით იცავს მაიმუნის ვირუსის ინფექციისგანაც. 1980 წლამდე დაბადებული ადამიანები თითქმის სრულად არიან დაცულები ამ ვირუსისგან, რადგან იმ პერიოდში ყვავილზე მასობრივი ვაქცინაცია ტარდებოდა. 1980 წლიდან ეს დაავადება სრულად აღმოიფხვრა და, შესაბამისად, აცრებიც აღარ ტარდება. ყვავილის ვაქცინას გარკვეული კომპანიები უშვებენ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მარაგებში არის, თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ამ ვაქცინით მასობრივი იმუნიზაცია არ არის რეკომენდებული.
კომპანია Moderna-მ, რომელმაც COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინა შექმნა, მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაც დაიწყო. ამის შესახებ კომპანიამ თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა.
რა ეტაპზეა მისი შემუშავების პროცესი, „მოდერნაში“ ჯერჯერობით არ ამბობენ, თუმცა შესაძლოა ის პირველი მიზნობრივი ვაქცინა გახდეს მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ.
In March of 2022, we announced our commitment to advancing programs by 2025 against #pathogens that pose a threat to public health.
— Moderna (@moderna_tx) May 23, 2022
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები